ეკონომიკა

“საქართველოს ფოსტა” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კომპეტენციას უწუნებს

3 აპრილი, 2015 •
“საქართველოს ფოსტა” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კომპეტენციას უწუნებს

ლევან ჩიკვილაძე აცხადებს, რომ კვლევა არ ასახავს რეალობას და სავარაუდოდ მიმართულია კომპანია “საქართველოს ფოსტის” ბიზნესრეპუტაციის შელახვისაკენ. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვეელომ” კვლევა “კონკურენციის პოლიტიკა: საფოსტო მომსახურების ბაზარი საქართველოში” ორგანიზაციის ვებგვერდზე 2015 წლის 27 თებერვალს გამოაქვეყნა. “საქართველოს ფოსტა” კი ამ ფაქტს 3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.


“საფოსტო  საქმიანობას საქართელოში კანონმდებლობა არ არეგულირებს. მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრიდან მხოლოდ საქართველოა, სადაც მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს. როგორც კი 2013 წელს, სფეროს მოწესრიგების მიზნით, შემუშავდა კანონპროექტი ქცევის მომწესრიგების მიზნით, დაუყოვნებლივ დაიწყო “საქართველოს ფოსტაზე” თავდასხმები. კამპანია იმდენად მასშტაბური იყო, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში საფოსტო სფერო კანონის გარეშე დარჩა. ამ დიდი კამპანიის განმსაზღვრელი იყო მასში ისეთი ორგანიზაციის მონაწილეობა, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა”” – განაცხადა ლევან ჩიკვილაძემ.


მისი თქმით, მცდარი მონაცემებით და ანალიზით მომზადებული დასკვნა გამოქვეყნდა და გადაეგზავნა დონორ ორგანიზაციას, ასევე, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს: “ვფიქრობ, ეს სცილდება კონკრეტული კომპანიის, “საქართველოს ფოსტის” დისკრედიტაციას და გავლენას ახდენს ქვეყნის რეიტინგზე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მსგავსი უსამართლო თავდასხმები ზიანს აყენებს საქართველოს ფოსტის, როგორც მსოფლიოს შემადგენელი ქსელის გამტარუნარიანობას, რაც ეკონომიკურად აზარალებს ქვეყანას.”


ლევან ჩიკვილაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვეელოს არაკომპეტენტური კადრი ცდილობდა პროცესები განსახილველად გადაეტანა პოლიტიკურ ველზე, რაც კვლევაშიც კარგად ჩანს.

 

“საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის მტკიცებით, დღეს გადაზიდვების ბაზარი ღიაა და ყველას შეუძლია ამ მიმართულებით დაიწყოს ბიზნესი: “საქართველოს ფოსტა არც გადაზიდვების და არც ამანეთების ბაზარზე ერთად-ერთი მოთამაშე არ არის. ამიტომ მისი დადანაშაულება ამაში აბსურდია.” 

 

კვლევაში, რომელიც  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვეელოს” ვებგვერდზე 2015 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნდა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ “საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე” შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფიას და “საქართველოს ფოსტა” სხვა გადამზიდავებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაშია. 


“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, 
“საფოსტო გადამზიდავების ბაზრის კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ ბაზარზე შესაძლოა ადგილი ჰქონდა „პოლიტიკური კორუფციის“ ერთ–ერთ სახეს, ე.წ. სახელმწიფო თანამდებობის პირებზე გავლენის მოხდენას (State Capture), რაც ბაზარზე სახელმწიფო კომპანიის, „საქართველოს ფოსტის“ მიერ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებზე ზეგავლენის მოხდენითა და ამ კომპანიისთვის ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაწესების გზით ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნით გამოიხატა.”


ორგანიზაციის კვლევაში შეფასებულია საქართველოს გადაზიდვების ბაზარზე მიმდინარე პროცესები და კანონპროექტი “საქართველოს ფოსტის” შესახებ.


ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ “კორუფციის ასეთმა შემთხვევებმა სერიოზულად შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება არა საჯარო ინტერესის საფუძველზე, არამედ – მხოლოდ კონკრეტული ინტერესის გამტარებელი მცირე ჯგუფის სასარგებლოდ. კორუფციის ამ სახეობის აღკვეთისა და პრევენციის ერთ–ერთი აუცილებელი პირობა ქვეყანაში ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის და, შესაბამისად, ქმედითი კონკურენციის სააგენტოს არსებობაა, რომელიც სათანადო რესურსებითა და უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი, უზრუნველყოფს ბაზრის ღიაობასა და გამჭვირვალობას, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვას და კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას, რათა ბაზარზე ხელისუფლების ორგანოს ჩარევის შედეგად არ მოხდეს კანონისმიერი მონოპოლიის დაწესება (ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაწესების გზით)  და კონკურენციის არამართლზომიერად შეზღუდვა.”

 

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე”საერთასორისო გამჭვირვალობა – საქართველო”გამოეხმაურა:  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია მონიტორინგს უწევს საქართველოს საფოსტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს. მონიტორინგისას იკვეთებოდა საქართველოს მთავრობის მცდელობა შეეზღუდა კონკურენცია და უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა „საქართველოს ფოსტა“ კერძო კომპანიების ხარჯზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #40 დადგენილება და „ფოსტის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელზეც მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. აღნიშნულ პრობლემატურ ტენდეციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი განცხადება გავავრცელეთ. გარდა ამისა, 2013 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მიმართა სასამართლოს ფინანსთა მინისტრის ზემოთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების მიზნით. ორგანიზაციამ საქმე ყველა ინსტაციაში მოიგო და ბრძანების გაუქმებასაც მიაღწია. ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომლითაც ანალოგიური შინაარსის მთავრობის დადგენილების გაუქმებას ვითხოვდით, და ამ დავაშიც, ასევე, უცილობლად გავიმარჯვებდით, თავად მთავრობას რომ არ გაეუქმებინა თავისივე დადგენილება.

 

უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის თავდაპირველი ვერსია ასევე უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს ფოსტას. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულნი კანონის დახვეწის პროცესში, რის შედეგადაც პირველადმა ვერსიამ ცვლილებები განიცადა. დღეის მდგომარეობით კანონზე მუშაობა შეჩერებულია, მათ შორის, საქართველოს ფოსტის საპრივატიზაციაო ნუსხაში შეტანის გამო.

 

მთავრობის მიერ კონკურენციის შეზღუდვის სწორედ ეს მცდელობებია შესწავლილი კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა 2015 წლის თებერვალში. ამ მოცემულობაში გაუგებარია „საქართველოს ფოსტის” პრეტენზიები კვლევის დასკვნებთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კვლევის დასკვნებისა და ყველა ჩვენი განცხადების სისწორეს, მით უმეტე,ს რომ მთავრობის მცდელობების არამართებულობა სასამართლო გადაწყვეტილებებითაც დასტურდება.

 



 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი