პირველი ინტერნეტ-აუქციონი 6 აპრილს გაიმართება, რომელზეც საწყის ეტაპზე 57 ლოტი გავა. აღნიშნული განკარგულება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე უკვე მიღებულია.
აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია, სარგებლობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. თბილისის მერია მომხმარებელს 12 ესკიზს შესთავზებს.
“აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია თავად აირჩიოს მისთვის სასურველი დიზაინი და ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ მიიღოს ნებართვა. ამით გამარჯვებულს ჯიხურის დიზაინის შეთანხმებაზე აღარ მოუწევს დროისა და თანხის ხარჯვა.
ჯიხურების იჯარით სარგებლობის ვადა 5 წელია. წლიური საწყისი საიჯარო ქირა თითოეულ ლოტზე აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით განისაზღვრება. ჯიხურისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი 6 კვ. მეტრია” – აცხადებენ თბილისის მერიაში.
ელექტრონული აუქციონის გამოცხადების, ჩატარების, ორგანიზების და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ დაევალა.
ჯიხურების განსათავსებლად თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით წინასწარ შეარჩია შესაბამისი ადგილები. აუქციონში მონაწილეობის მსურველები მათთვის სასურველი ლოტის შესარჩევად უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.iauction.ge
თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით “1000 ჯიხურის“ პროექტის განხორციელება 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო. გამოცხადებული აუქციონის ფარგლებში პირველი ვაჭრობა 7 ნოემბერს შედგა, სადაც ვაჭრობის ფასი 1000-დან 36 ათას ლარამდე დაფიქსირდა.








