1 აპრილს შემოსავლების სამსახურში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ავტომობილების იმპორტიორებს შეხვდა.
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები.
“შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზე რამდენიმე თვეა მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ამ ბიზნესში დასაქმებულ პირებთანაც. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ძირითადი ცვლილებების პროექტი”- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძემ.
პროექტის თანახმად, საქართველოში 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი გათავისუფლდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისგან, თუ იგი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას (გააიმპორტებს ან გაიყვანს რეექსპორტზე).
ვახტანგ ლაშქარაძის შეფასებით, ამ რეგულაციით სულ მცირე 1000 ლარით გაუიაფდება მანქანა და, შესაბამისად, საგრძნობლად გაიზრდება მისი გაყიდვის ალბათობაც.
ახალი რეგულაციებით საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა გაიზრდება 60 დღემდე. ასევე გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე. შემდეგი ცვლილების თანახმად, თუ იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაშიც ვერ მოახერხა გაყიდვა, მარტივდება საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილის განთავსების პირობები. ამასთან, ეს რეჟიმი, საბაჟო საწყობის გარდა, გავრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვ.).
“კავკასიის ავტოიმპორტის” დამფუძნებელი გიორგი სუსრგულაძე ამბობს, რომ რეგულაციების შეცვლით “სახელმწიფოს მხრიდან ეფქტური ცვლილებები ხორციელდება, რომელიც შეცვლის ამ ბიზნესის ახლანდელ მდგომარეობას. მანქანა, რომელსაც ამოეწურებოდა 45 დამეტებული 45 რეჟიმი, ის ვალდებული იყო, რომ განთავსებულიყო საბაჟო ტერმინალზე, რომელიც ბაზრობაზე მდებარეობს. თუმცა იქიდან ავტომობილის რეალიზაცია უფრო შეფერხებულად ხორციელდებოდა. ახალი ცვლილებებით, მანქანა განთვსდება როგორც საბაჟო ტერმინალზე, ისე ბაზრობაზე, რაც ამარტივებს ამ მანქანის რეალიზაციას მომავალში. “
“იგულისხმება მანქანები, რომლებმაც ვერ მოასწრეს საბაჟო ტერმინალში შესვლა ძველი კანონით. მათ დაერიცხათ 1000-ლარიანი საბაჟო ჯარიმა და 500-ლარიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ჯარიმა ტრანზიტული ნომრების. ამ ორი ჯარიმის მოხსნაზეა საუბარი. ამ თანხით გაიაფდება მანქანა და მისი რეალიზაცია გაადვილდება” -ამბობს არჩილ ხუციშვილი, “ვორლდ ტრანსპორტ ნეტის” წარმომადგენელი.
ავტოიმპორტიორებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან აზერბაიჯანში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის თემაც განიხილეს:
“აზერბაიჯანმა მიიღო ევრო 4 -ის კანონი. განაახლა ავტომობილების პარკი, რომელიც უნდა იმპორტირდეს აზერბაიჯანში. საქართველოს ავტობიზნესში ჩართული ადამინები ამას მოერგებიან. შესაბამისად, იმ კატეგორიების მანქანების შეყვანა მოხდება” -ამბობენ ავტოიმპორტიორები.
კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივისათვის ხელმძღავნელის, ვასილ ურუშაძის შეფასებით, ავტომობილების რეექსპორტის კუთხით საქართველოსთვის მთავარი ბაზარი ყაზახეთი იყო, შემდეგ მოდიოდა აზერბაიჯანი და სომხეთი:
“რაც ყაზახეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა და ახალი საბაჟო დაბეგვრის სისტემა დაინერგა, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების განბაჟების ფასი თითქმის შვიდჯერ გაიზარდა. მაგალითად, თუ მანამდე ძრავის ერთი კუბური სანტიმენტრი 50-70 ცენტამდე ღირდა, ახლა ფასი 4 დოლარს აღემატება, რის შემდეგაც საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტი სრულად შეწყდა. სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კლება ზოგადად ავტომობილების რეექსპორტის რაოდენობამ საქართველოში”.
2014 წლის 1 აპრილიდან აზერბაიჯანმა ქვეყანაში 2005 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2011 წელს საქართველოდან ავტომობილების ექსპორტმა 450 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, 2012 წელს- 587 მლნ აშშ დოლარი, 2013 წელს- 704 მლნ აშშ დოლარი. 2014 წელს ამ მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო და 518 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ავტომობილების იმპორტის მაჩვენებელი 41 მლნ აშშ დოლარი იყო.