ეკონომიკა

მომხმარებელი “მოლოდინის რეჟიმში”

27 მარტი, 2015 •
მომხმარებელი “მოლოდინის რეჟიმში”

უძრავი ქონების კომპანია “ერდო” ჯგუფში აცხდებენ, რომ თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდება, ეს კომპანიების გაყიდვებზე ურყოფითად იმოქმედებს:   

 

“სამშენებლო სექტორმა 2009 წლის ვარდნის შემდეგ აღმავლობა დაიწყო. მშენებარე ბინებზე 2013 წლიდან მოთხოვნა ისევ გაჩნდა. ტენდენცია მზარდი იყო 2014 წელსაც.  ლარის გაუფასურების შემდეგ კი, 2015 წლის სამ თვეში მშენებარე ბინების გაყიდვები შემცირდა. უძრავი ქონების ყიდვის მსურველი მოლოდინის რეჟმშია.”

 

აშშ დოლართან მიმართებაში ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო.

 

საქსტატის მონაცემებით 2012 წელს სამშენებლო სექტორში 41 839 2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2013 წელს  49 897 5 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 294 966 1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

კომპანია „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჯიჯავაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ 2014 წლის მზარდი ტენდენციის შემდეგ 2015 წელს კომპანიის გაყიდვები 10%-ით შემცირდა:

 

„კომპანიის გაყიდვებზე ლარის დევალვაცია ნამდვილად აისახა. მომხმარებელი გადაწყვეტილების მიღებისას ფრთხილი გახდა და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. გვაქვს ბევრი რეზერვები გაყიდვებზე. მომხმარებელი  ელოდება ლარის კურსის დასტაბილებას”.

 

“მარდი ჰოლდინგის” ხელმძღვანელის პროგნოზით, თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდა, ეს ტენდენცია სამშენებლო კომპანიებს შემოსავლებს შეუმცირებს:

 

“გაყიდვების სტატისტიკის  კლება სამშენებლო კომპანიების შემოსავლებზეც აისახება, რასაც ბაზარზე ნეგატიური გავლენა ექნება.“

კომპანია „სალვის დეველოპმენტმა“ გაყიდვების გაზრდის მიზნით ბინები გასაყიდად ლარში გამოიტანა. კომპანიის წარმომადგენელი დავით ჩიჩუა ამბობს, რომ თანხის ათვლა აშშ დოლართან ლარის კურსით დავიწყეთ, როცა ლარი 1.77 ნიშნულზე იყო:

 

“ამ აქციამ შედეგი ვერ მოიტანა. მხოლოდ ერთი ბინა გავყიდეთ.”

კომპანია „ჩემი სახლის“  დამფუძნებელი ხვიჩა შარაშიძე ამბობს, რომ  ლარის დევალვაციამ კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 50%-ით შეამცირა:

 

„ იპოთეკურ სესხებს ბანკებიც აღარ გასცემენ. ვცდილობთ გაყიდვები ინდივიდულური მოლაპარაკებებით და შიდა განვადების სისტემის დანერგვით შევინარჩუნოთ.“

 

ლარის დევალვაციამ 10%-ით შეუმცირა გაყიდვები კომპანია „გუმბათი გრუპს“. კომპანიის დამფუძნებელი თამაზ ბალაძე ამბობს, რომ გაყიდვები ძირითადად ბათუმში შემცირდა:

 

“ გაყიდვები შემცირდა ბათუმში. ლარის დევალვაციის გამო მომხმარებელი მოლოდინის რეჟმშია. თანაც იპოთეკურ სესხებს საკმაოდ ფრთხილად გასცემენ ბანკებიც.”  

რამდენი და რა მოცულობის იპოთეკური სესხი გასცეს ლარის დევალვაციის შემდეგ 2015 წელს ბანკებმა, ამ  კითხვაზე “ბათუმელებმა ” კომერციული ბანკებისგან  პასუხი ვერ მიიღო.

 

“თიბისი ბანკში” აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ბანკი ლარის გაუფასურების მიუხედავად  იპოთეკური სესხების გაცემას აგრძელებს.

 

“საქართველოს ბანკში” აცხადებენ, რომ თუ რამდენი და რა მოცულობის იპოთეკური სესხი გასცა ბანკმა 2015 წელს, პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ასევე განმარტავენ, რომ  2014 წელის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკმა  315,2 მლნ ლარის მოცულობის იპოთეკური სესხი გასცა და პორტფელმა 600,9 მლნ ლარი შეადგინა. 2013 წელთან შედარებით ამ მიმართულებით გაცემული სესხების რაოდენობა 36,1%-ით გაიზარდა.

 

დეველოპერები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურებამ მშენებერე ბინები არ გააძვირა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი