ეკონომიკა

კომპანია MR. Shavit-ის ფინანსური შემოწმების საკითხი ბიზნესომბუდსმენთან განიხილეს

24 მარტი, 2015 • • 1528
კომპანია MR. Shavit-ის ფინანსური შემოწმების საკითხი ბიზნესომბუდსმენთან განიხილეს

„შევთანხმდით, რომ ჩვენი მხრივ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს საგადასახდო შემოწმება, რატომ გაჭიანურდა დროში და ვეცდებით ყველანაირად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენი რეკომენდაციებით დავუმტკიცოთ შემოსავლების სამსახურს, რომ  საკითხი სწრაფად არის გადასაწყვეტი,“–განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


კომპანია MR. Shavit-მა, რომელიც საიუველირო ნივთების და სუვენირების დიზაინის ფრანჩაიზინგით და რეალიზაციით არის დაკავებული, გასულ კვირას განაცხადა, რომ 2014 წლის 5 ნოემბრიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უსაფუძვლოდ ამოწმებს.


“ვერ გავარკვიეთ, ოფიციალურად რა იყო შემოწმების დაწყების მიზეზი. მოტივი არ გაგვაცნეს. საჩივარი ჩვენი კონკურენტის დაწერილია. რამოდენიმე კონკურენტია, მათ შორის ერთი ყოფილი ჩინოვნიკია. შემოვიდნენ გადასახადების დამალვის მუხლით, მაგრამ აქ ვერაფერი ვერ იპოვეს. ჩვენს გარდა მოწმდება 15 საიუველირო სალონი, რომლებიც MR. Shavit-თან ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებით მუშაობენ. ამ საიუველირო კომპანიების ნაწილი შპს-ა და ნაწილი ინდმეწარმე, MR. Shavit-ის დამფუძნებლისგან, მეირ შავითისგან, ნივთის დიზაინს ყიდულობენ. შემდეგ მათ მიერ დამზადებული პროდუქცია კომპანიის საფირმო მაღაზიებში იყიდება ადგილობრივ ბაზარზე” – განუცხადა “ნეტგაზეთს” კომპანიის დაქირავებულმა ფინანსისტმა გიორგი თოლორდავამ. 

 

მოგვიანებით საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ ისრაელელი ინვესტორის – მეირ შავიტის გახმაურებულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

 

იციკ მოშეს განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა: 

 

„მინდა გამოვეხმაურო საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივას, საქართველოს მთავრობაში გამოიყოს  საკონტაქტო პირი ისრაელის ინვესტორებსა და საჭირო უწყებებს შორის კომუნიკაციისთვის. მინდა ასევე განვაცხადო, რომ ებრაელი ინვესტორების საკითხის შესწავლა უკვე დავავალე ბიზნესომბუდსმენს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ისრაელის მოქალაქე მეირ შავითის კუთვნილ კომპანიებში- MR. Shavit-სა და Georgia-Israel-ში, ასევე მათ პარტნიორ კომპანიებში ფინანსურ შემოწმებას მოქალაქის განცხადების საფუძველზე ახორციელებს.

 

უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქის განცხადების თანახმად, აღნიშნულ კომპანიებში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი