ეკონომიკა

ვინ იყიდა “ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა ბათუმში

11 მარტი, 2015 • 5582
ვინ იყიდა “ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა ბათუმში

 

 

ბათუმი თაუერი
ბათუმი თაუერი

„ეს მთლიანად რედკოს ინვესტიციაა. შპს ბათუმი თაუერი რედკომ დააფუძნა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ინვესტიცია განგვეხორციელებინა და შეგვეძინა ეს შენობა-ნაგებობა.  ჩვენი ძალისხმევით განხორციელდა ამ ახალი ინვესტიციის მოზიდვა ბათუმში. სახელწიფოს აქვს კონკრეტულად გაწერილი ის პირობები, რითაც ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ამ შენობის სასტუმროდ გადაქცევა – ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ის პირობა, რაც აუქციონზე იყო გამოტანილი და პლუს, ამ მიზნით უნდა იყოს დახარჯული 15 მილიონის ინვესტიცია, 36 თვის განმავლობაში“  – განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.  შპს „ბათუმი თაუერის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში 2011 წელს. მალხაზ კუნელაურის განცხადებით, ეს მათი უცხოელი ინვესტორების მოთხოვნით მოთხოვნით მოხდა. 

 

დეველოპერული კომპანია „რედკო“ [RED-Co – Real Estate Development Company] 2012 წლის მაისშია დაფუძნებული. კომპანიის 80-პროცენტიანი წილის მფლობელი უკრაინელი ნატალია კოზიუკია, „რედკოს“ 20 პროცენტს კი კომპანიის გენერალური დირექტორი, მირიან ქათამაძე ფლობს. მირიან ქათამაძე არის ასევე კომპანია „DESIGN HOUSE“-ის ასპროცენტიანი წილის მფლობელი. 

 

მალხაზ კუნელაურის  თქმით „რედკოს“ უცოელი პარტნიორები ჰყავს, თუმცა იგი პარტნიორ კომპანიებს არ ასახელებს: „ჩვენმა ინვესტორებმა, რომლის ძალითაც ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩათვალეს, რომ შეიძლება საქართველოში კიდევ მეტი ინვესტიცია განახორციელონ და ჩვენ ამ მიმართულებაზე წამოვიყვანეთ ისინი, რომ ამაში ფული ჩაედოთ. ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს რუსული  ინვესტიცია არ არის. რაც შეეხება სახელების დასახელებას, მე თავს შევიკავებდი. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ ამ სასტუმროსთვის [ბათუმი თაუერი] მოლაპარაკებას, საერთაშორისო ბრენდი გვინდა შემოვიყვანოთ, რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, მათ შორის არის „სტარვუდის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სასტუმრო-ოპერატორები, მაგრამ მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ეტაპზე ვერ დავასახელებთ რომელი ბრენდი იქნება ოპერატორი. ეს უახლოეს მომავალში, ხელშეკრულების ხელის მოწერისთანავე საჯარო გახდება.“

 

კომპანია „რედკოს“ ბიზნეს პორტოფოლიოშია სასტუმრო „მონტე კარლო“ და რესტორანი „ძველი ბულვარი“ ბათუმში,  სამი აპარტ-ოტელი გუდაურში,  ბაკურიანში და მშენებარე საცხოვრებელი სახლი თბილისში.

 

კომპანიის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ RED-Co-ს ძირითადი საქმიანობაა სასტუმროს ტიპის ნაგებობათა (აპარტოტელების) მშენებლობა, ხარისხის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება და RED-Co არა მარტო სამშენებლო კომპანიაა, არამედ, თავისივე აგებული სასტუმროების ოპერატორიც. კომპანიის ვებგვერდზევე ვითითებულია, რომ „რედკოს“ აგებულ აპარტოტელში რუსმა მომღერალმა, ანდრეი მაკარევიჩმა შეიძინა წელს ბინა, ხოლო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „X ფაქტორის“ გამარჯვებულს გადასცეს ბინა გუდაურში. 

 

რაც შეეხება „ბათუმი თაუერს“, მისი მშენებლობა ბათუმის ბულვარში 2011 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4504 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” საჩუქრად გადასცა.

 

 ბულვარში მასშტაბური პროექტის განხორციელების მიზნით ხეების უკანონო გაჩეხვას და ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიის ხელყოფას, პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბათუმელები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტმა” მშენებლობა მაინც გააგრძელა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აშენებდნენ „ბიზნეს თაუერს“, რაც ხელს შეუწყობდა უცხოელი კომპანიების ბათუმით დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვას, თუმცა 2012 წელს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა შენობა და განაცხადა, რომ აქ ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იფუნქციონირებდა.

 

თანხა შენობის ასაგებად, 40 მილიონი ლარი,  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაიხარჯა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი