ეკონომიკა

ბარიერები უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში

12 მარტი, 2015 •
ბარიერები უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში

“ინვესტორმა სანკტ-პეტერბურგიდან, რომელსაც კონსულტაციას ჩვენი კომპანია უწევდა, საქართველოში ჩაის და ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გადმოტანა ვერ შეძლო. მიღწეული მოლაპარაკება ჩაიშალა, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწაზე მორატორიუმი ამოქმედდა”, – აცხადებს კერძო იურიდიული ფირმის პარნტიორი, იურისტი დავით კლდიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

საქართველოს მთავრობამ 2013 წელს დააწესა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამურნეო მიწის ფლობაზე შეზღუდვები. ამ გადაწყვეტილებით, მათ მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ. შეზღუდვების გამო პრობლემები არაერთ უცხოელ ინვესტორს შეექმნა.

 

“უცხოელი ინვესტორი, რომელსაც წარმოვადგენ, მეცხოველეობის სექტორში 80 მლნ აშშ დოლარის ჩადებას გეგმავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აფერხებენ ინფორმაციის მოწოდებას მიწის შესახებ, სადაც მეცხოველეობის ფერმის აშენება იგეგმება. ახლა ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ და პასუხს ველოდებით, შევძლებთ თუ არა მიწის იჯარით აღებას,” – ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი.

 

მსგავსი პრობლემები აქვს კომპანია “ამბრის”, რომლის თანადამფუძნებლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. კომპანიის დირექტორის მოადგილე ნინო სამხარაძე ამბობს, რომ გეგმავენ მეცხოველეობის ფერმის გაკეთებას და 7 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას, თუმცა მიწის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხერხდა:

 

“ეკონომიკის სამინისტროსგან ვითხოვთ კონკრეტული მიწის ფართობების გრძელვადიანი იჯარით გადმოცემას. არ გვინდა მიწა საკუთრებაში. რატომ გვეუბნებიან უარს და როდის გაიტანენ ამ მიწას აუქციონზე, პასუხი  ვერ მივიღეთ”.

 

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ  მიწის გაყიდვაზე აუქციონებს მხოლოდ “მიწის კოდექსზე” მუშაობის შემდეგ გამოაცხადებენ. 2014 წლის თებერვლიდან იუსტიციის სამინისტროში შექმნილია კომისია, რომელიც მიწის კოდექსზე მუშაობს. “მიწის კოდექსმა” ქვეყანაში მიწის აღრიცხვიანობის საკითხი უნდა მოაწესრიგოს. ეკონომკის სამინისტროს ინფორმაციით, “მიწის კოდექსზე” მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება.

 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ მიწის გასხვისების იურიდიული ბარიერი აღარ არსებობს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიწაზე მორატორიუმი 2014 წლის ივნისში  მოიხსნა.

 

“მიწის გაყიდვაზე შეზღუდვები არ არის,  რადგან მორატორიუმის ვადა ამოიწურა, არ მგონია, ეს პრობლემა იყოს”.

 

“სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი  მთავრობამ პარლამენტში 2015 წლის თებერვალში შეიტანა.

 

კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის ფლობის საკითხს არეგულირებს. კანონპროექტის თანახმად, უცხოელი მოიპოვებს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე,  თუ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

 

გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დასრულებულა.

 

2014 წლის 1 სექტებრიდან საქართველოში ახალი სავიზო რეგულაციები ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში აქვთ. უვიზო მიმოსვლის უფლება საქართველოში აქვთ ევროპის, ნატოს, დსთ-სა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. ქვეყნების ჩამონათვალი 118-დან 94-მდე შემცირდა.  ახალი კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შსს-ს მიგრაციის სამსახური გამოიტანს გადაწყვეტილებას მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ, პირს მიეცემა შესაძლებლობა ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყნის ტერიტორია 10-დან 30 დღის ვადაში.

 

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” თანადამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ ამ სავიზო რეგულაციებიდან გამომდინარე ინვესტორი დუბაიდან, რომელიც  ქართულ კომპანიაში 25 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას გეგმავდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს. კოდუას ინფორმაციით, ინვესტორს უთხრეს, რომ პასპორტი წესრიგში არ ჰქონდა.

 

“ამ კვირაში ვგეგმავ დუბაიში ჩასვლას. ვეცდები, ინვესტორი დავარწმუნო, რომ კომპანიაში ინვესტიცია განახორციელოს”.

 

“ამ რეგულაციებამდე უფრო მეტ პირს სურდა საქართველოში ინვესტირება.  იყო შემთხვევა, როცა ქვეყანაში ვერ შემოვიდა ინვესტორი. არის შემთხვევები, როცა ბინადრობის მოწმობას არ აძლევენ უცხოელებს. როცა  შსს აძლევს უარყოფით დასკვნას,  ამ შემთხვევაში, გასაჩივრების  შესაძლებლობას ვართ მოკლებული”, – ამბობს დავით კლდიაშვილი “ბათუმელებთან” საუბარში.  

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ახალი სავიზო რეგულაციები პრობლემას მხოლოდ უცხოელების ვიწრო სეგმენტს უქმნის. ამ განცხადების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ცვლილება  განახორციელა. 2015 წლის 10 თებერვალს კი უცხოელებისათვის საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციამ “ სავიზო რეგულაციების გაუქმების შესახებ“  კანონპრექტი მოამზადა.  ფრაქცის წევრი გიორგი კანდელაკი განმარტავს, რომ “მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ყოფნა უნდა გამარტივდეს. უნდა შევთანხმდეთ ქვეყნების ჩამონათვალზე. კანონპროექტი კომიტეტებზე პირველი მოსმენით გავიდა.”

 

საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში 941.9 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2014 წლის ოთხ კვარტალში, დაუზუსტებელი მონაცემებით, 1 272  მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია. ეს მონაცემი 35%-ით აღემატება 2013 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი