საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა საქართველოს მთავრობისთვის მიცემულ რეკომენდაციებზე, სავალუტო და ეკონომიკური კრიზისის მიზეზებზე და დაძლევის გზებზე ფონდის თბილისის წარომამდეგნლობაში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სსფ-ს რეკომენდაციები მთავრობას
“ეს იყო ქვეყნისთვის დიდი ეკონომიკური შოკი. თქვენს პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებში, რომლებიც არიან რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ძალიან დიდი იყო ეკონომიკური ვარდნა. მათი ფულადი ერთეულბიც ძალიან გაუფასურდა. რეცეპტების მოცემა რთული იქნება. საუკეთესო რეცეპტი იქნება დავანებოთ თავი ვინმეს დადანაშაულებას და გამოვძებნოთ გზები არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებული გამოწვევების გადაჭრა არ იქნება იოლი და მთავრობის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს. ჩვენი რეცეპტია გაიზარდოს ზოგიერთი გადასახადის განაკვეთი. შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები იმისათვის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნდეს დასაშვებ არეალში. მცოცავი გაცვლითი კურსის რეჟიმი შენარჩუნდეს და მოერგოს შოკებს. განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები, იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ქვეყანაში. რადგან ეკონომიკური აქტივობის შენელება შეინიშნება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სოცილური დაცვა ღარიბი მოსახლეობის. ეს არის ჩვენ მიერ მთავრობისთვის მიცემული რეცეპტი” – განაცხადა მარკ გრიფითსმა.
სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გადასახადების გაზრდისთვის შესაძლოა საქართველოში საუკეთესო დრო არ იყოს, მაგრამ მთავრობას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება: მთავრობამ ორი მიმართულებიდან ერთი უნდა აირჩიოს იმისთვის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არ გაიზარდოს. მაშინ გარკვეული გადასახადების განაკვეთები უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს ბიუჯეტში ხარჯები. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება მოუწევვს მთავრობას. ეს მათი პრეროგატივაა.”
სსფს მისიის ხელმძღვაელი ვერ აკონკრეტებს, რამდენი პროცენტით უნდა შეამციროს მთავრობამ საბიუჯეტო ხარჯები, თუმცა აცხდებს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა შევიდეს შესწორებები.
პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს:
“საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერი გარე შოკების რამდენიმე ფაქტორის კომბინაციამ იქონია გავლენა. მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რუსეთში რეცესიის გაღრმავება და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია. ამ შოკების გამო საქართველოს ექსპორტი 30 პროცენტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით, ხოლო უცხოეთში დასაქმებული ქართველების განხორციელებული ფულადი გზავნილები – 25 პროცენტით. ამის შედეგად ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. იანვარში გამოშვება მხოლოდ 0.5 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2 პროცენტს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტადაა შენელებული და მათი ვალუტების გაუფასურება აზიანებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას”, – განაცხადა მარკ გრიფითსმა.
სსფ-ს მისის ხელმძღვანელის შეფასებით, ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან შემოსავლები შემცირებულია და გაზრდილია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი:
“უცხოური ვალუტით შემოსავლების შემცირების გამო 2014 წლის იანვრიდან ლარი 20 პროცენტზე მეტით გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი დიდია, ბევრ სხვა ქვეყანაშიც მსგავსი სიტუაციაა დოლარის გამყარების გამო. მართლაც, რეგიონში ბევრი ვალუტა ლარზე მეტად გაუფასურდა. შექმნილი ვითარებიდან აშკარაა, რომ აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებული ლარი ხარჯებს უზრდის მათ, ვისაც კრედიტები აქვთ უცხოური ვალუტით. ეს კი ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, ინფლაცია გარკვეულწილად გაიზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის 5-პროცენტიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართულებით. თუმცა ინფლაციის ამგვარი ზრდა დაბალი ნიშნულიდან დაიწყება, რადგან თებერვალში ინფლაცია მხოლოდ 1.3 პროცენტი იყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ნავთობზე ფასებმა იკლო. იმპორტული პროდუქციის დაბალი საწყისი ღირებულება ასევე შეაკავებს ინფლაციის მაჩვენებელს”, – განაცხადა გრიფითსმა.
მთავრობამ პატივი უნდა სცეს ეროვნულ ბანკს
სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი ეროვნული ბანკის პოლიტიკას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ მთავრობამ ეროვნულ ბანკს პატივი უნდა სცეს:
“პატივი უნდა სცეს მთავრობამ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ. მცოცავ რეჟიმში უნდა იყოს სავალუტო კურსი. ეს დრო არ არის იმისთვის, რომ ცალცალკე ფრონტზე განახორციელონ მუშაობა რიგმა უწყებებმა. მოვიდა დრო, რომ გაერთიანდეს მთავრობა და ეროვნული ბანკი, რომ ერთიანი ძალისხმევით გადაჭრან პრობლემები” – განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა.
მარკ გრიფითსმა ასევე შეაფასა სქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შესახებ: “შეფასებას, რომ სებ-ის პრეზიდენტი არადროული მოქმედებებით იწვევდა არსებულ პრობლემას ქვეყანაში, ამის თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ დებატები ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ში მსგავსი დებატები ხდება. ეს არის პრივატულ რეჟიმში და არ გამოდის გარეთ. საჯარო დისკუსიები ავნებს ქვეყნის იმიჯს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებ მთავრობას, რომ ერთად იმუშაონ და ეს საკითხები ერთობლივად დაძლიონ.”
რატომ გამყარდა და გაუფასურდა ლარი
რატომ გამყარდა ეროვნული ლარი ბოლო კვირის განმავლობაში, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელს პასუხი არ აქვს:
“თუ რატომ გამყარდა ლარი ბოლო კვირის განმავლობაში, ამაზე პასუხის გაცემა რთულია. ეს ერთ-ერთი საიდუმლო ნიშან-თვისებაა, რომელიც გაცვლით მცოცავ კურსს გააჩნია. მცოცავი თავისი არსით იმას ნიშნავს, რომ ლარი ხან გამყარდება და ხან გაუფასურდება. იმისათვის, რომ აითვისოს და თავის თავში დააბალანსოს გარეშე ფაქტორები და რისკები. აქედან გამომდინარე კურსში ხდება ამ რისკების და გარე ფაქტორების შეწოვა. დიდი შოკი იყო ნამდვილად, ზუსტად ასე რეაგირებს ბაზარი გაცვლით კურსზე. ის ახდენს ქვეყანაში პოლიტიკის ინტერპრეტაციას იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობს ვალუტა ან ზემოთ, ან ქვემოთ. აქედან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო შოკი და ასეთივე შოკი განიცადა ევროპამ, შვედეთმა და ბევრმა ქვეყანამ” – განაცხადა მარკ გრიფითსმა.
სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ლარის გაუფასრება აბსოლიტურად გარეშე ფაქტორებზე არის დამოკიდებული და გამოწვეული: ” მაგალითად, დიდ ბრიტანეთში როცა ხდება გამყარება ან გაუფასურება, ცენტრალური ბანკი ამ შემთხვევაში ინტერვენციას არ ახორციელებს. ლარის კურსის ვარდნა და გამყარება სწორედ ის არის, რაც ახასიათებს მცოცავ კურსს. აქედან გემომდინარე, აქ პროგნოზების და ცალკეული ზომების მიღება არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ, რომ პროგნოზირება რთულია მცოცავი რეჟიმის პირობებში”.
სსფ-ს მისიის წარმომადგენელი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს მხარს არ უჭერს:
“სადაც მოხდა სავალუტო რეზერვების გაყიდვა კურსის დარეგულირების მიზნით, ძალიან სავალალო შედეგები მიიღო ქვეყანამ. ეს არ არის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ქვეყანაში, სადაც ხდება სავალუტო რეზერვების გაყიდვა, იქ საპროცენტო განაკვეთებიც იმატებს და ეკონომიკური შენელება სახეზეა. ქვეყანა აკეთებს არჩევანს, მაგრამ გაცვლითი კურსის მცოცავ რეჟიმში არსებობის შემთხვევაში ასეთი ინტერვენციები მიზანშეწონილი არ არის.”
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით საქართვლოში 23 თებერვალს ჩამოვიდა. მისიამ ვიზიტი 4 მარტს შეაჯამა. სსფ-ს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკავშილს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ. სსფ-ს მორიგი მისია საქართველოს მაისში ეწვევა.