თიბისი ბანკის ინფორმაციით, გარიგება ბანკებს შორის ორმხრივი დაინტერესების გამო შედგა, თუმცა პორტფელში გადახდილ ფასს არ ასაჯაროებენ. 


პროკრედიტ ბანკმა ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული რეორგანიზაციის შემდეგ მიიღო – ფოკუსირება მცირე და საშუალო ბიზნესზე გააკეთა და მიკროფინანსირების ბაზარი დატოვა. თიბისი ბანკის გადაწყვეტილება კი, პირიქით, მიკროფინანსირების ბაზარზე გაფართოებისა და შემდგომი ზრდის სტრატეგიამ განაპირობა.

  

„პროკრედიტ ბანკის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დატოვოს მიკროფინანსირების ბაზარი, მოგვცა საშუალება, გვეფიქრა ჩვენი პოზიციების გაძლიერებაზე  ამ სეგმენტში. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მიკროფინანსირების ბაზარზე დიდი ზრდის ამბიცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესყიდა პროკრედიტ ბანკის მიკროსესხების პორტფელი, რომელიც გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ყველა რეგიონში და შემატებს რამოდენიმე ათას მზარდ მიკრობიზნესს კლიენტს. ამით თიბისი ბანკი მნიშვნელოვნად გაზრდის თავის წილს მიკროსესხების ბაზარზე და გაამყარებს სალიდერო პოზიციას “- განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

 

პროკრედიტ ბანკის მენეჯმენტმა მიკროდაკრედიტების ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადი ოფიციალურად 2015 წლის 27 იანვარს გააკეთა, თუმცა ამ პორტფელის “თიბისი” ბანკისთვის მიყიდვის შესახებ გავრეცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. 

   

ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური დირექტორის ასმუს როტნეს განმარტებით, საბანკო სექტორში მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილების შედეგად საქართველოში მიკროკრედიტების წილი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 5%-ია:

„ბანკის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე, გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და შედეგად მთელი რესურსები მიიმართება მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე, მათთვის დახვეწილი და სრულყოფილი საბანკო სერვისების შეთავაზებაზე. ბანკი თვლის, რომ ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ბიზნესის სწრაფად გაფართოებასთან ერთად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.”

 

თიბისი ბანკისა და მიკროსაფინანსო ბანკ კონსტანტას იურიდიული და საოპერაციო შერწყმის პროცესი გასულ კვირას დასრულდა. კონსოლიდაციის შედეგად მოხდა თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას სერვისებისა და პროდუქტების ინტეგრაცია და მიკროფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა.  

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ადგილობრივ ბაზარზე 21 ბანკი ოპერირებს. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *