ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ქეთევან ხუსკივაძის განცხადებით, პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება და 10 000 ევრომდე მიკროსესხების ბაზრიდან გადის.
ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური დირექტორის ასმუს როტნეს განმარტებით, საბანკო სექტორში მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილების შედეგად საქართველოში მიკროკრედიტების წილი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 5%-ია:
„ბანკის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე, გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და შედეგად მთელი რესურსები მიიმართება მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე, მათთვის დახვეწილი და სრულყოფილი საბანკო სერვისების შეთავაზებაზე. ბანკი თვლის, რომ ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ბიზნესის სწრაფად გაფართოებასთან ერთად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.”
ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ქეთევან ხუსკივაძის განცხადებით, ბანკის მიკროდაფინანსების პორტფელი 22 მლნ აშშ დოლარია: “მიდის მსჯელობა ამ პორტფელის გაყიდვის შესახებ, თუმცა გადაწვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საგულისხმოა, რომ მიკრობიზნესის დაფინანსებამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ამ ბიზნესებმა განვითარება ვერ შეძლეს და მიღებული ფული პირადი ხარჯებისსთვის გამმოიყენეს. მცირე და საშუალო ბიზნესში ბანკი პოტენციალს ხედავს და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.”
“პროკრედიტ ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური დირექტორის ასმუს როტნეს განმარტებით, სტრატეგიის ცვლილების შედეგად 2014 წელს ჩამოყალიბდა სამი მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში:
“ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებს მიენიჭათ რეგიონალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილიალებში მომუშავე ბიზნესმრჩეველები მოემსახურებიან არა მხოლოდ თავიან ქალაქებს, არამედ ახლომდებარე რეგიონებსაც და ბიზნესმრჩევლები ადგილზე გაუწევენ კლიენტებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. მიმდინარე წელს განახლებული ყველა ფილიალი აღიჭურვა თვითმომსახურების ზონით, რაც ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიიღონ დისტანციური მომსახურების სრული სერვისი.”
პროკრედიტ ბანკის 2014 წლის ფინანსურ მაჩვენებლები ასე გამოიყურება: კლიენტთა მთლიანი სახსრები გაიზარდა 5%-ით და 592 მილიონი ლარი შეადგინა; მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7%-ით გაიზარდა და 760 მილიონი ლარი შეადგინა.
2014 წლის წმინდა მოგებამ კი 24 მილიონი ლარი (13 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 21%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ამონაგები საკუთარ კაპიტალზე (ROE) 16%-ია.
საქართველოს საბანკო ბაზარზე 21 კომერციული ბანკი ოპერირებს.