“ნეტგაზეთს” სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დავალების შესაბამისად, უკვე წარედგინა შუალედული ანგარიში:
“კონკურენციის სააგენტოში სისტემატურად მიმდინარეობს შეხვედრები ექსპერტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, დამუშავების პროცესშია შესაბამის ბაზარზე მოქმედი 100-ზე მეტი სუბიექტის საქმიანობის ამსახველი უკანასკნელი 8 წლის მონაცემები. კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესში, ყველა სტადიაზე მეთოდოლოგიურად ამუშავებს და აფასებს ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ბაზრის სუბიექტთა მოქმედებას და ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის საკითხებს, რაც მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს. შედეგები საზოგადოებისთვის, მოკვლევის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.”
კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევაზე 2014 წლის 18 დეკემბრიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მუშაობს. პრემიერის მიერ სააგენტოსთვის ანგარიშის წარსადგენად დათქმული 10 დღიანი ვადა 2014 წლის დეკემბერში ამოიწურა.
“რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე ათეული პროცენტით დაიკლო საწვავის ფასმა მსოფლიო ბაზარზე. სამწუხაროდ, და ჩემდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში, 10 დღის ვადაში, ვთხოვთ კონკურენციის საგენტოს, წარმოუდგინოს საზოგადოებას, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ არ ხდება ანალოგიურად ფასების კლება საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 18 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ბლუმბერგ-ის ინფორმაციით 2014 წელს ნავთობი მსოფლიო ბაზარზე 34%-ით გაიაფდა. საქართველოში კი ნავთობპროდუქტებზე ფასი ბოლო 5 თვეში მხოლოდ 50 თეთრით შემცირდა.
2015 წლის 27 იანვრის მონაცემებით, საცალო ქსელში კომპანია “ვისოლს” “ევრო რეგულარი” 1,68 ლარად გამოაქვს. “ფრეგოს” 1,55 ლარად, “გალფს” -1,69 ლარად, “რომპეტროლს” -1,67 ლარად, “სოკარს” -1,71 ლარად, ლუკოილს – 1,64 ლარად.
საწვავის საბითუმო ბაზარზე დაბრუნდა კომპანია “სენტა პეტროლიუმი.” რომელიც დიზელის იმპორტს ახორციელებს და ორი ბენზინგასამართი სადგურით არის წარმოდგენილი.