ეკონომიკა

“სენტა პეტროლიუმი” ნავთობპროდუქტების საბითუმო ბაზარზე დაბრუნდა

24 იანვარი, 2015 •
“სენტა პეტროლიუმი” ნავთობპროდუქტების საბითუმო ბაზარზე დაბრუნდა

კომპანია “სენტა პეტროლიუმის” წარმომადგენელი ზაალ იაკობიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კომპანია გაყიდვებს ჯერჯერობით მხოლოდ საწვავის საბითუმო ბაზარზე განახორციელებს: 

 

“ჯერჯერობით ჩვენ უფრო მასშტაბურად საბითუმო ბაზარზე ვბრუნდებით. უკვე განვახორციელეთ იმპორტი დიზელის საწვავის. ვგეგმავთ ბენზინის იმპორტსაც. ამავე დროს ბათუმში შევიძინეთ ერთი ავტოგასამართი სადგური და მეორე ავიღეთ ქუთაისში იჯარით. ეს არის პირველი ნაბიჯები, რაც საცალო ბაზარზე გასასვლელად გადავდგით. ასევე ვგეგმავთ იმ აქტივების დაბრუნებას, რომელიც დავით კეზერაშვილმა მიითვისა და არის “გალფის” საკუთრებაში. პირველი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს არის ჩანიშნული.”

 

ზაალ იაკობიძე  “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ 2010 წლის ბოლოს იყო პირველი მუქარა და მოთხოვნა, რომ მიეღოთ საკუთრებაში ჩვენი “სენტას” ქსელი:” 2011 წელს უკვე მოხდა იძულებითი გადაფორმება კეზერაშვილის მიერ კომპანიის ქონების და ჩენი გასამართი სადგურები “გალფის” ბრენდის ქვეშ ოპერირებს. რაც შეეხება ავტოგასამართი სადგურების რაოდენობას, ჩვენ იმ პერიოდში 50 ავტოგასამართი სადგურით ვოპერირებით. 43 საკუთრებაში და 7 ხანგრძლივვადიან იჯარაში გვქონდა აღებული და ინვესტიციები გვქონდა ჩადებული.”  

 

იაკობიძე ინფორმაციით, ეს ქონება ახლა დაყადაღებულია. “სენტას” წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ ქონებას სასამართლოს გზით დაიბრუნებს: “დღეს დაყადაღებულია ჩვენი ქონება, რომელიც “გალფის” საკუთრებაშია. აქ არ მომხდარა ქონების გადაყიდვა და ისევ არის “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” საკუთრებაში. კომანიის შიგნით მოწილეების შეცვლა არ შექმნის სამართლებრივ პრობლემას.”

 

2012 წლის ნოემბერში “გალფ ჯორჯიას” მენეჯმენტმა სპეცილური განცხადება გაავრცელა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი არ ირიცხება აღნიშნული კომპანიის აქციონერთა რიგებში. მათივე ცნობით, “გალფში” თავისი წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილი, რომელიც აშშ-რუსეთის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცეპრეზიდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი