გაუმჯობესდება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა 2015 წელს? რატომ ვერ გეგმავს რეალისტურად ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს მთავრობის ეკონომიკური გუნდი? რა ელის ლარს? ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს მიხეილ დუნდუას ესაუბრა:

15 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარია, გადასახდელები კი 9 მილიარდ 575 მილიონით განისაზღვრა.
2015 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ია. როგორ ფიქრობთ, ამ პარამეტრების ფონზე რამდენად რეალურია ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება?
მთავარია, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) როგორი იქნება დეფიციტის მაჩვენებელი. ეს პარამეტრი უმჯობესდება 2015 წლის ბიუჯეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვალზე დამოკიდებული ნაკლებად იქნება. ჯერ მოსახლეობა ნაკლებად გრძნობს, თუმცა 2013-2014 წლებში სახეზეა ეკონომიკური პროცესების გააქტიურება.
ამ შეფასების გაკეთების საფუძველს რა გაძლევთ?
ქვეყანაში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე გაზრდილია. რეექსპორტი რომ გამოვაკლოთ, არის 19%-იანი ზრდა. რეალურად ექსპორტის შენელება მოხდა ავტომობილების რეექსპორტთან ბაქოში შექმნილი პრობლემის გამო. აზერბაიჯანმა შეზღუდვები დააწესა. სუფთა ექსპორტი 10 თვის მაჩვენებლებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. სუფთა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 52%-ით გაიზარდა 2013 წელს. 2014 წელსაც იზრდება ეს მაჩვენებელი. ამას ემატება რუსეთის ბაზრის გახსნიდან მიღებული სარგებელი. რუსეთში ექსპორტი გაორმაგდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო შემოსავალი.
მაგრამ, ექსპორტის პარალელურად გაიზარდა იმპორტი. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფითმა სავაჭრო სალდომ – 5103 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ნეგატიური მაჩვენებელი?
კიდევ ერთი პარამეტრი, რომელიც მიუთითებს ეკონომიკის აქტივობაზე, ეს არის იმპორტის ზრდა ისტორიული მაქსიმუმის დონეზე. შეუძლებელია იმპორტის მაჩვენებელი იყოს მაღალი, თუ ფული არ არის ფართო მასაში თავმოყრილი. საიმპორტო შესყიდვებს მოსახლეობა ახორციელებს. ამას თავისი ახსნა აქვს: ბოლო ორ წელიწადში გაიზარდა ექსპორტი რეგიონებში წარმოებული პროდუქციის: თხილის და ღვინის ექსპორტი გაორმაგდა. ამან რეგიონებში განაპირობა მოსახლეობის შემოსავლების მატება. ადრე ცენტრი უფრო ვითარდებოდა, ვიდრე რეგიონები. ცენტრს ჰქონდა შემოსავლები და რეგიონები საიმპორტო ხარჯვებსაც ვერ ახორციელებდა. 2014 წელს შეინიშნება ნელი ტემპით მოსახლეობის შემოსავლების ზრდა დიდ ქალაქებში და უფრო ჩქარი ტემპით რეგიონებში.
ხელისუფლება 1 მილიარდი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას პროგნოზირებდა. მნიშვნელოვანი ზრდა – 508 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა 2014 წლის მესამე კვარტალში. ინვესტიციებში ჩინეთი ლიდერობს, რომელიც ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. რატომ ვერ ახერხებს მთავრობა ახალი ინვესტორების შემოყვანას?
ინვესტიციების რაოდენობით პირველ ადგილზეა ჩინეთი მესამე კვარტალში, მაგრამ სამი კვარტლის შედეგებით პირველ ადგილზეა ჰოლანდია, მეორეზე – თურქეთი და მესამეზე – ჩინეთი. ჰოლანდიური და ევროკავშირის ქვეყნების ინვესტიციები რომ მძლავრობენ, ეს უფრო კარგი დასანახია ევროასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ფონზე. ჩინეთის გააქტიურება კიდევ უფრო მოსალოდნელია საქართველოში. ასოცირების ხელშეკრულებამ საშუალება მოგვცა კარგი სავაჭრო ურთიერთობა დავამყაროთ ევროკავშირთან. ჩინეთი საქართველოში დაიწყებს არა პროდუქციულ, არამედ კაპიტალდაბანდებით ექსპანსიას, ეს შეინიშნება. ამ ქვეყანაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალია და მუშახელის გაძვირება შეინიშნება. ამიტომ 2015 წელს ჩინური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში გაძლიერდება. ამის მიზეზი არის ასოცირების ხელშეკრულება.
თქვენ 2014 წლის მიკრო და მაკროპარამეტრებში არსებულ პოზიტივზე ისაუბრეთ, მაგრამ ფაქტია – 2014 წელს მთავრობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებაში ხარვეზები აქვს. წლის ბოლის გაუფასურდა ლარი, რამაც მოსახლეობა ფინანსურად დააზარალა. რა არის ამის მიზეზი?
ფული რომ ნელი ტემპით იხარჯება ბიუჯეტიდან, ეს არის ნეგატივი, რომელიც 2015 წელს არ უნდა განმეორდეს. თუ სიტუაცია კორუმპირებულია, ფულის ხარჯვაზე სწრაფად არაფერი არ ხდება. ყველამ იცის, ვინ უნდა მიიღოს ფული და როგორ უნდა დაიხარჯოს. მაგალითად, ცნობილი ტენერით 1 მლნ კვიპაროსის დარგვა ძალიან სწრაფად ანაზღაურდა. ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდნენ კომპანიები, რომლებიც იყვნენ დაქვემდებარებული პოლიტკონიუნქტურას. ახალ პოლიტიკურ რეალობაში მათი ადგილი არ აღმოჩნდა. ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას გაძლევს იმან გაიმარჯვოს, ვინც ყველაზე დაბალ ფასს გამოიტანს, არ არის დახვეწილი. ეს ხარვეზი გამოჩნდა წლის მეორე ნახევარში, – კომპანია იმარჯვებს ტენდერში დაბალი ფასით, იხდის ბეს და საქმეს ვერ აკეთებს. ახლა სატენდერო ვადების შემჭიდროევებაზე და სხვა პარამეტრებზე უნდა იყოს აქცენტი გადატანილი. თუ ეს საკითხი არ მოგვარდა 2015 წელს, მაშინ რიგი ჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნას, როგორ შეაფასებთ ტენდენციას, ვინ არის პასუხისმგებელი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე?
ლარის კურსზე ბიუჯეტის გავლენა 2014 წელს არის ნულოვანი. ეკონომიკიდან ამოღებული ფული ისევ ეკონომიკაში ბრუნდება და ეს არ ზრდის ფულის მასას. გაუფასურება ხდება, როცა ლარისა და დოლარის მასას შორის გვაქვს დისბალანსი. ბიუჯეტით ამის მართვა შეუძლებელია და ამიტომაც ყველა ქვეყანაში მიმართავენ ხოლმე ეროვნულ ბანკს.
ეროვნულმა ბანკმა (სებ) განაცხადა, რომ პროცესებში არ ჩაერევა, ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია 6%-ს არ გაუტოლდება. სებ-მა მთავრობისგან გარანტია მიიღო, რომ ხაზინიდან ფულს დეფიციტურად არ დახარჯავენ.
დაპირება, რომ დეფიციტურად არ დახარჯავენ, არის გარანტია, რომ ბიუჯეტი ვერ გახდება ლარის გაუფასურების მონაწილე. აქ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. იმპორტიორები უცებ არ ზრდიან ფასებს. ისინი ამცირებენ მოგებას და თუ ლარის გაუფასურებამ ტენდენციის ხასიათი მიიღო, შესაძლოა ფასები უცებ გაიზარდოს. თუ ეროვნული ბანკი პროცესებში არ ჩაერია, შეიძლება ინფლაცია დადგეს მყისიერად და მას უფრო ძვირი დაუჯდეს პროცესის მართვა.
