ეკონომიკა

The Banker-მა ევროპაში ცენტრალური ბანკის წლის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა

6 იანვარი, 2015 •
The Banker-მა ევროპაში ცენტრალური ბანკის წლის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა

ცნობილმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა 2015 წელს დაასახელა ცენტრალური ბანკების წლის მმართველები მსოფლიოსა და ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ჟურნალის შეფასება ცენტრალური ბანკების 2014 წლის შედეგებს ეფუძნება.

“კარგად მართული და სტაბილური საბანკო სექტორი, რომელმაც აჩვენა მდგრადობა ძირითადი შოკების მიმართ, საქართველოში ბოლო წლების მთავარი მახასიათებელი იყო. იმდენად, რომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2014 წელს საქართველოს გამოცდილება ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ცენტრალურ ბანკებს გაუზიარა.”, – წერს ჟურნალი  ქადაგიძის  წლის  ცენტრალური ბანკის მმართველად დასახელებისას და ქადაგიძის კომენტარიც მოჰყავს:

 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სექტორის შეფასებაში აღნიშნულია, რომ  ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვითარება გაუმჯობესდა, რაც შეფასების მიხედვით, არის თანამედროვე, რისკებზე დაფუძნებული, ყოვლისმომცველი, პროგრესული და მოწინავე მიდგომის შედეგი. შეფასებამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე, მივყვებით სწორად დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს ბაზელის ძირითადი პრინციპებისა და სხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით“.

 

The Banker აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი, რაც კვლავ რჩება ძირითად გამოწვევად ქადაგიძისთვის მომავალ წლებში.

 

“2014 წელს ბატონმა ქადაგიძემ ხელი შეუწყო დედოლარიზაციის პროცესს, სხვა ზომებთან ერთად მან გააფართოვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაღები გირაოს ინსტრუმენტების ბაზა, რამაც გააუმჯობესა ადგილობრივი ვალუტის რესურსების ხელმისაწვდომობა და წაახალისა ლარში სესხების გაცემა.

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მხარი დაუჭირა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებას. 2014 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ლარში დენომინირებული პირველი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. გიორგი ქადაგიძის თქმით, არსებულ მაგალითზე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც აპირებენ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვებას. „ადგილობრივი ვალუტის ბონდების გამოშვება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი ლარის რესურსების მიწოდებას ბაზარზე და დედოლარიზაციის პროცესს ზოგადად“.

The Banker  2014 წლის დეკემბერში ლარის გაუფასურებაზეც წერს .  

 

„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იმისათვის, რომ მიმდინარე მოვლენებმა არ იქონიოს ნეგატიური გავლენა ინფლაციაზე და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე  The Banker -თან.

მასალების გადაბეჭდვის წესი