საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, ბოლო 4 დღეში სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის ხარჯვითი ნაწილის შესავსებად 277,7 მლნ ლარის ხარჯვა განხორციელდა. 24 დეკემბრის ჩათვლით გახარჯულია 717,7 მლნ ლარი. 2014 წლის 11 თვეში ხაზინა საშუალოდ 700 მლნ ლარს ხარჯავდა.
“24 დეკემბერს სახელმწიფო ხაზინიდან გაწეული ხარჯი 65,4 მლნ ლარია, 23 დეკემბერს -96,0 მლნ ლარი, 22 დეკემბერს -71,4 მლნ ლარი, 20-21 დეკემბერი შაბათ-კვირა იყო. 19 დეკემბერს ხაზინიდან ხარჯმა 44,9 მლნ ლარი შეადგინა. ბოლო დღეებში ხარჯვის სტატისტიკა სწრაფად იზრდება. 18 დეკემბერს ხაზინიდან 21 მლნ ლარი, 16 დეკემბერს 34 მლნ ლარი, ხოლო 15 დეკემბერს 34 მლნ ლარი დაიხარჯა. ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო დღეებში გააორმაგეს ხარჯვა,” – აცხადებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
გოცირიძის შეფასებით, მთავრობამ პირობა დაარღვია და ბიუჯეტიდან ხდება ფულის დეფიციტური ხარჯვა: “ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 2014 წლის 24 დეკემბრის მომაცემებით, შემოსულია 888,4 მლნ ლარი. 616,3 ლარი მობილიზებულია საგადასახადო შემოსავლებით. 24 დღეში 717,7 მლნ დაიხარჯა. ეს უკვე იმაზე მეტია, რასაც ხარჯავდა ხაზინა 11 თვის განმავლობაში. საშუალო ხარჯი 700 მლნ იყო.”
2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 9,080 მლნ ლარია. 24 დეკემბრის მონაცემებით ხარჯმა 8,496 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წლის 11 თვის გეგმის შესრულების თანახმად, იმისთვის, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 100%-ით შესრულდეს, დეკემბერში ხარჯმა 1 მლრდ 355 მლნ უნდა შეადგინოს. გახარჯულია 771,7 მლნ ლარი. დასახარჯია 584 მილიონი.
“თუ მთავრობა დარჩენილ 7 დღეში 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმის შესრულებას გადაწყვეტს და ამ ფულს დახარჯავს, გამოდის, ზუსტად ორჯერ მეტი ხარჯი უნდა გასწიოს, ვიდრე 11 თვეში ხარჯავდა. თუ ეს მოხდა, ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება,” -აცხადებს გოცირიძე.
“მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მინდა გითხრათ, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც ინფლაციაზე ზეწოლას შეასუსტებს” – ეს განცხადება საქართვლოს ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 5 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ლარის გაუფასურების მიზეზების განხილვისას გააკეთა.
არსებობს თუ არა 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გარღვევის საფრთხე? რატომ გაიზარდა ბოლო 4 დღეში ფულის ხარჯვის ტემპი ხაზინიდან? “ნეტგაზეთმა” ამ კითხვებით ფინანსთა სამინისტროს მიმართა.
ფინანსთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 95%-ით შესრულდება:
“გადასახდელების შესრულება მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, ამ გადასახდელების დასაფარად გამოიყენება მიღებული შემოსულობები და ხარჯვა არ განხორციელდება წინა წლებში დაგროვილი ნაშთის ხარჯზე, რაც მნიშვნელოვანი პარამეტრია ფულის მასაზე გავლენის თვალსაზრისით. ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტი შესრულდება 95%-ზე მეტით”.
რაც შეეხება შემოსავლების გეგმას, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 24 დეკემბრის მდგომარეობით გეგმის 96% შესრულებულია:
“წლის დასრულებამდე მისაღები შემოსულობების პროგნოზი მიუთითებს, რომ ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 100%-ით იქნება შესაძლებელი. მიმდინარე მდგომარეობით, ბიუჯეტის შემოსულობების 96%-მდე უკვე მობილიზებულია, მათ შორის, გადასახადების ნაწილში მობილიზებულია გეგმის 99%.”