“ჩინურ კომპანია “POWER CHINA-HYPEC“-თან შეთანხმება მიღწეულია და მდინარე მტკვარზე დაგეგმილი 16 ჰესის ასაშენებლად ენერგოკომპანია საქართველოში 620 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. პირველი ინვესტიციები წლის ბოლოს წამოვა და პროექტის განხორცელების პირველი ეტაპი დაიწყება,” – ეს განცხადება ბაკურ გულუამ 5 დეკემბერს გააკეთა.
2014 წლის 23 ოქტომბერს “მტკვარი ენერგიასა” და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მდინარე მტკვარზე 16 ახალი ჰესის მშენებლობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. ასაშენებელი ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე მემორანდუმით 331.6 მგვტ-ს შეადგენს, ხოლო პრექტის დასრულების შემდეგ წლიური გამომუშავება 1.815 მლრდ კვტ.საათს მიაღწევს.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ახალი ჰესების მშენებლობის მიზნით პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს. კომპანიამ კვლევა 27 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ჰესების ტექნიკური მონაცემები დაზუსტდება და ინვესტორი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკრეტულ პროცედურებს დაიწყებს: აიღებს მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროში და გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტაციას შეიტანს.
ეკონომიკის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ “მტკვარი ენერგიას” შესაბამისი განაცხადი მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის შესახებ სამინისტროში არ წარმოუდგენია. “მტკვარი ენერგიას” არც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის მიუმართავს.
“ამ ეტაპზე “მტკვარი ენერგიას” სამინისტროსთვის არ მოუმართავს. წინასწარი განხილვისთვისაც არანაირი ინფორმაცია არ არის. ვიდრე სამინისტროში რამე პროექტი არ შემოვა, რამე განცხადებებზე, რომ იგეგმება ჰესების მშენებლობა, კვალიფიციურ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ასეთი სახის მემორანდუმები უბრალოდ გულისხმობს იმას, რომ იმ კომპანიას საშუალება მიეცეს წინასაპროექტო ეკონომიკური და ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევები განახორციელოს. აქედან გამომდინარე, ეს კვლევა აჩვენებს, ეს პროექტი განხორციელებადია თუ არა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
“მტკვარი ენერგიას” პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ვარიანტი არც ენერგეტიკის სამინისტროში აქვს წარდგენილი:
”ინვესტორს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად მიცემული 27-თვიანი ვადა ჯერ არ გასვლია. კომპანიას არც ერთ პროექტზე არ აქვს წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ვარიანტი. შუალედური ანგარიშები, რომელიც აქვს წარმოდგენილი, ამასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს კონკრეტული მოსაზრებები აქვს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორმხრივ რეჟიმში, რადგან საუბარია 16 ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის ანგარიშებზე. უახლოეს პერიოდში თუ რამე შეიცვლება, დამატებით კომენტარს გავაკეთებთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.
“ნეტგაზეთის” კითხვებს, თუ რა პრინციპით შეირჩა 2013 წელს დაფუძნებული “მტკვარი ენერგია” ამ მასშტაბური პროექტისთვის და რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოსისტემისთვის მდინარე მტკვარზე 16 ჰესის მშენებლობას, ენერგეტიკის სამინისტროში არ უპასუხეს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია “მტკვარი ენერგია 2013 წელს შეიქმნა, სადაც წილის 33,33%-ს დავით ქელდიშვილი ფლობს, 33,33%-ს – ანზორ კვარაცხელია, 33,34%-ს – ბაკურ გულუა. კომპანიის გენერალური დირექტორი ბაკურ გულუა, რომელიც შევარდნაძის მთავრობაში სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრს პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ “მტკვარი ენერგია” უძრავ ქონებას და აქტივებს არ ფლობს და მათი მთავარი მონაპოვარი ინტელექტია:
“სწორედ ამის დამსახურებით შეგვარჩია საქართველოს მთავრობამ. “მტკვარი ენერგია” – ჩვენი ბიოგრაფია ამით იწყება. ინტელექტს და ნამუშევრებს ვფლობთ. კომპანიის დამფუძნებლებს აქვთ საარსებო წყარო. მე ვარ მხოლოდ გენერალური დირექტორი. მაშინ სხვა წესები იყო, ახლა 1 მეგავატი რომ ააშენო, უნდა დადო 100 ათასი აშშ დოლარი საგარანტიო თანხა.”
როგორც ბაკურ გულუამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ის პროექტის თაობაზე გაცილებით ადრე, მაშინინდელ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და “თანაინვესტირების ფონდის” წარმომადგენლებს შეხვდა.
“ნეტგაზეთის” კითხვას, ჩაერთვება თუ არა პროექტში თანაინვესტორების ფონდი და რა თანხას გაიღებს, “მტკვარი ენერგიას” ხელმძღვანელი ასე პასუხობს:
“დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, როცა ასეთი ფონდი მონაწილეობას მიიღებს პროექტში. მათ თანხა არ დაუსახელებიათ, თუმცა გვითხრეს, ცოტა ხანი გაიარეთო და თუ თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ამ პროექტს განახორციელებთ, ამოგიდგებით გვერდშიო.”
“ნეტგაზეთის” კითხვას – აქვთ თუ არა ინფორმაცია “მტკვარი ენერგიას” პროექტის შესახებ და რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებენ, “თანაინვესტირების ფონდში” არ პასუხობენ. ფონდის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.
რაც შეეხება პროექტის ინვესტირების საკითხს, “მტკვარი ენერგიას” გენერალური დირექტორი ბაკურ გულუა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მხარეებს შორის პროექტის ინვესტირებაზე 2014 წლის 1 დეკემბერს მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც “POWER CHINA-HYPEC“-ი, “Anaklia IEP Holding” -ი და “მტკვარი ენერგია” აწერენ ხელს.
გულუას განცახდებით, “POWER CHINA-HYPEC“-ი საგარანტიო თანხას არ დადებს: “ეს ისეთი გიგანტი კომპანიაა, აქეთ გვკითხეს – თქვენი სახელმწიფო ხომ არ იტყვის უარს პროექტზეო.”
გეგმავს თუ არა საქართველოში მდინარე მტკვარზე 16 ჰესის მშენებლობას და 620 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ჩინური კომპანია, ამ კითხვებით “ნეტგაზეთმა” კომპანია POWER CHINA-HYPEC-ს ელ.ფოსტით მიმართა, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Power China Hypec-ი 1998 წელს შეიქმნა საწესდებო კაპიტალით 110 მილიონი იუანი. განხორციელებული აქვს 11 პროექტი, მიღებული აქვს ჩინეთის მთავრობის ლიცენზია ჰესების მშენებლობაზე, რემონტზე, ტექნიკურ ტესტირებაზე.
მტკვარზე 16 ჰესის მშენებლობის პროექტში მონაწილეობა 9 დეკემბერს “რია ნოვოსტის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “Anaklia IEP Holding”-ის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ქარჩავამ დაადასტურა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქარჩავას კომპანია მსხვილ ენერგოპროექტში მონაწილეობას აანონსებს. მაგალითად, სომხეთში 540 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის აშენებას გეგმავდა. სომხეთის ენერგეტიკის ახლა უკვე ექსმინისტრი ერვანდ ზაქარიანი და კომპანია “Anaklia IEP Holding” –ის 100%-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი თეიმურაზ ქარჩავა ამ საკითხზე 2014 წლის 22 აგვისტოს ერევანში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. თუმცა სომხეთის მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეიძლება პროექტი ჩაიშალოს, რადგან ქარჩავას კომპანია ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე არ აღმოჩნდა და ოფშორშია რეგისტრირებული.