ეკონომიკა

კვირიკაშვილი: “ჯორჯიან ეირვეისის” მიერ მოხდა მოხელეებზე ზეწოლა

12 დეკემბერი, 2014 •
კვირიკაშვილი: “ჯორჯიან ეირვეისის” მიერ მოხდა მოხელეებზე ზეწოლა

„ჩვენი სურვილია, რომ ეროვნულ ავიაკომპანიებს ქვეყანაში ნორმალური ფუნქციონირების და განვითარების საშუალება ჰქონდეთ. სწორედ ამას ისახავდა მიზნად საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ მიღწეული შეთანხმება ავიაკომპანიებისთვის კვირაში 14/14-სიხშირიანი პარიტეტული ფრენების შესახებ. თუმცა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც შემდეგ მოხდა – კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” მხრიდან ზეწოლა სახელმწიფო მოხელეებზე და ამგვარი ზეწოლისა და შეურაცხყოფების შედეგად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლის იძულება”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

მისი თქმით, მთავრობაში გამართული მსჯელობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში ტექნიკური კონსულტაციების გამართვამდე, გაუქმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება:


“აღდგეს 14-14-სიხშირიანი გრაფიკი და საქართველოს მხრიდან 14-ივე სიხშირეზე დანიშნული იქნას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“. მინდა ასევე განვაცხადო, რომ ჩვენი პრიორიტეტია ადგილობრივი კომპანიებისთვის ხელის შეწყობა, სწორედ ამიტომ დავხარჯეთ დიდი ძალისხმევა და დავთანხმდით 14-სიხშირიან გრაფიკს. ამიტომ მივანიჭეთ საქართველოს მხრიდან კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ 14-ივე სიხშირე. თუმცა, როგორც ჩანს, „ჯორჯიან ეარვეისს“ სურს, ფრენების სიხშირეების ხელოვნურად შემცირების გზით შეინარჩუნოს ბილეთებზე არაადეკვატურად მაღალი ფასი, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს არანაკლებ მნიშვნელოვან პრიორიტეტთან – განვავითაროთ ქვეყანაში ტურიზმი, ხელი შევუწყოთ ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი სასტუმროების მშენებლობას, სატრანსპორტო სისტემების განვითარებას. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა მილიონამდე თანამემამულემ ხელმისაწევდომ ფასად შეძლოს, საკუთარ ოჯახებთან და სამშობლოსთან იქონიოს მუდმივი კავშირი და ეს კავშირი არ გაწყვიტოს. ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ დროს, როდესაც სულ რამდენიმე დღის შემდეგ იყო დაგეგმილი ტექნიკური კონსულტაციები, ამგვარი სიტუაციის გამწვავება ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მხრიდან ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და ჩვენ ნამდვილად არ ვართ იმისთვის მოწოდებულნი, რომ ვინმეს სახელმწიფოსთან ამგვარი ენით საუბრის უფლება მივცეთ.“


11 და 12 დეკემბერს “აირზენას” ფრენები მოსკოვის მიმართულებით შეწყვეტილი ქონდა, რისი მიზეზიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქართული და რუსული კომპანიების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება იყო.

 

“აირზენას” ხელმძღვანელი იასე ზაუტაშვილი ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ კომპანიას 10 სიხშირე უნდა გამოეყენებინა. 

 

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღვოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტის ბოლოს აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. 2012 წლის დეკემბრიდან რეგულარული რეისების აღდგენის საკითხი საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკებათა ორმხრივ ფორმატში განიხილებოდა.




მასალების გადაბეჭდვის წესი