“ბანკის სტრუქტურა შესაბამისობაში მოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ მოთხოვნებთან, რაც დაკავშირებულია კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვასთან. ბანკის განახლებული კორპორაციული სტრუქტურა გულისხმობს იურიდიულ რესტრუქტურიზაციას, რომლის შედეგად მოხდება საბანკო–საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. გამიჯვნის შემდგომ არაპროფილური ბიზნესები გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და საქმიანობას განაგრძობს ბანკისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად. ახალი კორპორაციული სტრუქტურის ძალაში შესვლა და არაპროფილური ბიზნესების გამიჯვნა განხორციელდება 2015 წლის ბოლომდე” – ეს განცხადება ირაკლი გილაურმა დღეს “საქართველოს ბანკის” სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ მოხდება მენეჯმენტის გამიჯვნა საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვით და ცვლილებები შევა ბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში.


2015 წლის ზაფხულში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გადავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ასევე, განაგრძობს საქმინობას საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის ზაფხულიდან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება მურთაზ კიკორია, რომელიც უკვე ასრულებს “საქართველოს ბანკის”  ფინანსური დირექტორის მოვალეობას. ბანკის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე დაინიშნა “საქართველოს ბანკის” დაზღვევისა და ჯანდაცვის მიმართულების – Georgia Healthcare Group–ის („GHG”) გენერალურ დირექტორად.


იარაკლი გილაურის განცახდებით, “საქართველოს ბანკიდან” გამიჯნული ბიზნესის დაფინანსება აღარ მოხდება და არაპროფილური აქტივების გამიჯვნის მიზეზიც სწორედ ეს არის: 


“აქ არის ინტერესეთა კონფლიქტი, თუ ბანკი ასესხებს შვილობილ კომპანიებს ფულს. ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ მოსახლეობა და კომპანიები, რომ ეს ბიზნესები გამიჯნულია. ეს ფაქტი მიმართულია იმისთვის, რომ არ გამოვიყენოთ საბანკო საქმიანობა იმისთვის, რომ კონკურენცია შევზღუდოთ ბაზარზე. ჩვენთვის საბანკო საქმინობა მნიშვნელოვანია და წარმატებულია. არ გვინდა, რომ ხელი შეეშალოს ბანკის განვითარებას იმ ინვესტიციების კუთხით, რაც ბანკმა აქამდე გააკეთა.” 


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის შეზღუდვის შესახებ საჯაროდ 8 ოქტომბერს განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მედიისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ ქადაგიძემ ღიად განაცხადა, რომ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის ფლობა შეეზღუდებათ.


 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, “საქართველოს ბანკი” 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისი აი“-ში, შპს “თელიანი ველში “ – 51,23%-ს, შპს “ინტერტურში” – 99,99%-ს, შპს „ჩემ კლინიკაში“ – 51%-ს, “რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში” – 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ “დინამოში” – 100%-ს და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.

 

 ”თიბისი ბანკი” ფლობს სალიზინგო კომპანია ”თიბისი ლიზინგის” 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება ”თიბისი კრედიტის” 75%-ს, საბროკერო კომპანია ”თიბისი ბროკერის” 100%-ს, ”გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის” 93%-ს, ”უძრავი ქონების მართვის ფონდის” 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, ”თიბისი ფეის” 100%-ს, ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია ”თიბისი ინვესტს”.




Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *