ეკონომიკა

ღარიბაშვილი: ლარმა დაიწყო გამყარება

9 დეკემბერი, 2014 •
ღარიბაშვილი: ლარმა დაიწყო გამყარება

“ლარის კურსზე ძირითადი გავლენა მოახდინა იმან, რომ დოლარი გამყარდა ყველა ვალუტის მიმართ მსოფლიოში. ასევე უნდა აღინიშნოს რეგიონში რთული ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სავაჭრო ბალანსზე. ეს იყო საგარეო ფაქტორები, რამაც გავლენა იქონია ლარის კურსზე” -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

პრემიერის განცახდებით, ბაზარზე იყო პანიკა, რამაც მოახდინა ზემოქმედება ლარის კურსზე: “ოპონენტენის მხრიდან ითესებოდა პანიკა საგანგებოდ, ხელოვნურად შეიქმნა აჟიოტაჟი და დიდი ზეგავლენა იქონია მოსახლეობაზე და ლარის კურსზე. ასეთ სწრაფ, არაადეკვატურ ნიშნამდე ლარის დასვლა სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ლარის გაუფასურება საგარეო ინვესტიციების შემცირებასმ გამოიწვია. დღეს პირადპირ უცხოურ ინვესტიციებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ტყუილი. რაც შეეხება ხარჯებს ბიუჯეტიდან, ხარჯები გაიწევა დაგეგმილი სქემით. ეს არ იქნება გადასახადებით ამოღებულ თანხაზე მეტი. მინდა დავაკონკრეტო, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 3,5 % -ზე მეტი, ნაცვლად დაგეგმილი 3,7 %-ისა. შესაბამისად, ესეც არ მოახდენს ლარის კურსზე გავლენას, როგორც ჩვენი ოპონენტები გვიმტკიცებდნენ.”  

 

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველოში არის გაცვლითი მცურავი კურსი: ” ეს არის ეკონომიკისთვის ოპტიმალური მოდელი. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდება ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით. მოხდება გამყარება ან გაუფასურება. ლარის კურსის მერყეობა ჯდება სტაბილური ვალუტების მერყეობის პარამეტრებში. ამას ადასტურებენ ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მე შევხვდი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს და დაადასტურეს, რომ ლარს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ველოდებით, რომ ლარი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გამყარდება.” 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 17:00 საათზე დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 1,9265 ლარია. ეროვნული ვალუტა ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილ კურსთან შედარებით 0.0190 პუნქტით გამყარდა.  

 

ეროვნულმა ლარმა გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში ერთი თვის წინ დაიწყო. 1,75 ნიშნულიდან ლარი 5 დეკემბერს 2,00 ნიშნულზე ავიდა. ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორ კვირაში ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად 80 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა ლარის კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოხერხდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი