ეკონომიკა

ქობულია: სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ

15 მაისი, 2019 • 3232
ქობულია: სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით მთავრობას ოთხი მიმართულებებით მუშაობას ურჩევს, მათ შორის – სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას. მისი თქმით, დღეს სახელმწიფო კომპანიები არაეფექტიანობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ.

როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუ გვინდა საექსპორტოდ გამიზნული ინვესტიციების მოზიდვა, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს ექსპორტიორებს, დაბალ ფასში სწრაფად და იმედიანად გაიტანონ აქედან საქონელი.

სამუშაო ადგილები

ყოფილი ეკონომიკის მინისტრის თქმით, პირველი, ეს არის სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება და ტექნიკური განათლება:

ჩვენი მუშახელის კვალიფიკაცია არის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ახალი ინვესტორები შემოვიდნენ; შემდგომი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, ეს არის საექსპორტო სატრანზიტო სატვირთო გადაზიდვების ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ჩვენ გვინდა საექსპორტოდ გამიზნული ინვესტიციების მოზიდვა, უნდა უზრუნველვყოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს ექსპორტიორებს, დაბალ ფასში სწრაფად და იმედიანად გაიტანონ აქედან საქონელი. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ მსხვილ ინვესტიციებს მხოლოდ შიდა ბაზარზე ორიენტაციით”.

გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოს შინაგანი ბაზარი მცირეა და ღარიბი, რადგან რა ინვესტიციებიც შემოდის, არცერთი კომპანია არ არის მნიშვნელოვანი  და დიდი ინვესტიციის განმახორციელებელი.

ინვესტორების და ბიზნესის ხელშეწყობა

ყოფილი ეკონომიკის მინისტრის რჩევით, მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ინვესტორებისა და ბიზნესის ხელშეწყობაზე.

გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ აუცილებელია გააზრებული და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ნებართვების, ლიცენზიების, უძრავი ოქნების განკარგვის და სხვა საკითხების მიმართულებით:

შემდგომი არის ბიზნესის ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების განვითარება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტის ფული ჩავასხათ მშენებლობებში, აქ  ლაპარაკია კაპიტალური ბაზრის კანონმდებლობის შექმნაზე, მოძრავ გირაოზე და გრძელვადიანი სესხების შექმნაზე, რომელიც სოფლის მეურნეობას წაადგება. ჩვენ ეს ინსტრუმენტალი ჯერჯერობით არ გვაქვს განვითარებული. შემდეგი არის მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა ბიზნესპროექტის შინაარსისა და რეფორმების ხალხთან მისატანად. ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის პირობებში, რომ ხალხთან ვიმუშაოთ აქტიურად და მათთან მივიტანოთ, თუ რას და რატომ ვაკეთებთ იმისთვის. რომ მივიღოთ მათი მხარდაჭერა”.

ქობულია საჭიროდ მიიჩნევს სტრატეგიული სექტორების წახალისებას სახელმწიფო შესყიდვებში პრეფერენციებითა და სხვა შეღავათებით. მისი თქმით, ამაშიც არის ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც შესაძლოა მთავრობამ გამოიყენოს.

მსხვილი უცხოური კომპანიების შემოყვანა

როგორც ქობულია ამბობს, მნიშვნელოვანია, მსხვილი უცხოური კომპანიების შემოყვანა და მიზანმიმართული სტრატეგიის ქონა. მისი აზრით, მოწინავე უცხოური კომპანიების შემოყვანის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს საერთაშორისო ეკონომიკაში სწრაფად ინტეგრირებას:

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საქართველოში ის სექტორები, სადაც შედარებით გვაქვს საინვესტიციო მიმზიდველობა, რათა მოვიზიდოთ მოწინავე კომპანიები, რომლებიც შექმნიან პოზიტიურ იმიჯს, დაგვეხმარებიან უნარ-ჩვევების განვითარებაში და მოგვცემენ წვდომას ბაზრებზე. შედეგად, მოგვეცმენ საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრირების საშუალებას – ეს არის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფო ინფრასტრუქტურა და ეს არის წიაღის სექტორი.”

ყოფილი ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობას არ უნდა ეგონოს, რომ საქართველოში მსხვილი უცხოური კომპანიების შემოყვანა სხვა სექტორებიდანაც შეუძლია, რადგან ეს ძალიან რთულია. გიორგი ქობულიას განცხადებით, ამის მიზეზია მცირე შინაგანი ბაზარი და ექსპორტზე ვერგატანა. ამიტომ, ქობულიას რჩევით, მთავრობამ უნდა დაიწყოს იმ სექტორებიდან, სადაც რამის შეთავაზება შეუძლია ქვეყანას.

სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა

გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკის გასაზრდელად ასევე საჭიროა სახელმწიფო ქონების სწრაფი პრივატიზაცია და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ძირითადი მიზანი, როგორც არაერთხელ მითქვამს, არაა მხოლოდ ბიუჯეტში თანხების მოზიდვა, არამედ ამ ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან შემოგვრჩა დიდი ქონება, რომელიც არ მონაწილეობს ეკონომიკაში. უნდა გადავცეთ ეს ქონება ბიზნესს, რომ შექმნან რაღაც დროულად. სახელმწიფო კომპანიები, რამდენადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს, არავისთვის არაა გასაკვირი, რომ ისინი დღესაც ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს წარმოადგენენ”, – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, სახელმწიფო კომპანიები დღეს წარმოადგენენ არაეფექტიანობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს. მისი განცხადებით, კორპორატიზაციის და პრივატიზაციის გარეშე , საქართველო ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

  • პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრა მიმდინარეობს.
  • ქობულია საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით მივიდა. ჯერჯერობით შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის მხოლოდ ორი დეპუტატი: შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.
  • დღის წესრიგით, ქობულია ჯერ პარლამენტის წევრებისთვის რვათვიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, ხოლო შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ქობულიასთან შეხვედრას უმრავლეობიდან მხოლოდ შალელაშვილი და ხუციშვილი ესწრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი