ეკონომიკა

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევა ექსპერტებს მიანდო

15 ოქტომბერი, 2014 •
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევა ექსპერტებს მიანდო

საქართველოს ეროვნულ ბანკის საბჭოში ერთი წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არჩილ მამათელაშვილმა ეს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

ეროვულ ბანკში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არჩილ მამათელაშვილი სხვა სფეროში დასაქმდა და კანონმდებლობის თანახმად, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარადგონოს.

 

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.


ეროვნული ბანკის საბჭოში ამ დროისათვის 6 წევრია: გიორგი ქადაგიძე, არჩილ ემსტვირიშვილი, ოთარ დანელია, ლაშა ჯუღელი, ვაჟა ჯანყარაშვილი და ნიკოლოზ გონგლიაშვილი. 

 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი იყოს მაღალკვალიფიციური და ობიექტური პროფესიონალი.


მისი თქმით, შერჩეული კანდიდატი კარგად უნდა აცნობიერებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ქვეყნის პირველი პირი მზად არის აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგინოს კანდიდატურა.


„საქართველოს პრეზიდენტსამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ჰქონდა ეკონომიკის ექსპერტებთან:აღნიშნულ-თან დაკავშირებით პროცესი გრძელდება, რომელიც არის გამჭვირვალე და უახლოს მომავალში საქართველოს პრეზიდენტი  წარუდგენს პარლამენტს ღირსეულ კანდიდატს“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

 

ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის თხოვნით ქვეყნის პირველ პირს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წერილობით 8 ოქტომბერს მიმართა.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი