ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: დაუბეგრავი მინიმუმი მოქალაქეებს 2015 წელსაც დაუბრუნდებათ

15 ოქტომბერი, 2014 • • 1245
ფინანსთა სამინისტრო: დაუბეგრავი მინიმუმი მოქალაქეებს 2015 წელსაც დაუბრუნდებათ

“ისე როგორც მიმდინარე წელს, 2015 წელსაც მოსახლეობას დამატებით ეცნობება, როდიდან ექნებათ საშუალება შეავსონ ელექტრონული დეკლარაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე. პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია მის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება ავტომატურად, დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, რის შემდეგაც თანხის დაბრუნების მიზნით 3 თვის ვადაში საგადასახადო ორგანო სახაზინო სამსახურს უგზავნის შესაბამის საგადახდო დავალებას, რომელიც სრულდება 10 სამუშაო დღეში”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

 

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების საკითხს  არეგულირებს “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით, განსაზღვრულია ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესი (მუხლი 392).

 

“2015 წელსაც დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება განხორციელდება ზემოაღნიშნული რეგულაციებით განსაზღვრული წესითა და პირობებით. ამასთან, ისევე როგორც 2014 წელს, 2015 წელსაც ბიუჯეტის შემოსულობების დაგეგმვა ხორციელდება დაუბეგრავი მინიმუმის სახით დასაბრუნებელი თანხის გამოკლებით” – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. 

 

თუ პირის მიერ 2014 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს, უფლება ექნება 2015 წელს გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი და მოითხოვოს აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.

 

კერძოდ, თუ პირის მიერ 2014 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში, უფლება ექნება დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში, დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაუბეგავი მინიმუმი 470 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუბრუნდა. ფინანსთა სამინისტროს დაბრუნებული თანხის ოდენობა, ჯამში, 131 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.


 


მასალების გადაბეჭდვის წესი