ეკონომიკა

ბანკებს სამშენებლოს გარდა სხვა არაპროფილური ბიზნესის წარმოებაც შეეზღუდებათ

9 ოქტომბერი, 2014 • • 2469
ბანკებს სამშენებლოს გარდა სხვა არაპროფილური ბიზნესის წარმოებაც შეეზღუდებათ

კომერციული ბანკები არაპროფილურ აქტივებს ფლობენ ბიზნესის ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა ლიზინგი, დაზღვევა, ტურიზმი, უძრავი ქონების სექტორი, სწრაფი გადახდების აპარატები.

 

საქართველოში მოქმედი 21 კომერციული ბანკიდან არაპროფილურ აქტივებს, ძირითადად, ორი მათგანი ფლობს: „საქართველოს ბანკი“ 61 შვილობილი კომპანიის მესაკუთრეა, “თიბისი ბანკი” კი – 10-ის.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, “საქართველოს ბანკი” 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისი აი“-ში, შპს “თელიანი ველში “ – 51,23%-ს, შპს “ინტერტურში” – 99,99%-ს, შპს „ჩემ კლინიკაში“ – 51%-ს, “რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში” – 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ “დინამოში” – 100%-ს და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.

 

”თიბისი ბანკი” ფლობს სალიზინგო კომპანია ”თიბისი ლიზინგის” 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება ”თიბისი კრედიტის” 75%-ს, საბროკერო კომპანია ”თიბისი ბროკერის” 100%-ს, ”გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის” 93%-ს, ”უძრავი ქონების მართვის ფონდის” 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, ”თიბისი ფეის” 100%-ს, ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია ”თიბისი ინვესტს”.

 

“თი ბი სი ბანკში” მიაჩნიათ, რომ სალიზინგო კომპანია და “თიბისი ფეი” არაპროფილური ბიზნესი არ არის და სეგმენტი საფინანსო სექტორს უკავშირდება:

 

“თიბისი ბანკი ფლობს საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, ”თიბისი ფეის” 100%-ს,  არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება ”თიბისი კრედიტის” 75%-ს, საბროკერო კომპანია ”თიბისი ბროკერის” 100%-ს. ეს არ არის არაპროფილური ბიზნესი. ჯერ ჩვენთვის არ არის ცნობილი, შეეხება თუ არა ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტი კონკრეტულად ამ ბიზნესებს.”


თბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა ღაძაძის  შეფასებით, „თიბისი ბანკის“ ყველა სუბსიდიარი ემსახურება მხოლოდ საბანკო ბიზნესის განვითარებას:


” კერძოდ, სგადადამხდელო საშუალებების ტექნოლოგიური არხებს, სხვადასხვა გადახდების ტექნიკურ მომსახურებას, მცირე სესხებს, ლიზინგს, რაც სესხის ერთ-ერთი კერძო სახეობაა, დეპოზიტების მოზიდვას და ა.შ. არცერთ ამ ბიზნესს არ გააჩნია საბანკო მომსახურებისაგან განყენებული და განსხვავებული ბიზნეს-პროფილის შემოსავლები. ეს ჩვენი სტრატეგიაა და ამ სტრატეგიას ჩვენ ვინარჩუნებდით მაშინაც, როდესაც ნორმატიულადაც კი არასაბანკო ბიზნესების წარმოება ბანკებს შეეძლოთ. ჩვენი ბიზნეს სტარტეგია ახლა უკვე ნორმატიულ  მოთხოვნებსაც ავტომატურად დააკმაყოფილებს.”


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის შეზღუდვის შესახებ საჯაროდ 8 ოქტომბერს განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მედიისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ ქადაგიძემ ღიად განაცხადა, რომ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის ფლობა შეეზღუდებათ:

 

“აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რომ ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი რისკი კომერციულ ბანკებსა და დეველოპერულ ინდუსტრიას შორის ამოიწუროს და, შესაბამისად, მიღებული იქნება საზედამხედველო დირექტივები ამა თუ იმ მოთამაშესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბაზრის ზომას, არაერთხელ მითქვამს, რომ უშუალოდ არაპროფილური სექტორი საბანკო სექტორთან შედარებით არ არის მნიშვნელოვანი, ეს ჯამურად 1%-ზე ნაკლებია, თუმცა ამ ინდუსტრიებისთვის ეს მაინც მნიშვნელოვანი წილია. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ არა იმასთან დაკავშირებით, უკვე სად ვართ, არამედ რა მიმართულებით განვითარდება მთლიანად ფინანსური და დეველოპერული სექტორები. მივდივართ უნივერსალური საბანკო მომსახურებისკენ, თუ – კლასიკური საბანკო მომსახურებისკენ. ჩვენი მთავარი ამოცანა მკაფიო ბარიერის ქონა იქნება, რათა მეანაბრეთა თანხა ისეთი სეგმენტებისკენ არ იყოს მიმართული, რაც კლასიკური საბანკო საქმიანობა არ არის. ამასთან, არც ერთი ბანკის აქციონერს არავინ აუკრძალავს, რომ ინვესტიცია სხვა ინდუსტრიებში განახორციელოს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის ხელმძღვანელი დეველოპერებს პირველად იმიტომ შეხვდა, რომ კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესების ფლობის საკითხის განხილვა სამშენებლო კომპანიების ინიციატივით დაიწყო.  

 

დეველოპერები ეროვნული ბანკის ინიციატივას კომერციული ბანკებისათვის არაპროფილური აქტივების შეზღუდვის შესახებ დადებითად აფასებენ. სამშენებლო კომპანიებს მიაჩნიათ, რომ თუ ბანკებს  სამშებებლო ბიზნესის ფლობა შეეზღუდებათ, ამ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდული აღარ იქნება. 

 

“მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ  “საქართველოს ბანკს” თვითონ აქვს ინტერესი სამშენებლო ბიზნესში, კერძოდ, კომპანია “ემ კვადრატის” მფლობელია და, შესაბამისად, ამ ბაზარზე კონკურენციას ზღუდავდა:

 

“აქვს ინტერესი ბაზარზე და სხვა დეველოპერებს ნაკლებად აფინანსებს და ხშირ შემთხვევაში, კომპანიების იმიჯის შელახვის მიზნით, ვალის დაფარვის მიუხედავად, მათ ქონებას იპოთეკას არ უხსნის. ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკურენტი კომპანიები დაკაბალებული ჰყავდეს. ნებისმიერი ბიზნესის წარმოებაში ბანკი ყველას აჯობებს. ბანკს შეუძლია თავისი კუთვნილი ნებისმიერი ბიზნესი დააფინანსოს და, შესაბამისად, ბაზარზე ამ სეგმენტის სხვა მოთამაშეები შეზღუდოს”.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების შეზღუდვის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალური ირექტორი ირაკლი გილაური გამოეხმაურა: 


“ახალი რეგულაციების შემოღების შემთხვევაში, საქართველოს ბანკი, ბუნებრივია, იმოქმედებს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად და მოახდენს სტრუქტურულ ცვლილებებს, შესაბამისად, არაპროფილურ ბიზნესს იურიდიულადაც გამიჯნავს.” 


ბანკების ქმედებას არაპროფილური აქტივების ბაზარზე კანონი “კომერციული ბანკების შესახებ” არეგულირებს. 


“კომერციული ბანკების შესახებ” კანონის მე–10 მუხლის მიხედვით, კომერციული ბანკი უფლებამოსილია ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს; ასევე, ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას; მიიღოს წილი მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად და ა.შ.


“საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი არ კრძალავს ინვესტიციების განხორციელებას ბანკების მიერ, თუმცა ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს, მათ შორის, ნებართვებს, ლიმიტებს ბანკის კაპიტალთან მიმართებაში და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის დასარეგულირებლად დაწესებულ შეზღუდვებს. ბანკებს ეკრძალებათ ინსაიდერებთან შეღავათიანი პირობებით ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება. ამასთანავე, შვილობილი საწარმოების კაპიტალში ინვესტიციები იქვითება საზედამხედველო კაპიტალიდან. საბანკო სისტემის ინვესტიციების ჯამური მოცულობა, რაც აქტივების მხოლოდ 2,6 პროცენტს წარმოადგენს, თითქმის სრულადაა დაქვითული საზედამხედველო კაპიტალიდან”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი