ეკონომიკა

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსია არ იზრდება, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ გაიზრდება

7 ოქტომბერი, 2014 •
2015 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსია არ იზრდება, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ გაიზრდება

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ თუ ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი ჩანაწერი და ფინანსური უზრუნველყოფა არ გაჩნდა,  2015 წელს პენსია არ გაიზრდება: 

 

“მინდა ვიცოდე კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა პენსიების ზრდის მიმართულებით რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს. 2015 წლის ბიუჯეტში ეს ციფრობრივად ასახული არ არის, მაგრამ განმარტებით ბარათში ნათქვამია და ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა, რომ პენსიების გარკვეული ზრდა იქნება.”

 

პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის პროგნოზით, თუ 2015 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა, ასაკობრივი პენსია შესაძლოა 5–10 ლარით გაიზრდოს:

 

“თუ საკითხი გადაწყდა, ბიუჯეტს ექნება იმის რესურსი, რომ პენსია სავარაუდოდ 5–10 ლარით გაიზარდოს.”  

 

2015 წელს პენსიების ზრდას  (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით) 683 ათასი ასაკით პენსიონერი ელოდება. 

 

76 წლის თამარ აფციაური “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ პენსიის ზრდას მოუთმენლად ელოდება: “ჩემი პენსია 150 ლარია და ნახევარს წამლებზე ვხარჯავ. ჩემთვის პენსიის მცირე ზრდა შეღავათი იქნება”. 

 

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტში დღეს 2015 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარადგინა. საბიუჯეტო–კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის კითხვას, თუ რა ფინანსური რესურსით მოხდება პენსიის ზრდა, ვერ უპასუხა:  

 

“რა მოცულობით მოხდება პენსიების ზრდა, ცნობილი გახდება ორი თვის განმავლობაში, მაგრამ პენსიები 2015–2016 წელს აუცილებლად გაეზრდება ყველას.” 

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტში განმარტებულია – “2015-2016 წლებში დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში განხორციელდება არსებული სოციალური გასაცემლების დახვეწა მიზნობრივ ჯგუფებზე მეტი შედეგის მისაღწევად. გაგრძელდება საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მოცულობის ეტაპობრივი ზრდა”.

 

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თუ 2015 წელს პენსიები გაიზრდება, დეპუტატები უფრო მარტივად დაუჭერენ ბიუჯეტს მხარს: 

 

“კონკრეტული პასუხი მალე გაეცემა კითხვას, თუ როდის და რამდენით გაიზრდება პენსია. ეს დახურული თემა არ არის. ამ  მიმართულებით გადავდგამთ ნაბიჯებს. პენსიის ზრდა დამოკიდებულია საბიუჯეტო პარამეტრებზე.”

 

2015 წელს პენსიების ზრდის მოლოდინი არ აქვს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” ზურაბ მელიქიშვილს:

 

“2015 წელს პენსიის ზრდაზე ვისმენთ მხოლოდ განცხადებებს. ფინანსთა მინისტრი ვერ აკონკრეტებს, თუ რომელ მუხლშია აღნიშნული თანხა? რა რესურსზეა საუბარი? 2015 წლის 12 თვიდან როდის მოხდება პენსიის ზრდა და რა რაოდენობით? ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილია ბუნდოვანება. ამ ბიუჯეტის პროექტიდან არაფერი არ იქნება, ცხადია. თუ გადამუშავებულ ვარიანტში კიდევ რაღაც ვალდებულებებს გაზრდიან, შესაბამისად, პენსიის მცირე ზრდა დაფიქსირდება”.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საპენსიო უზრუნველყოფის ნაწილში 1,360 მილიარდი ლარი გაიწერა, რაც 34 მილიონი ლარით მეტია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2013 წელს ბიუჯეტიდან საპენსიო უზრუნველყოფაზე 1 148 812 ლარი დაიხარჯა. 


დავით ონოფრიშვილი განმარტავს, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა იმიტომ მოხდა, რომ  ასაკით პენსიონერთა რაოდენობა დაახლოებით 6 ათასით გაიზარდა. 


“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  მთავრობამ პენსია მხოლოდ ერთხელ,  2013 წლის 1 სექტემბერს გაზარდა.  მინიმალური პენსია 150 ლარი გახდა. ასაკის პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. პენსიის მატება 681 392 პენსიონერს შეეხო.

 

“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს პენსია 2012 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარიდან 125 ლარამდე გაიზარდა. 67 წლის ასაკზე უფროს ადამიანებს – 25 ლარით, ხოლო 15 ლარით იმ პენსიონერებს, რომლებიც ამ 10–ლარიან დანამატს იღებენ;

2008 წელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მინიმალური პენსიის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას დაპირდა, რისი შეუსრულებლობის გამოც ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებდა.

 

პენსიის ყოველწლიური ზრდის შესახებ დაპირება პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაშიც არის.


ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მთავრობა ყოველთვის იქნება თავისი დაპირებების მძევალი და საპენსიო ხარჯები ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება:


“მთავრობამ დაგროვებითი პენსიის რეფორმა უნდა დაიწყოს. ჩემი ინფორმაციით, ამ სისტემაზე გადასასვლელად შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელიც მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. ფაქტია, რომ საპენსიო ხარჯები ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება, ამიტომ ფინანსთა სამინისტრო მარტივად ვერ ასახელებს კონკრეტულ ციფრებს.”

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი