2015 წელს მთავრობა ბიუჯეტში გაწერილი გეგმის შესასრულებლად 1 მილიარდ 320.0 მლნ ლარს ისესხებს. 2014 წელს ბიუჯეტის შესავსებად მთავრობამ 1 მილიარდ 332 მილიონი ლარი ვალად უკვე აიღო.
საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი –ქრთული ოცნების” საარჩევნო პროგრამის თანახმად მთავრობა დიდი ოდენობით ვალის აღების პრაქტიკაზე უარის თქმას გეგმავდა. კოალიციის წარმომადგენლები მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში ვალს მხოლოდ მომგებიანი პროექტების დაფინანსებისთვის აიღებდნენ:
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მომავალი თაობებისათვის დიდი ოდენობით ვალების დატოვების არსებულ პოლიტიკაზე უარის თქმა და კრედიტების მხოლოდ გონივრულად და, რაც მთავარია, გამჭვირვალედ, დასაბუთებული
საინვესტიციო პროექტებისათვის გამოყენება. აქედან გამომდინარე: გატარდება ვალების მართვის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს თაობათა შორის სამართლიანობას და უზრუნველყოფს მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობას;
სწორი პოლიტიკის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ვალების ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება და მართვა, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ბოლო 20 წლის განმავლობაში არ არსებობდა სახელმწიფო პოლიტიკა საშინაო ვალების მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში საქართველოს სახელმწიფომ აღიარა ან არ აღიარა მოქალაქეთა მიმართ ცალკეული დავალიანებები, როგორც შიდა ვალი. მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა ვერც პრიორიტეტების განსაზღვრა და ვერც საშინაო ვალის მომსახურების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება.
აქედან გამომდინარე, დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხდეს სახელმწიფო შიდა ვალის ინვენტარიზაცია და დაფარვის რეალური მექანიზმის შექმნა” – ნათქვამია საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი– ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2014 წლის 30 სექტემბერს მთავობას 2015 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარუდგინა.
ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტის თანახამდ, ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 320.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
• საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები – 680.0 მლნ ლარი;
• მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების საბიუჯეტო კრედიტები – 240,0 მლნ ლარი;
• სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა – 400,0 მლნ ლარი;
2014 წლის ბიუჯეტში მთავრობის მიერ აღებულმა შიდა და საგარეო ვალდებულებებმა, ჯამში, 1 მილიარდ 332 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო წლის ბოლომდე 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდებს – სახაზინო ვალდებულებებს და ობლიგაციებს გამოუშვებს. 732 მილიონი ლარის სესხად აღება კი სხვა წყარობიდან მოხდება.
2012 წელს მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად 58,315 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, ხოლო 2013 წელს – 150 მლნ ლარის. ფასიან ქაღალდებს ბანკები ყიდულობენ. შესაბამისად, სახელმწიფო ბანკების კრედიტორი ხდება.
სახელმწიფო ბიუჯეტში გაწერილი გეგმის თანახმად 2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი 9 977,1 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო შიდა ვალი – 2 384 2 მილიარდი ლარი.
საარჩევნო პროგრამაში არსებული დაპირების მიუხედავად, ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის გასვლის შემდეგ “ქართული ოცნების” ეკონომიკურ გუნდს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია არ მოუმზადებია.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიმა საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავების რეკომენდაცია მისცა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროგრამების მენეჯერი ირინა გურული “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფო ვალის მართვა საქართველოს მთავრობამ კრიზისის დადგომამდე უნდა დაიწყოს, რადგან სახელმწიფო ვალის ეფექტურად მართვა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ–ერთი გარანტია:
“ძირითადად ვალის მართვა იწყება მაშინ, როცა დგება კრიზისი. ჩვენი მიზანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გაგვეკეთებინა იმის ადვოკატირება, რომ ვალის მართვა უნდა მოხდეს კრიზისის დადგომამდე, რათა შემდგომი პრობლემები ავიცილოთ თავიდან.”
მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში 35,6%–ია, მთავრობის საგაერო ვალი კი მშპ–ს 26,9%–ია.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მთავრობის ვალი ბიუჯეტის შემოსავლებთან 131%–ია, საგარეო ვალი კი საბიუჯეტო შემოსავლებთან 99%–ია, მთავრობის საგარეო ვალი ექსპორტთან მიმართებაში 52,6%–ს შეადგენს.
“საქართველოს მთავრობის საგარეო ვალს მშპ-სთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვრამდე არ მიუღწევია, თუმცა საგულისხმოა, რომ საგარეო ვალის 94 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რაც ზრდის სავალუტო რისკს და იმის საფრთხეს, რომ გაცვლითი კურსის ფონზე აღებული ვალდებულებების წნეხი შესაძლოა გაიზარდოს”, – ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროგრამების მენეჯერი ირინა გურული.
2014 წლის ბიუჯეტში საკრედიტო რესურსის წილი არის გაზრდილი თითქმის 2,5–ჯერ, 18% აღწევს. და 2013 წელს საკმაოდ ბევრი სააგრეო ვალის მიმართულება სოციალური ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოიყო.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში მიჩნიათ, რომ მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ზრდით უნდა მოხდეს სოციალური ვალდებულების დაფინანსება: “გამართლებულია საგარეო ვალის აღება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რაც დამატებით მოახდენს ეკონომიკის სტიმულირებას. მოხდება სამუშაო ძალის დასაქმება და თავისთავად ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ისევ ბიუჯეტში შევა გადასახადები.”