ეკონომიკა

პარლამენტის ორი კომიტეტის უარყოფითი დასკვნა 2014 წლის ბიუჯეტის 6 თვის შედეგებზე

9 სექტემბერი, 2014 •
პარლამენტის ორი კომიტეტის უარყოფითი დასკვნა 2014 წლის ბიუჯეტის 6 თვის შედეგებზე

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი “ნეტგაზეთაან” საუბარში აცხადებს, რომ კომიტეტს 2014 წლის ბიუჯეტის მიმართ შენიშვნები საშემოსავლო ნაწილთან არ აქვს. პრობლემურია ხარჯვითი ნაწილი, რადგან სამინისტროები გამოყოფილ ფულს ვერ ითვისებენ.

 

პარლამენტის კომიტეტებში 2014 წლის ბიუჯეტის 6 თვის ფაქტობრივი შესრულების შედეგები ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა წარადგინა. აგულაშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინსიტროში ტენდერები და კონკურსები ჩაიშალა, რის გამოც პროექტები ვერ განხორციელდა და უწყების ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდა:  

 

“კომიტეტის დასკვნა უარყოფითია, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მიმართულებით შენიშვნები არ გვაქვს. ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ხარჯვითმა ნაწილმა. 2014 წელს გამოყოფილია თანხა და ამ ფულის ათვისება როცა ვერ ხერხდება, რაღაც პრობლემებია. მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საჭიროა სპეცტექნიკა, რომელიც გამოიყენება მცენარეების შეწამვლისთვის. ამ ტიპის ტენდერი რომ  ჩაატაროს უწყებამ ჩვეულებრივ პირობებში, როგორც ჩანს, მოესწრებოდა და თანხაც ათვისებული იქნებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ მთავრობამ დაადგინა ახალი წესი, შეთანხმების პროცესი გაიწელა დროში. არის ასეთი პრობლემა, რომ კონკურსები გვქონდა და ჩავარდა და ამან გამოიწვია ის, რომ თანხები ვერ ავითვისეთ. ვფიქრობ, რომ აქ საკონკურსო კომისიების მუშაობის ხარვეზია. მე მესმის, რომ ადამიანური რესურსების პრობლემა გაგვაჩნია ქვეყანაში და მესმის, რომ სამსახურს სჭირდებოდეს, რაც შეიძლება მაღალკვალიფიციური კადრები მიიღოს, მაგრამ ამავე პროცესში შეიძლება დავინახოთ მენეჯმენტური პრობლემა,” – აცხადებს აგულაშვილი. 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აგრარულ კომიტეტში წარმოდგენილი ინფორმაციით, უწყებას 2014 წლის 6 თვის დაზუსტებული გეგმით, 169 მილიონ 940 ათასი ლარი გამოეყო, ფაქტობრივი შესრულება -145 მილიონ 623 ათასი ლარია, რაც დაგეგმილის 85,8%-ია.

 

სამინისტროს ინფორმაციით, 100%-ით მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის გეგმა შესრულდა: გეგმით გათვალისწინებული იყო 58 მლნ. 800 ათასი ლარი და ათვისებულია 58 მლნ. 800 ათასი ლარი. ასევე 100%-ით შესრულდა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები – გეგმით გათვალისწინებული იყო 50 მლნ. ლარი. ათვისებულია 50 მლნ.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის “სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა”  განხორციელებისთვის გეგმით გათვალისწინებული იყო 15 მლნ. 096 ათასი ლარი. ათვისებულია 7 მლნ. 713 ათასი ლარი, რაც შესრულების 51,2%-ია. 

“მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარება” – გეგმით გათვალისწინებული იყო 5 მლნ. 767 ათასი ლარი, ათვისებულია 2 მლნ. 397 ათასი ლარი, რაც შესრულების 41,6%-ია;

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები – გეგმით გათვალისწინებული იყო 644 ათასი ლარი, ათვისებულია 367 ათასი ლარი, რაც შესრულების 57,0%-ია.

 

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია- გეგმით გათვალისწინებული იყო 500 ათასი ლარი, ათვისებულია 117,3 ათასი ლარი, რაც შესრულების 23,5%-ია;

 

სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება – გეგმით გათვალისწინებული იყო 4 მლნ. 286 ათასი ლარი, ათვისებულია 469 ათასი ლარი, რაც შესრულების 11, 09%-ია. 

 

რაც შეეხევა სხვა პროგრამებს: “სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა” – გეგმით გათვალისწინებული იყო 148 მლნ. 849 ათასი ლარი, ათვისებულია 135 მლნ. 367 ათასი ლარი, რაც შესრულების 91,0%-ია; 

 

სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა – გეგმით გათვალისწინებული იყო 3 მლნ. 241 ათასი ლარი, ათვისებულია 3 მლნ .003 ათასი ლარი, რაც შესრულების 92, 7%-ია;

 

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში – გეგმით გათვალისწინებული იყო 2 მლნ. 544 ათასი ლარი, ათვისებულია 2 მლნ. 049 ათასი ლარი,რაც  შესრულების 80, 6%-ია; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია – გეგმით გათვალისწინებული იყო 21 მლნ. ლარი, ათვისებულია 17 მლნ. ლარი, რაც შესრულების 81, 09%-ია; 

 

გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სააპარლამენტო კომიტეტი სოფლის მეურნეობის სამინიტროს მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული იქნება, როცა 2014 წლის ბოლოს გამოყოფილი ფულის ეფექტურად ხარჯვის საკითხს შეაფასებს: 

 

“მე პირადად ვიცი რამდენიმე აქტივობა, რომელიც გავლენას მოახდენდა ბიუჯეტზე. ერთი მხრივ, ფულიც დაიხარჯებოდა. ვსაუბრობ მობილურ მოქმედ ლაბორატორებზე. წარმოიდგინეთ მიკროავტობუსის ბაზაზე დაფუძნებული მაღალპროფესიული დარგის სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე გასვლით თან ასწავლიან, თან კონსულტაციებს გაუწევენ ფერმერებს. ასეთი გამოვცდილება არის ისრაელში. ერთი ასეთი ტიპის მანქანა 1000 ფერმერს ემსახურება. ჩვენ ეს გვჭირდება და ამ დროს, როცა რესურსი ასათვისებელი გაქვს და შეგიძლია ასეთი მოდელი დანერგო, მე ვფიქრობ, რომ ეს ხარვეზად უნდა ჩაითვალოს.”

 

აგულაშვილი ხარჯვით ნაწილში არსებულ ხარვეზებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მენეჯმენტის შეცვლას უკავშირებს: “ჩვენი ამოცანა არ არის, ვინმეს ყური აუწიოთ და ვინმე სამსახურიდან გავათავისუფლოთ. ფულის არხარჯვა თავისთავად საშემოსავლო ნაწილზეც ახდენს გავლენას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა გააუმჯობესონ მენეჯმენტი იმ თვალსაზრისით, რომ საქმე გააკეთონ.”

 

2014 წლის 6 თვეში განსაზღვრული თანხები გეგმისამებრ ვერც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ აითვისა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მხოლოდ 67%-ი აითვისა.

პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების და მართვის პროგრამისთვის (განმახორციელებელი დაცული ტერიტორიების სააგენტო) 6 თვის დაზუსტებული გეგმა 6.509.6 მლნ-ს შეადგენდა, აქედან მოხდა 2.558.8 მლნ-ის დახარჯვა, რაც შესრულების 39.9%-ია.

ეროვნულ სატყეო სააგენტოსთვის, სატყეო სისტემის ჩამოყალიბების და მართვის პროგრამის განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, 5.068.2 მლნ განისაზღვრა. აქედან ათვისებულია 3.676.2 მლნ – შესრულება 72.5%-ს შეადგენს.

 

ექვსი თვის ბიუჯეტი 91.8%-ით შეასრულა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა; 89.4%-ით – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, გარემოს დაცვით სფეროში პოლიტიკის შემუშავების, რეგულირებისა და მართვის პროგრამის ნაწილში;

 

გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამისთვის განსაზღვრული იყო 194.3 ათასი ლარი, აქედან ათვისებულია – 170.3 ათასი (შესრულდა 87.6%-ით); სანერგე მეურნეობის სისტემის ჩამოყალიბება-მართვის პროგრამაზე გეგმის მიხედვით, გათვალისწინებული იყო 141 ათასი ლარი, ათვისებულია – 137 ათასი.

 

“საქართველოს პარლამენტი არის მაკონტროლებელი ორგანო და ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ფუნქციებს. ანგარიში არის საკმაოდ უარყოფით თანხების ათვისების კუთხით”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, სამინისტროს აქვს საკმაოდ მწირი ბიუჯეტი და თუ ვერ მოხდება გამოყოფილი თანხის ათვისება, მაშინ მომავალი წლის ბიუჯეტში შეუძლებელი იქნება სამინისტროსთვის დაფინანსების გაზრდა: “ასე იყო გასულ წელსაც. შეიძლება ეს დაბრალდეს მენეჯმენტის შეცვლას, მაგრამ ეს არ იქნება ბოლომდე გამამართლებელი მიზეზი. კატეგორიულად ვითხოვ, რომ თანხები იყოს ათვისებული შესაბამისი მხარჯავი უწყების მიერ”.

 

რამ განაპირობა სამინისტროების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობა, ამ თემაზე გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. 

 

2014 წლის 6 თვეში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, შემოსულობების ნაწილში ყველაზე დიდი გარღვევაა გრანტებში, სხვა შემოსავლებში, ფინანსური აქტივების კლებაში და ვალდებულებების ზრდაში.

 

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოსულობებს – 155 მილიონი, გრანტებს – 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს – 33 მილიონი, ფინანსურ აქტივებს – 6 მილიონი, ვალდებულებების ზრდას, ანუ სესხებს – 176 მილიონი ლარი დააკლდა. 

 

საპარლამენტო კომიტეტებში 2014 წლის ბიუჯეტის 6 თვის შედეგების განხილვა დღეს დაიწყო.  ამ საკითხის განხილვა კომიტეტებში 2014 წლის 12 სექტემბერს დასრულდება. ბიუჯეტის 6 თვის შედეგებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შეაჯამებს. 

ფული
ფული

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი