ნავთობიმპორტიორების პროგნოზით, საწვავი შეიძლება კიდევ გაძვირდეს. 

 

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საწვავზე ფასი ნავთობიმპორტიორებმა დაახლოებით 10 თეთრით შეამცირეს. 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივნისამდე ბენზინის და დიზელის ფასი მცოცავი გრაფიკით 2012 წლის ნიშნულს დაუბრუნდა.

 

ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ საწვავზე ფასი საერთაშორისო პლაცის [ფასი] გამო გაიზარდა. ექსპერტები და ეკონომისტები ფასის ცვლილებას საქართველოს ბაზარზე იმპორტიორებს შორის შეზღუდულ კონკურენციას და კარტელურ გარიგებას [ფასში შეთანხმება] უკავშირებენ.   

 

საწვავის ფასი 2014 წლის 2 ივლისის მონაცემებით ბაზარზე მოქმედი 5 კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე შემდეგნაირად ფიქსირდება:

 

ალფის ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2,22 თეთრია, რეგულარის ფასი 2,14, დიზელის 2,14. “ლუკოილის” ქსელში ევრო სუპერი –2,30; ევრო რეგულარი 2,10; ევრო დიზელი –2,25; დიზელი 2,14 ლარი ღირს. ვისოლის ქსელში აპი სუპერის ფასი – 2,35; ევრო რეგულარის 2,20; ხოლო აპი დიზელის –2,30 ლარია; რომპეტროლს ეფიქს სუპერი 2,35 ლარად, ევრო რეგულარი 2,11 ლარად , ხოლო ევროდიზელი 2,15 ლარად გამოაქვს. სოკარის ქსელში სუოერი 2,32′ პრემიუმი 2,22, ევრო რეგულარი 2,14 რეგულარი 2,10; ხოლო ევროდიზელი 2,27 ლარი ღირს. 

 

2014 წლის  1 ივლისის მდგომარეობით , «PLATT”S»-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შეადგენს: ბენზინი – 1036.25 დოლარი/ტონაზე; დიზელი (L-62) – 907,25 დოლარი/ტონაზე;დიზელი (10ppm) – 930,75 დოლარი/ტონაზე;Jet – 963,75  დოლარი/ტონაზე; მაზუთი – 638,50 დოლარი/ტონაზე. 


კომპანია “ვისოლის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ საწვავის გაძვირების მიზეზი საერთაშორისო პლაცია: 


“ნავთობზე პლაცი 80 დოლარით არის გაზრდილი. ჩვენც იძულებული გავხდით ნავთობპროდუქტები გაგვეძვირებინა, რადგან ვახორცილებთ იმპორტს და ტრენდის ცვლილება აისახება საცალო ბაზარზე.”


კომპანია “გალფის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯიბლაძე ამბობს, რომ 2014 წელს საწვავზე ფასი კომპანიებმა სამჯერ გაზარდეს: 


“წელს მესამედ გაიზრდა საწვავზე ფასი. ივნისში პლაცის ფასი 7%–ით გაიზარდა. ფასი ივნისის პლაციდან გამომდინარე 2–3 თეთრით გავზარდეთ. დღესაც ევრორეგულარზე მოიმატა ფასმა კიდევ 2 თეთრით, წესით ფასი აქ უნდა გაჩერდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, პლაცი არის არაპროგნოზირებადი.”


 

2014 წლის ივლისში რეგულარის საწვავის ფასი 2,10 ლარია.  მაისის მონაცემებით, ამ საწვავის 1 ლიტრის ფასი საცალო ქსელში 2.03 ლარი იყო. 2012 წელს ამ ტიპის საწვავის ფასი 2,12 ლარი იყო, 2013 წელს, 1,99- ლარი.  

 

 

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კოალიცია “ქართული ოცნებიდან” დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კარტელური გარიგების ფასი 30–40 თეთრია. 

 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი2” –ის გადაცემა“ბიზნესკურიერში” განაცხადა: 

 

“კარტელური შეთანხმების ფასი 30–40 თეთრის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. ვთქვათ, 20–დან 30 თეთრამდე. რეალურდ მე მგონია, რომ ეს შეთანხმება გარკვეულწილად არსებობს. უბრალოდ ის “ნაციონალური მოძრაობის”  ჯიბეში აღარ მიდის. მაგრამ ის ნაწილი გარკვეულწილად დაიტოვეს კომპანიებმა.  ეს ორივეს აწყობს, ერთი ამბობს, რომ გაცვლითი კურსი იზრდება, ფასს არათუ შევამცირებ, გავზრდი. “ნაციოანალური მოძრაობა” ამბობს, თქვენ [ქართული ოცნება] ხომ კარტელური გარიგების ფასს ერთ ლარს ამბობდით. ერთ ლარს არავინ არ ამბობდა. იყო ამ ციფრებზე ლაპარაკი, 30–40 თეთრზე, საიდაანც ნაწილი შემცირდა  და ნაწილი დარჩა. ჩემი აზრით, იგივე კარტელური გარიგების საფუძველზე ისევ კომპანიების ჯიბეში მიდის. [საწვავის ფასში] გარკვეული რეზერვი არსებობს და რაც მგონია, რომ კონკურენციის შესახებ კანონი მიღებულია და შესაბამისი სააგენტო დინტერესდება,”– განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძე ამბობს, რომ ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე სიტუაცია მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეიცვლება: 

 

“მონოპოლიებს ყველაზე კარგად ურტყამს თვისუფლება. ბაზარზე ბევრი კომპანია უნდა შემოვიდეს. თუკი არსებობს კონკურენცია, ფასის ცვლილება ადეკვატურია. თუ შეკრულია ბიზნესი, ფასი არ არის საბაზრო. თუ ბაზარზე არის 4–5 კომპანია, ყოველთვის შეიძლება მოხდეს გარიგება. ბაზარზე 4–5 მოთამაშე კი არ უნდა იყოს, არამედ 50 მაინც. პატარა ფირმები ხშირად ურევენ დიდ კომპანიებს გეგმებს. ეს არის კონკურენციის მაცოცხლებელი. როგორც ჩანს, 5 კომპანია ადვილი სამართავი იყო ხელისუფლების მხრიდან. მათ დაკავებული აქვთ ყველზე კარგი ადგილები, მაგრამ თუ იქნება თვისუფალი კონკურენცია, ახალი ბაზარზე ახალი კომპანიები გაჩნდება.”

 

„ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში საწვავზე ფასის კლების მოლოდინი 2012 წლის ოქტომბერში ბიზნესთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა:

 

„საწვავზე ფასი არჩევნებამდეც შემცირდა და ეს ტენდენცია ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. მეორე მომენტია, საწვავზე ფასის კლება რამდენი თეთრით მოხდება. აქ დროის ფაქტორიც მოქმდებს, ეს იმპორტირებული პორდუქტია, ხდება მისი შესყიდვა, ამ დროს კი ბაზარზე სიტუაცია იცვლება. როგორ ფიქრობთ, კომპანიას აქვს საშუალება და ფასს არ ამცირებს? ესენი არიან ბიზნესკომპანიები, მათ ფასიდან გამომდინარე უნდა შეინარჩუნონ რენტაბელურობა. აქედან გამომდინარე, ისინი ორიენტირებულნი არიან ფასწარმოქმნაზე. ამიტომ საწვავზე ფასი გონივრულ ზღვრამდე შემცირდება, ან გაიზრდება.“


კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს აღარ დაუშვებს:

 

„მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს და არ დაუშვებს დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელური შეთანხმებებით იმართება. მონოპოლიებს ვერ ავიტან და ფასები უნდა იყოს საბაზრო. ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან“ .

 

ბიძინა ივანიშვილთან ამ შეხვედრიდან მეორე დღესვე, 6 ოქტომბერს, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ყველა ტიპის საწვავზე ფასი 8 თეთრით შეამცირა. ფასი შეამცირეს საწვავზე „გალფიმ,“ „რომპეტროლმა,“ „ლუკოილმა“ და „სოკარმა“.

 

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს, 2014 წლის 15 აპრილიდან ორგანიზაციას გიორგი ბარაბაძე ხელძღვანელობს. სააგენტოს ხელმძღვნელმა მედიასთნ განაცახდა, რომ უწყება 2015 წლის 1 იანვრიდან გააქტიურდება.

 

ამ დროისათვის ნავთობპროდუქტების ბაზარზე 5 კომპანია- ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, „გალფი,“ „რომპეტროლი,“ „ლუკოილი“ და „სოკარი“ ოპერირებს.  

საწვავი
საწვავი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *