ეკონომიკა

გაზის რა მარაგი აქვს “მწარე ხევის” საბადოს

23 ივნისი, 2014 • • 4488
გაზის რა მარაგი აქვს “მწარე ხევის” საბადოს

კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ”  გასულ კვირას საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გეოლოგიური მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადი გააკეთა.


საბადოს პრეზენტაცას 19 ივნისს “ფრონტერას” აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკადროსი და აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ: 


“ესაა ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში, აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება”, – განუცხადა 19 ივნისს საბადოს პრეზენტაციზე ჟურნალისტებს “ფრონტერას” აღმასრულებელმა სტივ ნიკადროსმა. 

 

კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, “მწარე ხევის” საბადოზე გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო.  


“რაზე დაყრდნობით ამბობს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოჩნდა, ჩვენვის უცნობია. ეს არის ძველი საბადო, რომელსაც “მწარე ხევის” საბადო ჰქვია და საბჭოთა კავშირის [სსრკ–ს] დროს არის აღმოჩენილი. “ფრონტერა” მანდ მუშაობს 1997 წლიდან. ხელშეკრულება არის გაფოემებული პროდუქციის წილობრივ განაწილებაზე. “მწარე ხევზე” ფორნტერამ სამუშოები დაიწყო 2008 წელს. მანამდე საძიებო სამუშოები არ მიმდინარეობდა, რადგან არაკომერციულად ითვლებოდა. 2008 წელს დაიწყო “ფრონტერამ” ბურღვითი სამუშაოები 350 მეტრ სიღრმეზე მიწის ზედაპიროდან, რაც ძალიან მცირე სიღრმეა, ხოლო 2012 წელს გადაწყვიტა, რომ ეს გაზი შესაძლოა იყოს კომერციული მნიშვნელობის, მომგებიანად შეიძლება ამის გაყიდვა და დაიწყო პროექტის განხორციელება” – ამბობს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე აბაიძე.

 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, როცა “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ” საბადოზე ბურღვითი სამუშაოები დაიწყო, უწყებაში და საქართველოს მთავრობაში წარმოადგინა დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულ ჭაბურღილზე  23 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის დამტკიცებული მარაგი მოიაზრებოდა:

 

“ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ამ 23 მილიონ კუბურ მეტრსაც დასაბუთება სჭირდებოდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაგვაჩნია “ფრონტერას” მიერ მოტანილი ოფიციალური დოკუმენტები, სადაც არსებული მარაგი ზემოთ დაფისქსირებული ციფრია.” 


რა ხდება დღეს იორმუღანლოში, “მწარე ხევის” საბადოზე? რამდენია მოპოვება და რა მონაცემებზე  დაყრდნობით გააკეთა კომპანიამ განაცხადი 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგის შესახებ?  “ნეტგაზეთს” “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში” განუცხადეს, რომ მედიის კითხვებს მოგვიანებით უპასუხებენ. 

 

რა მოცულობის გაზის მოპოვება ხდება დღეს “მწარე ხევის” საბადოზე, ინფორმცია არც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აქვთ:  

 

“შეიძლება ჭაბურღილიდან მოდიოდეს ბუნებრივი აირი და აგროვებდნენ მილში, რომელიც კომპანიამ ააშენა. რამდენია ყოველდღიური მოპოვება, ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს. არ არის იმის ვალდებულება, რომ ჭაბურღილზე იყოს მრიცხველი და იზომებოდეს, რა რაოდენობის გაზის მოპოვება ხდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მაგისტრალურ გაზსადენში კომპანიის მიერ რამდენი კუბური მეტრი გაზი იყო შეშვებული. რეალიზაცია რამდენისაც ხდება, გაზის ის რაოდენობა აღირიცხება. სისტემა ასეთია: ჭაბურღილიდან ამოდის მცირე რაოდენობა და მილში გროვდება და როცა ახდენენ ამის გაყიდვას, აღვრიცხავთ” – ამბობს ალექსანდრე აბაიძე. 

 

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში ჭაბურღილზე 4 დღე მუშაობდნენ, რადგან მოხდა ცენტრალურ მაგისტრალში გაზის შეშვება:

 

“დღევანდელ და რამდენიმე დღის ინფორმაციას არ ვფლობ. საბადოდან უწყვეტი გაზის მიწოდება არ ხორციელდება, რაც ამყარებს ჩვენს მოსაზრებას, რომ იქ დიდი რაოდენობის გაზი არ არის. თუ არის დიდი რაოდენობის გაზი, მაშინ უნდა იყოს მაღალი წნევა” – ამბობს აბაიძე. 

 

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, “ფრონტერას” 25-წლიანი ლიცენზია 1997 წლიდან აქვს. კომპანიას ხელშეკრულების გაგრძელების უფლება 5 წლით აქვს იმ შემთხვევაში, თუ კვლავ არის საბადოებიდან მოპოვების პოტენციალი.

 

კორპორაციაში აცხადებენ, რომ “ფრონტერამ” ლიცენზია 1997 წელს სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღო, რადგან მაშინ არ იყო კანონი “გაზისა და ნავთობის შესახებ” და ლიცენზიის მინიჭება წიაღისეულის მოპოვებაზე მთავრობის გადაწყვეტილებით ხდებოდა.

 

“ხელშეკრულებაში გადახდასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი. 25 წელს ემატება 5 წელი. ასეთი პირობა დევს ხელშეკრულებაში. დღეს რასაც “ფრონტერა” იხდის, ეს  ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელია- 1 ტონზე 21 ლარია. 2012 წლის ნოემბრიდან 2017 წლამდე სხელმწიფოს ეკუთვნის მოპოვებული პრდუქციის 10 პროცენტი. 2017–დან 2019–მდე იქნება 20 %” – აცხადებენ ორპორაციაში.    

 

ფრონტერა”  არის საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს. მისი სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. კომპანიამ თავისი საქმინობა საქართველოში 1997 წლიდან დაიწყო. ის აწარმოებს კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, XII სალიცენზიო ბლოკზე, რისთვისაც საქართველოში დააფუძნა ოპერატორი კომპანია შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”.


საქართველოში გაზის მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორი-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ. კუბ. მ-ს აღწევდა.

 

რაც შეეხება თავისუფალ გაზს, მისი მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა ასევე ნინოწმინდის უბანზე, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს.

 

ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე მომყოლ გაზს მოიპოვებს “ბლეიკ ოილ ენდ გეზის” შვილობილი “ნინოწმინდის ნავთობის კომპანია”. ასევე, ინდური კომპანია “ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია” XIB სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის მოპოვებასთან ერთად მომყოლ გაზსაც მოიპოვებს.

 

გაზის ჰიდრატების ძებნა-ძიების სამუშაოებს შავი ზღვის შელფზე რუმინული კომპანია “მარექსინი” ახორციელებს.

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზის წლიური მოპოვება საშუალოდ 16.5 მლნ. კუბ. მ-ია. საქართველოში სულ მოპოვებულია 2.8 მლრდ. კუბ. მ. გაზი, საიდანაც თავისუფალი გაზის რაოდენობა 552.8 მლნ. კუბ. მ-ს შეადგენს. 


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება აზერბაიჯანთან გაზით მომარაგების შესახებ 2030 წლამდეა გაფორმებული.

 

საშუალო შეწონილი ფასი თბოსადგურებისათვის აზერბაიჯანულ გაზზე  1000  კუბ.მეტრზე 143 დოლარია. 1000 კუბურ მეტრ სოციალურ გაზში კი საქართველო 155 დოლარს იხდის. საქართველო ასევე მოიხმარს სომხეთში ტრანზიტზე გატარებული გაზის მოცულობის 10%-ს. 

 

საქართველოში გაზის წლიური მოხმარება 1,8–2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.   

გაზის საბადოს კოშკურა
გაზის საბადოს კოშკურა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი