შსს-ს ცნობით, მინისტრის მოადგილეს დიაგნოზის (სპონდილოართროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, სპინალური არხის შევიწროვება) დაზუსტების მიზნით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დასჭირდა საზღვარგარეთ დამატებითი გადაუდებელი კვლევა.
“აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ყოველდღიურად აფინანსებს თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა მკურნალობის ხარჯებს, როგორც საქართველოში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ.

2014 წლის 5 თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომელთა მკურნალობაზე 1 მილიონ 75 ათასი ლარი დაიხარჯა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვიური დანამატების შესახებ. სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი – 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი – 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი – 500 ლარს იღებს.
ასევე მოქმედებს მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000 ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად იღებს დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.
ყოველთვიურ დანამატსა და ერთჯერად დახმარებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი იღებს.
დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მან შსს-ს უწყებიდან დაზუსტებით იცის, რომ მაისის თვეში შს მინისტრის მოადგილემ, ზედელაშვილმა ხელფასის გარდა აიღო 25 ათასი ლარი პრემია.







