ეკონომიკა

“თიბისი ბანკმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო

11 ივნისი, 2014 • • 3128
“თიბისი ბანკმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო

მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და „თიბისი ბანკს“ წარმატება მიულოცა. მისი განცხადებით, “თიბისი ბანკმა” გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს წარმოსაჩენად.

 

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით ბანკმა გლობალური მნიშვნელობის ტრანზაქცია განახორციელა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აქციების წარმატებული პირველი განთავსება და დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ასამდე აღიარებული ინსტიტუციონალური ინვესტორის მონაწილეობა. შედეგად, ,,თიბისი ბანკი” შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი საჯარო კომპანიების რიცხვს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით,  ტრანზაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს სტაბილურობასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალში. 

„ასევე ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ ქვეყნის პრესტიჟი დღითიდღე იზრდება და საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს,“–აღნიშნა პრემიერმა.

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება (IPO – Initial Public Offering) დღეს განხორციელდა.     

 

“ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტრანზაქცია – თიბისი ბანკის მიერ განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა” –აცხადებენ თიბისი ბანკში. 

 

ეს არის ქართული კომპანიის მიერ აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება საფონდო ბირჟაზე. თიბისი ბანკის აქციები უკვე შეიძინა 100-მდე მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სკანდინავიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

 

ამ ნაბიჯით თიბისი ბანკი შეუერთდა მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე – ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბირჟაზე მსოფლიოში.

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ თიბისი ბანკის ინვესტორთა ბაზა გაფართოვდება, რაც დაეხმარება ბანკს გრძელვადიან განვითარებასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ამასთან, თიბისი ბანკის მრავალი აქციონერი, ინსტიტუციონალური აქციონერების და დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩათვლით, რჩებიან ბანკის აქციონერებად.

 

თიბისი ბანკი ლონდონის ბირჟაზე
თიბისი ბანკი ლონდონის ბირჟაზე

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი აქციების განთავსება არის აღიარება იმისა, რომ თიბისი ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აკმაყოფილებს მსოფლიოს საუკეთესო  სტანდარტებს. ამასთან, აქციების განთავსება გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესპროცესები საერთაშორისო კომპანიების დონის შესაბამისად და  დავნერგოთ კორპორაციული მართვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი. რაც მთავარია, ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომლის მოზიდვაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გაზრდის ინვესტორთა  ნდობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების წინაპირობას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს ამ წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის,” – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციები 2006 წელს განთავსდა. 

 

საქართველოს ბანკი, რომლის აქციები გლობალური სადეპოზიტო ხელწერილების (GDR) სახით ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან იყო განთავსებული, 28 თებერვლიდან იმავე ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადავიდა.

 

The Financial Times-ის ცნობით, საქართველოს ბანკის აქციების ღირებულება 19%–ით გაიზარდა და 381 მილიონი ბრიტანული ფუნტი შეადგინა.

 

ბანკის ცნობით, პრემიუმ სეგმენტში შესვლით ახლა ის ექვემდებარება FTSE 250 ინდექსში შესვლას.

 

FTSE 100 არის ინდექსი, რომელშიც შედის ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ასი უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კომპანია, ხოლო კაპიტალიზაციის სიდიდით შემდგომ 250 კომპანიას უკვე FTSE 250 ინდექსი მოიცავს.

 

The Financial Times-ის თანახმად, სამხრეთაფრიკული Investec-ის შემდეგ, საქართველოს ბანკი გახდა მეორე არაბრიტანული ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოხვდა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი