ეკონომიკა

ხადური: პრემია აუცილებელია, შემოსავლების სამსახური კორუფციის რისკებს შეიცავს

10 ივნისი, 2014 •
ხადური: პრემია აუცილებელია, შემოსავლების სამსახური კორუფციის რისკებს შეიცავს

“შემოსავლების სამსახურის 12–მა თანამშრომელმა 12 თვეში აიღო 500 ათასი ლარის პრემია. თვეში ეს არის 3 ათასი ლარი. ეს არის დანამატი” – ეს განცხადება ხადურმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.  

 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მაღალი პრემია შემოსავლების სამსხურის მაღალჩინოსნებს კორუფციისაგან იცავს: 

“ამ ადამინებმა, იმის მიუხედავად, რომ გასული წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდა, 6 მილიარდ ლარზე მეტი გადასახადი ამოიღეს სახელმწიფო ბიუჯეტში. პრემია აუცილებელი არის იმისათვის, რომ ერთ–ერთი ყველაზე მაღალი რისკიანი სამსხურია შემოსავლების სამსახური კორუფციის თვალსაზრისით. ამავე დროს ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, პრემიერმაც თქვა, რომ 12 კაცის 12 თვეზე პრემიის, ჯამში, გამოქვეყნებამ შეიძლება გული გაუხეთქოს ადამინს. როცა ერთ ადამინზე დავიყვანთ, პრემია საკმაოდ მოკრძალებულია.” 

 

ნოდარ ხადური აცხადებს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულ აუდიტორებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ: 

 

“კერძო აუდიტორები იღებენ გაცილებით მეტ ხელფასს, ვიდრე შემოსავლების სამსახურის აუდიტორები. ჩვენ არ გვინდა, რომ შემოსავლების სამსახურში გვყავდეს არაკვალიფიციური თანამშრომლები. ჩვენ კონკურენცია უნდა გავუწიოთ კერძო სექტორს ამ მიმართულებით. მაღალი კველიფიკაციის ადამიანი უფრო დაზღვეულია შეცდომებისაგან და ეს ბიზნესისთვის კომფორტულია.”  

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, გასულ წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირებმა (12 პირი) პრემიის სახით 514 890 ლარი მიიღო.

 

აღნიშნული სამსახურის ყოფილ უფროსს ლაშა ხუციშვილს, რომელიც ამჟამად ფინანასთა მინისტრის პირველი მოადგილეა, 62 540 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით გასული წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი შარტავამ გასულ წელს პრემიის სახით მიიღო  63 400 ლარი; რუსლან ახალაიამ – 58 900 ლარი.

 

IDFI-ის ცნობით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამეტის უფროსმა გიორგი ბუბუტეიშვილმა 45 000 ლარი მიიღო გასულ წელს პრემიის სახით; საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ივანე როსტიაშვილმა 30 600 ლარი მიიღო გასული წლის 10 თვეში; ხოლო საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ – 32 700 ლარი გასული წლის 8 თვეში.

 

IDFI-ის ინფორმაციით, რომელიც ამ ორგანიზაციას თავად შემოსავლების სამსახურმა მიაწოდა, 2013 წელს აღნიშნულ სამსახურში განხორციელდა  ავტოპარკის განახლება: 101 ავტომობილი (საერთო ღირებულებით 720 200 ლარი), ჩანაცვლებული იქნა 148 ავტომობილით  (საერთო ღირებულებით 6 626 858 ლარი) . შეძენილი ავტომობილებიდან ყველაზე დიდი თანხა 2 437 470 ლარი  გადახდილი იქნა სპეცავტომანქანა რედგენო სკანერი RAPISCAN Eagle M60 #UMU 784-ის შეძენისთვის.

 

ამას გარდა, IDFI-მ პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდანაც, საიდანაც ზოგადად უპასუხეს, რომ გასული წლის მანძილზე მათი სამსახურის თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების ოდენობამ შეადგინა 34 310 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებმა – 114 004,35 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი