ეკონომიკა

კვირიკაშვილი: გამზადებულია 100–მდე უძრავი ქონება, რომელიც 1 ლარად გადაეცემათ მეწარმეებს

19 მაისი, 2014 • • 1255
კვირიკაშვილი: გამზადებულია 100–მდე უძრავი ქონება, რომელიც 1 ლარად გადაეცემათ მეწარმეებს

ამის შესახებ “ექსპო ჯორჯიაში” პროექტ “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულ პროექტს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, პროგრამა სამ კომპონენტად იშლება:

“ეს არის ფინანსური მხარდაჭერა, ეს არის უძრავი ქონებით მხარდაჭერა და ეს არის საკონსულტაციო მხარდაჭერა. ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტში სახელმწიფო დააფინანსებს  წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%–ს. საუბარია იმაზე, რომ თუ მეწარმე ბანკიდან აიღებს სესხს, პირობითად, 13 პროცენტში, სახელმწიფო მას დაუფინანსებს 10 პროცენტს, დანარჩენ 3 პროცენტს კი ის თავად გადაიხდის. რაც შეეხება უზრუნველყოფის ნაწილს, ყველა ბანკი, მით უმეტეს, დამწყები ბიზნესის შემთხვევაში, ითხოვს უზრუნველყოფას და ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან 30 პროცენტით მოხდება გარანტირება, ანუ ბანკი შესაბამიასად  შეღავათიან განაკვეთს მოითხოვს უზრუნველყოფის ნაწილში,” – გაანცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

მინისტრის განცხადებით,  რაც შეეხება უძრავი ქონების კუთხით მხარდაჭერას: ” გამზადებულია დაახლოებით ასამდე უძრავი ქონება თბილისსა და რეგიონებში, რომელიც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა იმ მეწარმეებს, რომლებიც ახალ საწარმოს შექმნიან როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. საუბარია იმაზე, რომ ქალაქის პირობებში საბაზრო ღირებულების ექვსმაგი ოდენობით უნდა მოხდეს საინვესტიციო ვალდებულებების აღება, თბილისის გარეთ, რეგიონებში კი, საბაზრო ღირებულების ოთხმაგი ოდენობით. რაც შეეხება საკონსულტაციო მომსახურებას, საუბარია ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებაზე, ასევე, ექსპერტების ჩამოყვანაზე, ასევე, საექსპორტო ბაზრებზე არსებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ეს პროგრამა მთლიანობაში განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს ადგილობრივი წარმოების განვითრება და ეკონომიკის მომზადება იმისთვის, რომ საქართველოს პროდუქცია საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად მზად იყოს” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას შეფასებით, “აწარმოე საქართველოში” მიმართულია კერძო ბიზნესის მიერ საწარმოების დაფუძნებაზე:  “აქ იქნება დახმარების კომპლექსური პროგრამა. სახელმწიფო დაეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე, ინფრასტრუქტურით და კონსულტაციებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეწარმეებს, როემლთაც სურთ შექმნან ახალი საწარმოები, როგორც აგრო ისე არა აგრომიმართულებით გაჩერებული საწარმოების ამუშავება, ექნებათ საშუალება, რომ მიღონ ამ ტიპის დახმარება სახელმწიფოსგან. მიიღონ სესხები 2 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობით. მიიღონ კონსულტაციები განახორციელონ ინვესტიციები. იმის შემდეგ, რაც გაიცემა პორტფელი, მოხდება პროექტის გადახედვა. ამ პროექტის მომზადებაში კერძო სექტორიც იყო ჩართული. იმედი მაქვს, კერძო სექტორის აქტივობა მაღალი იქნება.”  

 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცახდებით, 1, 2 და 3 პროცენტიანი სესხები, რაზეც იყო საუბარი, საკმაოდ მიმზიდველია იმისთვის, რომ ახალი ბიზნესების განვითარება დაიწყოს საქართველოში.  

 

 

“აწარმოე საქართველოში” პროექტის პირობები „შეღავათიანი აგროსესხის” პროექტის მიერ შემოთვაზებულ პირობებს ემთხვევა. 


„შეღავათიანი აგროსესხის” პრექტის განხორციელება სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის ფონდის დაფინანსებით 2013 წლის მარტში დაიწყო. პროექტის მესამე კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნას და არსებული საწარმოების ტექნოლოგიურ გადაიარაღებას ითვალისწინებს. კრედიტის თანხა 30 000-დან 600 000 აშშ დოლარამდეა. საპროცენტო განაკვეთი – 3%-ია, სესხის მაქსიმალური ვადა – 7 წელი.







მასალების გადაბეჭდვის წესი