ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 51% თვლის, რომ 17 მაისის საქმეზე ყველა კანონდამრღვევმა უნდა აგოს პასუხი

12 ივლისი, 2013 • • 1213
NDI: გამოკითხულთა 51% თვლის, რომ 17 მაისის საქმეზე ყველა კანონდამრღვევმა უნდა აგოს პასუხი

ამასთან, როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც დღეს, 12 ივლისს სასტუმრო “ქორთიარდ ამრიოტში” კვლევის პრეზენტაცია გამართა, გამოკითხულთა 52 პროცენტი ამართლებს 17 მაისს გამართულ კონტრაქციას, რომელიც თბილისში ანტიჰომოფობიური ღონისძიების ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა. ზემოხსენებული კონტრაქციის მოწყობას 33 პროცენტი არ ამართლებს, ხოლო 12 პროცენტს ამ საკითხზე პოზიცია არ გააჩნია.

 

როგორც ცნობილია, 17 მაისს კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილმა ბარიკადები გაარღვია. გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტი ამართლებს კონტრაქციის მონაწილეების ამ ქმედებას, 46 პროცენტი არ ამართლებს, 19–მა პროცენტმა არ იცის, გაამართლოს თუ არა ეს მოქმედება, ხოლო დარჩენილმა ხუთმა პროცენტმა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა.

 

გამოკითხულთა 49 პროცენტი არ ამართლებს იმ კონტრდემონსტრანტთა საქციელს, რომლის შედეგადაც პოლიციის თანამშრომლებს, აქციის მონაწილეებსა და კერძო საკუთრებას ზიანი მიადგა. სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებული ეს ქმედებები გამოკითხულთა მხოლოდ 25–მა პროცენტმა გაამართლა. 

 

გამოკითხულთა 46 პროცენტი  მართებულად მიიჩნევს შსს–ს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე გამოძების დაწყებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოკითხულთა 51 პროცენტი (24 პროცენტის წინააღმდეგ) თვლის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა იმ ადამიანმა, მათ შორის მღვდლებმაც, უნდა აგონ პასუხი, ვისი სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელბული ქმედებებიც ხელისუფლების მხრიდან კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული. 

 

კვლევა ჩატარებულია 12 ივნისიდან 26 ივნისის პერიოდში, სულ სქართველოს მასშტაბით გამოკითხულია 2338 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. საშუალო ცდომილების ზღვარი +/– 2,9 პროცენტია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშოროსო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი