პროგრამის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ხოლო 16 მილიონი – ინდუსტრიული პროდუქტის წარმოებას.
“პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ უნდა გახდეს საბოლოოდ ქართული ბრენდი – “წარმოებულია საქართველოში“. ამ ნიშნით გამოშვებული ნაწარმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და წარმატებით გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 19 მაისს, ამ პროგრამის პრეზენტაციისას, ექსპო ჯორჯიაში გააკეთა.

ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე კვირაში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომლის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე:
“ეს იქნება დამატებითი სტიმული ჩვენი ბიზნესმენებისთვის, მეწარმეებისთვის. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერა – “წარმოებულია საქართველოში“ სულ სხვა დატვირთვას შეიძენს. საქართველოში ნაწარმოები საქონლის დიდი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე ტარიფებისა და კვოტების გარეშე შევა, რაც სტიმულს მისცემს ჩვენს მეწარმეებს განავითარონ წარმოება განსაკუთრებით პრიორიტეტულ დარგებში, სულ უფრო ხარისხიანი პროდუქცია გამოუშვან და დაამკვიდრონ ევროპული სტანდატრტები ქართულ წარმოებაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრამა – “აწარმოე საქართველოში“ ემსახურება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას, ქართული პროდუქციის შექმნას, მისი ხარისხის უზრუნველყოფას და წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარებას.
“საქართველოში არის იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია და არ გვიწევდეს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის შემოტანა უცხო ქვეყნებიდან. არ არის დასამალი, რომ ხშირად შემოდის დაბალხარისხიანი, ან მეტიც, უხარისხო პროდუქტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონსა და ბოლოს ყველა სოფელში აღდგეს ქართული წარმოება:
“ეს არის ჩემი ოცნება და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროექტებზე!” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მოიტანს ხალხისთვის დამატებით შემოსავლებსა და მატერიალურ კეთილდღეობას.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში იგეგმება პერსპექტიული ადგილობრივი წარმოების განვითარება შემდეგი მიმართულებით:
“ეს არის, პირველ რიგში, ლითონის მზა ნაწარამი, რეზინისა და პლასტმასის წარმოება, კერამიკული ნაწარმი, ბუნებრივი ქვები – მარმარილო, გრანიტი და სხვა. ეს პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენში მაღალი ხარისხით. გარდა ამისა, ყოველთვის ხარისხიანად ითვლებოდა ჩვენი აბრეშუმი, შალი, ტყავის ნაწარმი. გვაქვს აგრეთვე ხის დამუშავების და ავეჯის წარმოების გამოცდილებაც. ასევე მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობაში სასათბურე მეურნეობა; ხილის, ციტრუსის გადამმუშავებელი საწარმოები და მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები. ჩვენ ეს დარგები უნდა განვავითაროთ, უნდა ავაღორძინოთ.”
ღარიბაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა მხარს დაუჭერს დაინტერესებულ მეწარმეებს, რომლებიც გადაწყვეტენ ახალი საწარმოს შექმნას:
“პირველ რიგში, დავეხმარებით და თითქმის უსასყიდლოდ – სიმბოლურ ფასად გადავცემთ ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს, მივცემთ შეღავათიან გრძელვადიან სესხებს ძალიან დაბალი პროცენტით, მათ ჩვენ დავეხმარებით შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მოძიებაში, შესყიდვაში, საწარმოების გამართვაში.”
პროგრამა გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნაზე. ეს იქნება ე.წ „სტარტ აფი“ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველას, ვინც ახალი საწარმოს დაფუძნებას გადაწყვეტს.







