“ბოლო პერიოდში საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს იწვევს მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა ხელფასების საკითხი. იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა, მე და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა არაუგვიანეს 31 ივნისისა უნდა წარმოვადგინოთ ხელფასების და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპებზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურა”, – განაცხადა ნინო კობახიძემ.
ეკატერინე ქარდავას თქმით, კონცეფცია დაეფუძნება კვლევას, რომელიც შეისწავლის ევროპული ქვეყნების მაგალითებს ამ კუთხით.
“ეს კონცეფცია 31 ივნისამდე მზად იქნება და წარედგინება პრემიერსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს განხილვისთვის, რის შემდეგაც გადაეგზავნება პარლამენტს დასამტკიცებლად”.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა პრემიერ-მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მინისტრის ხელფასი სახელფასო დანამატიანად თვეში 7875 ლარია, ხოლო წელიწადში- 94 500 ლარი. თუმცა, ამ დანამატების გარდა, თანამდებობის პირები დამატებით იღებენ თანხებს პრემიების სახით.
სასჯელაღსრულების სისტემაში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნება მხოლოდ ერთ თვეში აიღეს პრემიის სახით 18-დან 39 ათას ლარამდე თანხები.
თანამდებობის პირების ხელფასებისა და პრემიების თაობაზე პერიოდულად ავრცელებს მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). იმ სამინისტროების მონაცემებით, რომლებმაც სრულყოფილად მიაწოდეს ინფორმაცია IDFI-ის, ირკვევა, რომ 2013 წლის მარტის თვის შემდეგ მინისტრებს პრემიები არ აუღიათ, თუმცა ისინი იღებენ სხვადასხვას სახის სახელფასო დანამატებს.
მაგალითად, როგორც ირკვევა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რამდენიმე სახის სახელფასო დანამატს იღებს და, ჯამში, მისი ანაზღაურება თვეში 10 530 ლარს, წელიწადში კი 126 360 ლარს შეადგენს.
IDFI-ის ცნობით, გასულ წელს მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 50 885 ლარის მოცულობის სახელფასო დანამატი მიიღო, გურამ ოდიშარიამ – 50 045 ლარი და ა.შ.