2014 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე მსხვილ შემსყიდველთა შორის მეორე ადგილზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა. ამ კომპანიის 100-პროცენტი წილის მფლობელი თბილისის მერიაა. გასული წლის მონაცემებით, კომპანია კონტრაქტების ღირებულების საერთო ჯამის მიხედვით (12 მილიონი ლარი) მე-15 ადგილს იკავებს.
წელს 8 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. შესაბამისად, ის ყველაზე მსხვილ შემსყიდველ უწყებებს შორის მესამე ადგილზეა. გასულ წელს თავდაცვის უწყებამ 26 მილიონი ლარის შესყიდვა განახორციელა. შარშანდელი მონაცემებით, ის მსხვილ შემსყიდველებს შორის მეშვიდე ადგილზე იყო.
კონტრაქტების ღირებულების მიხედვით, ყველაზე მსხვილ შემსყიდველებში თავდაცვის სამინისტროს შემდეგ ქუთაისის მერია მოდის. ქუთაისის მერიამ 2014 წლის იანვრიდან დღემდე 7 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების შესყიდვა განახორციელა. ქუთაისის მერია გასულ წელს რიგით მერვე, ყველაზე მსხვილი შემსყიდველი იყო, კონტრაქტების საერთო ფასი – 18 მილიონზე მეტი ლარია.
ყველაზე მსხვილ შემსყიდველთა შორის თბილისის მერია გასულ წელსაც პირველი იყო. 2013 წლის მონაცემებით, მან სულ 121 253 111 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა. მათ შორის თითქმის 57 მილიონი ლარი სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდა, ექვს მილიონამდე ლარი – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ მომსახურებას, სამ მილიონზე მეტი ლარი კი, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე დაიხარჯა. ავტომანქანების შესყიდვის მიზნით გასულ წელს თბილისის მერიას 4 მილიონზე მეტი ლარი აქვს დახარჯული.
2012 წლის მონაცემებით, ყველაზე მსხვილ შემსყიდველთა შორის თბილისის მერიას ერთი ნაბიჯით უსწრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ამ უწყებამ 2012 წელს 135 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, თბილისის მერიის კონტრაქტების ღირებულება მთლიანობაში 111 მილიონზე მეტი ლარია.
გასული წლის მონაცემებით, თბილისის მერიის შემდეგ მეორე ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოდის, ამ უწყების შესყიდვების ღირებულების ჯამმა გასულ წელს 110 მილიონი ლარი შეადგინა. 2012 წელს კი ეს უწყება საქართველოში ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს შორის პირველ ადგილზეა. უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვების ბიუჯეტი მთლიანობაში 135 მილიონი ლარია.
გასულ წელს მსხვილ შემსყიდველებში დაფიქსირდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოც. სააგენტო საქართველოს განათლების სამინისტროს სიპია. გასულ წელს სააგანტომ 39 მილიონი ლარის შესყიდვა განახორციელა.
გასული წლის მონაცემებით, მსხვილ შემსყიდველებს შორის მეოთხე ადგილზეა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. შესყიდვის ფასი 37 მილიონი ლარია.
მეხუთე ადგილზე საქართველოს შს სამინისტროა, ძალოვნების უწყებამ გასულ წელს 29 მილიონი ლარის შესყიდვა განახორციელა, აქედან 15 მილიონზე მეტი ლარი ავტომანქანების შესყიდვის მიზნით დახარჯა.
მეექვსე ადგილზე კი ბათუმის მერია მოდის. გასულ წელს ბათუმის მერიის შესყიდვების ჯამი 27 მილიონზე მეტი ლარია. 2012 წელს ბათუმის მერია მსხვილ შემსყიდველებს შორის მესამე ადგილზე ფიქსირდებოდა, მისი კონტრაქტების ღირებულების საერთო ჯამი კი გაცილებით მაღალი – 70 მილიონი ლარი იყო. ამ წელს ბათუმის მერიამ 50 მილიონზე მეტი ლარი სამშენებლო სამუშაოებზე, ხოლო სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვაზე სამ მილიონამდე ლარი მიმართა, 2012 წელს ბათუმის მერიამ 778 899 ლარის ღირებულების ავტომანქანები შეისყიდა.