პრემიერ–მინისტრი საქართველო–საფრანგეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა:
“ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ახალ, ფართო შესაძლებლობებს წარმოაჩენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ივნისში ხელმოწერით. მჯერა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში წარმოიშობა, ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები ბიზნეს საქმიანობისათვის, მას აქვს აგრეთვე განსაკუთრებული ადგილმდებარეობაც:”მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი ბაზარი შესაძლოა ერთი შეხედვით არ იყოს აღქმული მომგებიანად, სულ სხვა სურათს დავინახავთ, თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონალურ ცენტრს. სწორედ ამ ჭრილში ნათელია, რომ საქართველო წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ცენტრს, არამედ ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარ დამაკავშირებელსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, საქართველოში მყოფ ინვესტორებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შესანიშნავი ბიზნეს გარემო, ადგილმდებარეობა და წვდომა უკვე 900 მილიონიან ბაზარზე. ამის გარანტიაა პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა (GSP) რვა ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით DCFTA ევროკავშირის ქვეყნებთან და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი თურქეთთან და დსთ–ს ქვეყნებთან. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს შესანიშნავი ურთიერთობა ჩვენს ორ წარმატებულ მეზობელთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ და სტრატეგულად მნიშვნელოვან ენერგო და სატრანსპორტო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი და სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის “შაჰდენიზის გაზსადენი“- ის პროექტები. ეს პროექტები უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და რეგიონში სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობისათვის. ჩვენ ველით, რომ საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება შავ ზღვაზე ავაშენოთ ღრმა წყლის პორტი, რომელიც შეძლებს უკეთ მოემსახუროს საქართველოში სწრაფად მზარდ ბიზნესებს, როგორც გადამზიდავი და სასაწყობე მეურნეობის სექტორში, ისე ნებისმიერი სახის წარმოება/გადამუშავების მიმართულებით. ამ ყველაფრის შედეგად საქართველოში არსებულ კომპანიებს გარდა სხვადასხვა ბაზრებზე მარტივი წვდომისა უკვე აქვთ და მომავალშიც ექნებათ საშუალება ისარგებლონ სამი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორით, რომლითაც ხასიათდება ჩვენი სატრანზიტო დერეფანი: დაბალი ფასი გადაზიდვებისთვის, გადაზიდვის უფრო სწრაფი ვადები და უსაფრთხოება.”
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უპირატესობები შეაჯამა: “ჩვენ ინვესტორებს და ბიზნესს ვთავაზობთ: სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი, კონსერვატიული საბანკო სექტორით; ლიბერალურ საგადასახადო სისტემას დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებულ და მუდმივად მზარდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიცურ და კონკურეტულად განფასებულ სამუშაო ძალას. სწორედ ამ გზავნილების გაზიარება მსურდა დღეს თქვენთვის. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ფორუმი მოგცემთ საშუალებას უფრო ღრმა და ამომწურავი ინფორმაცია მოიპოვოთ საქართველოში ბიზნესის წამოწყების შესახებ.”
საქართველო–საფრანგეთის ბიზნესფორუმი თბილისში, “ექსპო–ჯორჯიას” საგამოფენო ცენტრში მიმდინარეობს.







