თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანია “ტრანსსისტემის” დირექტორმა ადვოკატებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ პორტში ჩატარებულ ყველა ტენდერს “ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის” ყაზახი დირექტორის, ტალგატ ბაიტაზიევის ახლობლების მიერ დაფუძნებული კომპანიები იგებენ და ხდება ქართული კომპანიების შევიწროება:
“2012 წლის ბოლოს დაინიშნა ტალგატ ბაიტაზიევი, რომელმაც დაიწყო ქართული კომპანიების შეზღუდვა და შევიწროება. პირველ რიგში, მან დაარტყა “ტრანსსისტემს”, რომელიც იყო ერთ–ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანია, რომელსაც ჰქონდა აწყობილი პრაქტიკულად გადაზიდვების სისტემა და აბსოლუტურად ყველა მხარე იყო კმაყოფილი. ჯერ ტალგატ ბაიტაზიევმა მოითხოვა ექსკლუზივის ამოღება კონტრაქტიდან და, ყველაზე მთავარი რაც არის, 2013 წელს მან დააფუძნა 3–4 კომპანია, რომელიც არის მისი ნათესავების და მასთან დაახლოებული პირების, რომელთაც არ აქვთ არანაირი ისტორია გადაზიდვების და არანაირი გამოცდილება და ყველა ტენდერი, რომელიც ჩატარდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ამ კომპანიებმა მოიგეს”, – აცხადებს კომპანია “ტრანსსისტემის” ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც “ტრანსსისტემი” ექსკლუზიური გადაზიდვების უფლებით აღარ სარგებლობს, კომპანიამ მილიონ დოლარზე მეტი ზარალი ნახა, რის ანაზღაურებასაც სასამართლოს ძალით მოითხოვს.
რაც შეეხება ნავსადგურში მომუშავე ახალ კომპანიებს, გაბუნია აცხადებს, რომ ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსაფუძვლოდ ჩააყენეს:
“შპს EMC 1, რომელიც რეგისტრირებულია 2013 წელს, კომპანიამ გაიმარჯვა ნავსადგურის მიერ გამოცხადებულ ყველა მნიშვნელოვან ტენდერში, მათ შორის ახალაშენებული ადმინისტრაციული შენობის სრულ რემონტში, რომელიც საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა.
მეორე კომპანიაა შპს GPMC group-ი, რომელიც ასევე რეგისტრირებულია 2013 წლის 20 ივნისს. 2013 წლის ივნის–ივლისში კომპანიას მიეცა ნავსადგურის საბაზისო ტარიფებიდან 20%–იანი ფასდაკლება გარანტიების და ვალდებულების გარეშე. მაშინ, როცა ჩვენ 20%–იანი ფასდაკლების სანაცვლოდ დეპოზიტზე გვთხოვდნენ 550 000 დოლარს.
მესამე კომპანია “ტრანს ლოჯისტიკი” ასევე რეგისტრირებულია 2013 წელს. მას მოგებული აქვს ნავთობტერმინალის ყველა მნიშვნელოვანი ტენდერი, მათ შორის რეზერვუარის შეკეთება, გაწმენდა და სამშენებლო ტენდერები”, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია. თუმცა “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რითი დასტურდება კომპანიების კავშირი ტალგატ ბაიტაზიევთან, გაბუნია აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაახმიანებს.
კომპანია “ტრანსსისტემის “ დირექტორი გელა ლაითაძე კი ამბობს, რომ გარდა “ტრანსსისტემისა”, ზარალი ნახა ნავსადგურმაც, სადაც ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია:
“თუკი 2014 წლის პირველ კვარტალს გადავხედავთ, გადაზიდვები შემცირებულია, ეს მოხდა იმის გამო, რომ არავის არ სურს არასტაბილური პორტი, ამის გამო ძალიან ბევრი ტვირთი წავიდა ფოთის პორტის მიმართულებით”, – ამბობს გელა ლაითაძე.
“ტრანსსისტემის” მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობენ ბათუმის ნავსადგურში. “ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა” და ტერმინალის აქტივების მმართველი ზურაბ შურღაია აცხადებს, რომ ტალგატ ბაიტაზიევს საქართველოში კომპანიები არ დაუფუძნებია:
“ტალგატ ბაიტაზიევს არავითარი კომპანია საქართველოში არ აქვს, ეს არის აბსოლუტურად არასწორი. ადრე, 2010 წლამდე, ყველა კომპანიას შეეძლო ბათუმის პორტში მოსულიყო და თავისი ინტერესი ენახათ და ემუშავათ. როცა “ტრანსსისტემა” მოვიდა – ეს ყველაფერი გაქრა. მთელი შემოსავალი, მთელი მოგება “ტრანსსისტემს” მიჰქონდა. დღეს ყველა კომპანიას, ვისაც უნდა, რომ ბათუმის პორტში იმუშაოს, ჩვენ მზად ვართ, რომ ერთნაირი პირობები შევუქმნათ. აქ იყო ერთი კომპანია [GPMC group-ი], რომელსაც დაახლოებით იგივე პირობები მიეცა, რაც “ტრანსსისტემს”[20%–იანი ფასდაკლება], მაგრამ იმის გამო, რომ ვერ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები, ამ კომპანიასაც ჩამოერთვა ეს პრივილეგიები. დღეს ყველა კომპანია არის თანაბარ პირობებში”, – აცხადებს ზურაბ შურღაია.
რაც შეეხება ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებლის შემცირებას, მისი თქმით, ამას “ტრანსსისტემთან” არანაირი კავშირი არ აქვს:
“თვითონ ფაქტს, რომ შემცირდა, დიახ, გიდასტურებთ, მაგრამ ამასთან არავითარი საერთო “ტრანსსისტემას” არ აქვს. დღესდღეობით საქართველოსთან მიმართებაში, ზოგადად კავკასიურ კორიდორში, საერთოდ შემცირდა ტვირთბრუნვა. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ, ამაზე საუბარი ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს, ეს გლობალური თემაა და აქ “ტრანსსისტემა” და ბათუმის პორტი არაფერ შუაში არ არიან. ამასთანავე, რეალური შემცირება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ თებერვალსა და მარტში და არა იანვარში, იანვარში სრულად იყო დატვირთული პორტი”, – ამბობს ზურაბ შურღაია. მისივე თქმით, ბათუმის პორტს “ტრანსსისტემთან” ხელშეკრულების გაწყვეტა არ დააზარალებს.
ზურაბ შურღაია ასევე აცხადებს, რომ “ტრანსისტემს” სურვილი აქვს, რომ ბათუმის პორტი გადაეცეს :
“გარკვეულ წრეებს აქვთ სურვილი, რომ ბათუმის პორტი გადავიდეს მათ მფლობელობაში, მათ შორისაა “ტრანსსისტემი”. მათ აქვთ ჩვენთან არაოფიციალურად შემოთავაზებული, მათ აქვთ სურვილი, რომ არენდაში გადავცეთ ბათუმის პორტი, ამას ემსახურება მათი ინტერესი. სანაცვლოდ გვთავაზობენ საარენდო გადასახადს, რომელსაც პორტი მიიღებდა, ეს ისე არ ხდება რომ წაგვართვან. ასეთი შემოთავაზება ოფიციალურად შეუძლიათ გააკეთონ. თუ კარგ პირობებს შემოსთავაზებენ, მაგრამ ამის გარანტია ჩვენ არ გვაქვს, რადგან არ ვიცით ვინ დგას ტრანსსისტემის უკან, არ ვიცით ვის სჭირდება ეს, ამიტომ ასეთ რისკს პირადად მე, ზურაბ შურღაია ვერ გავწევ. რაც შეეხება ყაზახურ კომპანიას მის სტრატეგიულ ინტერესში არ დევს ის, რომ ეს გაასხვისოს”
ზურაბ შურღაია ამბობს, რომ “ტრანსსისტემი” ახლა არ იმყოფება დაჩაგრულ მდგომარეობაში, ადრე კი სარგებლობდა პრივილეგიებით მისი ხელმძღვანელების გამო:
“2010–2011–ში და 2012 წლის არჩევნებამდე ვინ ხელმძღვანელობდა და ვინ აკეთებდა და ვის ქვეშ მუშაობდნენ, ეს თქვენ თვითონ განსაზღვრეთ”, – ამბობს შურღაია.
“ტრანსსისტემის” ადვოკატი დიმიტრი გაბუნია კი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, კომპანია იქნებოდა თუ არა დაკავშირებული კეზერაშვილთან, მთავარია, რომ “ტრანსსისტემი” კანონის ფარგლებში მოქმედებდა:
“კეზერაშვილის საქმე არის კეზერაშვილის საქმე, შესაბამისად, მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, თუ დანაშაულებრივი ნიშნები არ არის და ბიუჯეტის მიმართ არ არის თანხები დამალული და ბოროტად არ არის უფლებამოსილება გამოყენებული. თუ ასეთ განცხადებას გააკეთებს მეორე მხარე და ალბათ გააკეთებს, მე აუცილებლად და დაუყოვნებლივ მოვითხოვ მაგათგან დააკონკრეტონ, თუ რაში გამოიხატებოდა კონკრეტული სამართალდარღვევა დავით კეზერაშვილის კომპანიის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობით აგებენ პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა გაბუნიამ.





