ეკონომიკა

ძველი ბიზნესი და ახალი მთავრობა

15 აპრილი, 2014 • • 3683
ძველი ბიზნესი და ახალი მთავრობა

40-სართულიანი სასტუმრო თუ მითი

 

კომპანია “აქთივ ბათუმმა”, რომელიც ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობას ფლობს და იქ მრავალსართულიან კომპლექსს აშენებს, შესაძლოა ერთ-ერთი დიდი პროექტი ვერ განახორციელოს. ბათუმში, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე სკვერში, რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში, “აქთივ ბათუმს” 40-სართულიანი სასტუმრო და გასართობი ცენტრი უნდა აეშენებინა. კომპანია ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან (ანუ, 2010 წლის 30 მარტიდან) 24 თვის ვადაში მოეპოვებინა მშენებლობის ნებართვა.

 

ბათუმის მერიის არქიტექტურისა და დაგეგმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მიღების მოთხოვნით კომპანიას მათთვის არ მიუმართავს.

 

მამუკა ზაქარაძე, “აქთივ ბათუმის” მენეჯერი: „პროექტის სიდიდიდან გამომდინარე ჯერ კიდევ საპროექტო დოკუმენტაციაზე ვმუშაობთ. რიგი პრობლემები იყო და ამიტომ ეს განხილვის პროცესშია. ჯერჯერობით ნებართვა არ გვაქვს აღებული“.

 

ბულვარის მიმდებარედ 7007 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2010 წლის მაისიდან „აქთივ ბათუმის“ საკუთრებაშია. ხელშეკრულებით, აქ სასტუმრო და გასართობი ცენტრი კომპანიას მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 60 თვის ვადაში უნდა აეშენებინა. მამუკა ზაქარაძის თქმით, მშენებლობა იგეგმება, „უბრალოდ არის საკითხები, რომლებიც უნდა გავიაროთ – სართულებთან, სიმაღლეებთან, ინვესტირებასთან დაკავშირებით და რაღაც ცვლილებებიც შესაძლებელია იყოს. აი, ამ სტადიაზე ვართ“.

 

ფაქტობრივად, „აქთივ ბათუმს“ აღებული ვალდებულების შესრულებისთვის ვადა 2017 წლამდე აქვს. იმის გამო, რომ მშენებლობა არ დაწყებულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დღეს კომპანიას ვადების დარღვევის გამო ედავება.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს გადახდის საფუძვლის დადგენის მიზნით მიმდინარეობს. კომპანიამ სამინისტროს რამდენჯერმე მშენებლობის ვადის გაგრძელების თხოვნითაც მიმართა, თუმცა სამინისტროში გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საბოლოო პასუხს აჭარის მთავრობა იტყვის. პრობლემა ერთ თვეში უნდა გადაწყდეს.

 

„ჩვენ რეალურად უნდა დაგვესრულებინა ორ წელიწადში საპროექტო სამუშაოები და დაგვეწყო მშენებლობა. ეს ვადები გადაცდა და პირგასამტეხლოები, რასაც ჩვენსა და სამინისტროს შორის ხელშეკრულება ითვალისწინებს, ავტომატურად ამოქმედდა. ამიტომ ეს საქმის წარმოება ფაქტობრივად ფორმალობაა. პარალელურ რეჟიმში ამაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება. მეტს ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ამ ყველაფერზე ჯერ პროცესში ვართ“, – ამბობს მამუკა ზაქარაძე.

 

მისივე თქმით, საქმე ხელშეკრულების მოშლამდე არ უნდა მივიდეს, „მსგავსი რამ დღის წესრიგში არ დგას, ვინიდან ამ ადგილზე კომპანია მშენებლობის განხორციელებას აუცილებლად გეგმავს“. “ბათუმელების” ინფორმაციით კი, რომელიც ოფიციალური პირის არაოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, შესაბამისი სამსახურები “აქთივ ბათუმისთვის” ნებართვის გაცემას თითქმის გამორიცხავენ.

 

“აქთივ ბათუმი” და „ბათუმი პეტროლიუმი“

 

ზემოაღნიშნული ნაკვეთი – რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში – აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ 2010 წლის 30 მარტს დაფუძნებულ კომპანია “აქთივ ბათუმს”, დაფუძნების დღესვე, შეღავათიან ფასად მიჰყიდა – 1 კვადრატული მეტრი 70 ამერიკულ დოლარად. მთავრობას ეს ნაკვეთი მაშინ 2 207 205 ლარად ჰქონდა შეფასებული. “აქთივ ბათუმს” კი 500 000 დოლარად გადასცეს.

 

ლევან ვარშალომიძის ბრძანებითვე ამავე კომპანიას, პირდაპირი მიყიდვის წესით, 6 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული ფოსტის შენობა 2,5 მილიონ დოლარად მიყიდეს. ორივე პროექტის განხორციელებაში კი “აქთივ ბათუმს” 30 მილიონ დოლარზე მეტი უნდა დაეხარჯა.

 

“აქთივ ბათუმის” დამფუძნებელი და პარტნიორია ლიხტენშტეინში, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება “ირადა”. წარმომადგენელი და „აქთივ ბათუმის“ დირექტორი კი – თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ აქთაში.

 

2010 წლის 25 აგვისტოს ბათუმში კიდევ ერთი კომპანია – შპს „ბათუმი პეტროლიუმი“ დარეგისტრიდა, რომლის დირექტორიც ასევე მეჰმეთ აქთაშია, დამფუძნებელი კი – „ირადა“.

 

„აქთივ ბათუმისა“ და „ბათუმი პეტროლიუმის“ იურიდიულ მისამართად დარეგისტრირების დროს მითითებულია კონსტანტინე გამსახურდიას 17, ბ 1, რომელიც ამირან დარჩიძის საკუთრებაა. ამირან დარჩიძე კი ბათუმში სასტუმრო „ერა პალასის“ მფლობელია.
„ბათუმი პეტროლიუმმა“ დაარსებიდან ექვს დღეში, 2010 წლის პირველ სექტემბერს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (ბნქ) ქონების ნაწილი აუქციონზე 15 მილიონ დოლარად ყოველგვარი პირობის გარეშე შეიძინა (30 ჰექტარი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 47-მდე სანავთობე რეზერვუარი, თავისი ესტაკადითა და დამხმარე ნაგებობებით).

 

მანამდე, 2007 წელს, ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელებთან ქარხნის ქონების 27 მილიონ დოლარად გაყიდვის ხელშეკრულება სახელმწიფომ მოშალა. ზემოაღნიშნული აუქციონის შედეგით კი ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღდგენის იდეა ვერ განხორციელდა.


2011 წლიდან კომპანიების – „აქთივ ბათუმისა“ და „ბათუმი პეტროლიუმის“ იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა – თამარის დასახლება ბნქ-ს ტერიტორია. “აქთივ ბათუმის” კომპანიონები, ძირითადად, “world of princess”-ის სასტუმროებისა და კაზინოების ქსელის მეპატრონეები არიან.

 

რა პერიოდში დაიწყებს და დაასრულებს ახალი 40-სართულიანი სასტუმროსა და გასართობი ცენტრის მშენებლობას კომპანია, სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მამუკა ზაქარაძე ამბობს, რომ პასუხი არ აქვს:

 

„იმიტომ ვერ გიპასუხებთ, რომ ჯერ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. როცა პროექტი დასრულდება, შემდეგ შეიძლება ზუსტ ვადებზე საუბარი“.

 

რაც შეეხება „ბათუმი პეტროლიუმს“, მამუკა ზაქარაძის ინფორმაციით, „ბათუმი პეტროლიუმი“ არ ამოქმედებულა: „ჯერჯერობით პროფილურ ამუშავებაზე არც არის საუბარი, სწორედ მისი პროფილიდან გამომდინარე არსებული სირთულეების გამო. ამ კუთხით ბევრ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. თუმცა, ის კადრი, რაც ტერმინალის ამუშავებისთვის იყო აუცილებელი, ტერმინალის გაჩერების მიუხედავად დასაქმებულია საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებაზე. დაცვის ჩათვლით, 55-60 კაცი გვყავს დასაქმებული“. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, არც ქონების გაქირავება-გასხვისებაზეა საუბარი.

 

„რვაფეხა“ „ჰილტონიდან“ ზღვამდე

 

 


რუსთაველის ქუჩაზე უნივერსიტეტის გვერდით სასტუმრო „ჰილტონსა“ და საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია „ტურინვესტი“ აშენებს. ამ კომპანიის სახელზე 2009 წელს გაცემულ მშენებლობის ნებართვაში, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა და ახალი მშენებლობის ნებართვაც გაიცა. ახალი ნებართვის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდეა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიას ზღვის მხარეს გარკვეული ტერიტორიის ათვისებაც სურს. თუმცა, მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ ეს ადგილი ბულვარის ტერიტორიაა და იქვეა ყოფილი კაფე „რვაფეხა“.

 

„ტურინვესტის“ მესვეურები „რვაფეხას“ სხვა ადგილზე გადატანის პირობას იძლევიან, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არც ამ საკითხზეა მიღებული. „რვაფეხა“ დღეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ბიძინა აფხაზავას განცხადებით, „ძველი ბულვარის“, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვარი „რვაფეხასთნ“ მისვლამდე მთავრდება, თუმცა „რვაფეხა“ დგას ძეგლის დაცვის ზონაში, ამიტომ ნებისმიერი მშენებლობა ამ ტერიტორიაზე სააგენტოს თანხმობას საჭიროებს.

 

ბიძინა აფხაზავას თქმით, არც „რვაფეხასთან“ და არც რაიმე ახალი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით სააგენტოსთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს. ამასთან, სააგენტო ამზადებს დოკუმენტაციას „რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარების მიზნით.

 

ემზარ ბასილაიას „ტურინვესტი“

 

თავად კომპანია „ტურინვესტი“ 2005 წელს დარეგისტრირდა და მისი ერთპიროვნული მფლობელი იყო ემზარ ბასილაია.
2008 წლის 10 მარტს ემზარ ბასილაია „ტურინვესტის“ 100-პროცენტიან წილს სრულად ასხვისებს (დოკუმენტების მიხედვით 3 202 000 ევროდ) კომპანია „დი ელ ჯი სექურითის ლიმიტედი“-ზე, რომელიც რეგისტრირებულია კვიპროსის რესპუბლიკაში. შედეგად, ბასილაია გამოდის პარტნიორთა რიგებიდან და კომპანიის დირექტორად ინიშნება კაიზერ ქასრაძე.

 

სხვათაშორის, ემზარ ბასილაიას 2009 წელს ის შენობა და მიწაც მიყიდეს, სადაც დღეს შპს „გზა“ კომპანია „GEORGIA INN“-ის დაკვეთით რკინიგზის სადგურს და ბიზნესცენტრს აშენებს. „გზას“ ერთპიროვნული მფლობელი გიორგი ჭყონია კი „GEORGIA INN“-ის საწესდებო კაპიტალის 45 პროცენტს ფლობს. ამ კომპანიის წილის 50 პროცენტის მფლობელი ადრე ბასილაიაც იყო. ემზარ ბასილაიამ სადგურის მშენებლობის პირობა არ შეასრულა. 2010 წელს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით ბასილაია „GEORGIA INN“-ით ჩაანაცვლეს, თუმცა, სადგურის მშენებლობა მაინც არ დაწყებულა.

 

მშენებლობა დაიწყო გასულ წელს. აჭარის მთავრობის მიმდინარე წლის 4 აპრილის განკარგულებით კი „GEORGIA INN“-ი გათავისუფლდა საპრივატიზაციო პირობების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგან, ოღონდ იმ პირობით, თუ 2014 წლის 9 ოქტომბრამდე ექსპლუატაციაში შეიყვანს შენობას და მის ნაწილში მოაწყობს სარკინიგზო სადგურის დარბაზს.

 

რაც შეეხება „ტურინვესტს“ – 2010 წლის იანვრიდან ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს უკვე შპს „HESTOK LIMITED“ (დიდი ბრიტანეთი) ფლობს. 2012 წლისთვის კი „ტურინვესტის“ საწესდებო კაპიტალმა 54 მილიონ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის 13 მარტს „HESTOK LIMITED“-მა „ტურინვესტის“ წილის 20 პროცენტი მიყიდა ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „ORIX INVESTORS CORD”-ს.

 

„ტურინვესტს“ (ფაქტობრივად „HESTOK LIMITED“-სა) და „ORIX INVESTORS CORD”-ს ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N40-ში საკუთრებაში აქვთ 8843 კვ/მ მიწის ნაკვეთი და 59295,45 კვ/მ მშენებარე საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი