ეკონომიკა

კომპანია “კალანდამ” საქმიანობა ღორის ჭირის გამო შეაჩერა

15 აპრილი, 2014 •
კომპანია “კალანდამ” საქმიანობა ღორის ჭირის გამო შეაჩერა

“კლასიკური ჭირის გავრცელების შედეგად ღორი გაწყდა. რაც არ გაწყდა, ჩვენ გავწყვიტეთ. ამ დაავადების შედეგად 10 ათასი ღორი დაეცა. ამის პრევენცია, სამწუხაროდ, ბოლომდე არ იყო შესაძლებელი. ახლა კომპანიაში მიმდინარეობს სადიზენფექციო სამუშაოები. ეს არის სტანდარტით გათვალისწინებული პრევენცია. 2015 წლის 1 იანვრიდან ვგეგმავთ ინვესტირებას და ღორების ახალ პარტიას შემოვიყვანთ.”

 

მეღორეობის ფერმა “კალანდას” თანადაფინანსებაში საპარტნიორო ფონდმაც მიიღო მონაწილეობა. თუმცა ანრი ბაციკაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საპარტნიორო ფონდი ამ პროექტიდან სამი თვის წინ გავიდა: 

 

“საპარტნიორო ფონდი ამ პროექტიდან გავიდა. მას თანხა გავუსტუმრეთ. ახლა “საქართველოს ბანკის” კრედიტორები ვართ. კომპანიას არ ემუქრება გაკოტრება. მოძიებულია დაფინანასების წყარო პრობლემის ლიკვიდაციისთვის. ჩვენ თვითონ განვახორციელებთ ინვესტირებას, რომელიც დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება. ამ თანხით გავაკეთებთ სასაკლაოსაც. რადგან ერთ-ერთი ვარაუდით, საიდანაც “კლასიკური ჭირი”  შესაძლოა გავრცელებულიყო, სასაკლაოა.”   

კომპანია „გეო აგროს” შვილობილი კომპანიის, შპს „კალანდას” მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელება 2011 წლის ბოლოს დაიწყო და მისმა სრულმა საინვესტიციო ღირებულებამ 10 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საპარტნიორო ფონდი 2,5 მილიონი დოლარით თანამონაწილეობს. 

 

საკუთრივ კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2012 წლის ივნისში. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს საპარტნიორო ფონდმა, „საქართველოს ბანკმა” და კერძო ინვესტორებმა.

მეღორეობის ფერმის საწარმოო კომპლექსის პროექტირება და ტექნოლოგიური აღჭურვილობის მოწოდება განხორციელდა გერმანული კომპანიის ,,Big Dutchman”-ის მიერ, რომელიც ერთ- ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობის კომპლექსების პროექტირებასა და მათ მაღალტექნოლოგიოურ უზრუნველყოფაში. გენეტიკა მოწოდებულია ბრიტანული კომპანია ACMC –ის მიერ, რომელიც ასევე ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე მაღალპროდუქტიული, სწრაფად მზარდი და მაღალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე სანაშენე ღორების წარმოებაში.

 

კომპანია „კალანდას” მეღორეობის ფერმა განლაგებულია თეთრიწყაროს რაიონის სოფ. კოდას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის საწარმოო ფართობი შეადგენს 13 ჰა-ს.

 

მეღორეობის ფერმის საწარმოო კომპლექსის პირველი ეტაპის სიმძლავრე შეადგენს 16000 ერთეულ დასაკლავ ღორს წელიწადში, 110 კგ ცოცხალ წონაზე. კომპლექსის მოიცავს 7 საწარმოო შენობას, ითვალისწინებს კომბინირებული საკვების ქარხნის მოწყობას და სასაკლაოს მშენებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი