ეკონომიკა

ბანკები აგროსესხების პორტფელს გაზრდიან

14 აპრილი, 2014 • • 1370
ბანკები აგროსესხების პორტფელს გაზრდიან

TBC Bank –ის უფროსი კორპორატიული ბანკირი ილია გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ  აგროკრედიტის პროექტის ფარგლებსი  TBC Group–ის მიერ ჯამში 2700-მდე სესხია გაცემული. პორტფელის ჯამური მოცულობა დაახლოებით შეადგენს 78 მილიონ ლარს.


“თიბისი ბანკი და კონსტანტა კოორდინირებულად მუშაობენ, გვაქვს ჩვენი მიზნობრივი ჯგუფები. სოფლის მეურნეობის მთლიანი დაკრედიტების დაახლოებით ნახევარი ამ პროექტის ფარგლებშია გაცემული. პრობლემური სესხები ფაქტობრივად არ გვაქვს. მსესხებლები უპრობლემოდ იხდიან თანხას.” 

 

TBC Bank –ის უფროსი კორპორატიული ბანკირის განცხადებით, კახეთი ყველაზე აქტიური რეგიონია დაკრედიტების კუთხით:

“დავაკრედიტეთ გადამამუშავებელი საწარმოები. ყველა კომპონენტში ვართ წარმოდგენილი და მეექვსე კომპონენტშიც კი სადაც სულ ორი სესხია გაცემული.ჯერჯერობით სააგენტო არჩევს საგრანტო პროექტებს და შეირჩევა აპლიკანტები, არის გარკვეული პროცესი, ამის შემდეგ ხდება ბანკებში განაცხადების შემოტანა სესხებზე. კომპანიას წარმოება უნდა ჰქონდეს მომგებიანი, რომ დავაფინანსოთ ბანკის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ.” 

 

ილია გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ 2014 წელს TBC Bank –ი აგროსექტორის დაკრედიტების კუთხით დიდ შედეგებს ელოდება: “ციფრებს ვერ დაგისახელებთ დაკრედიტება გაიზრდება აპრილის მდგომარეობით წლის ბოლომდე გაიზრდება ალბათ 15%-ით.”

 

აგროსექტორის დაკრედიტების კუთხით, ბაზარზე გააქტიურდა VTB Bank-ი. 

ბანკის მთავარი ბიზნეს კოორდინატორის შმაგი ბრეგაძის ინფორმაციით, ბანკი განსაკუთრებით აქტოურობს მეორე მესამე და მეხუთე კომპონენტში დაკრედიტებისას:


“ჩვენს მიერ სესხების გაცემა ხდება ისეთ მეურნეობებზე, როგორიცაა ფერმერული, ასევე გლეხური მეურნეობები, საკმაოდ აქტიური რეგიონები არის შეიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი იმერეთი. რაც შეეხება სექტორებს, ლიდერობს მეცხოველეობის დარგი, შემდეგ მოდის მეცხვარეობა, მარცვლეული კულტურები. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ლიდერობს სასათბურე მეურნეობები.”

 

შმაგი ბრეგაძე ამბობს, რომ “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში სესხების გაცემისას რისკები არსებობს:

“ყველა საბანკო კრედიტი დაკავშირებულია რისკებთან, განსაკუთრებით ამ სექტორში, რაც გარე ფაქტორებთანაა დაკავშირებული. ეს პროექტი საკმაოდ წარმატებულია და შეიძლება ითქვას, რომ VTB Bank-ში გადაცილებების ოდენობა მინიმუმზე დაბალია, ერთი ორი კლიენტია, რომელსაც პრობლემა შეექმნა და მალე აღმოფხვრის ამ პრობლეამს. აპრილის მდგომარეობით უკვე გაცემული გვაქვს 45 მილიონ ლარზე მეტი და მიმდინარე წლის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, დაკრედიტებამ შეადგინოს 55-60 მილიონი ლარი. თავდაპირველად ჩვენ გვოქნდა სტანდარტული სოფლის მეურნეობის სესხები, თუმცა ახლა შეიძლება ითქვას, რომ ის მთლიანი სოფლის მეურნეობის დაკრედიტების 80-90%-ს შეადგენს. წლის ბოლომდე ვაპირებთ ამ ტენდენციის გაგრძელებას, იქედან გამომდინარე, რომ სამინისტრო ამ პროექტის მიმართ სეიოზულადაა განწყობილი და ჩვენი ბანკიცა აქტიურად იქნება ჩართული.” 

 

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში 2013 წლის მარტიდან 318 მლნ ლარის მოცულობის 14 100 აგროკრედიტი გაიცა.

 

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის – 0%; უპროცენტო განვადება მოქმედებს 6-თვიან პერიოდზე, მაქსიმალური თანხა შეადგენს 5000 ლარს.

 

2. შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის – არაუმეტეს 8%-ის (საბრუნავი საშუალებების, მარაგებისა და ნაწილობრივ ძირითადი საშუალებების შესყიდვის დაფინანსება), სესხები გაიცემა 5000-დან 100 000 ლარამდე, საბრუნავი საშუალებებისთვის არაუმეტეს 18 თვით, ძირითადი საშუალებებისთვის არაუმეტეს 60 თვით. 

 

3. შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო – სამეურნეო საწარმოებისთვის არაუმეტეს 3%-ის  (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით) სესხის მინიმალური თანხა შეადგენს 30 000 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური 600 000 აშშ დოლარს და გაიცემა არაუმეტეს 84 თვით. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე და არ აღემატება 15%-ს, საიდანაც 12%-ს ფარავს სააგენტო. 

 

4. შეღავათიანი აგროლიზინგი – არაუმეტეს 3%-ის  (სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარება). კომპონენტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისთვის მხოლოდ მანქანა-დანადგარების დაფინანსებას. მაქსიმალური თანხა შეადგენს 600 000 აშშ დოლარს, ვადა 84 თვეს. საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 15%-ს, საიდანაც სააგენტო ფარავს 12%-ს. 

 

5. შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომელიც ითვალისწინებს  მეღვინეობა-მევენახეობის  სექტორისთვის შეღავათიან   სესხს  მხოლოდ ყურძნის შესასყიდად. ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადა შეადგენს 15 თვეს, სესხის მოცულობა 10 მლნ ლარს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 15%-ს, საიდანაც 9%-ს ფარავს სააგენტო.

  

6. შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი  კომპანიებისათვის. სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 10 მლნ ლარს და გაიცემა მაქსიმუმ 4 თვით, საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია კრედიტის მოცულობაზე და არ აღემატება 15 %-ს, აქედან 9 %-ს ფარავს სააგენტო.  კომპონენტის მთლიანი ბიუჯეტი 30 000 000 ლარია.

 

7. შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის. აღნიშნული საწარმოები უნდა შეიქმნას ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რაიონებში. სესხის მაქსიმალური ვადაა 120 თვე, თანხა 500 000 აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო  განაკვეთი 14%, საიდანაც სააგენტო ფარავს 12%-ს.

    

მასალების გადაბეჭდვის წესი