ეკონომიკა

ვინ აშენებს რკინიგზის სადგურს ბათუმში

8 აპრილი, 2014 • • 3015
ვინ აშენებს რკინიგზის სადგურს ბათუმში

ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენებული ეს შენობა და მასზე მიმაგრებული 22 566 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2009 წელს ბიზნესმენმა ემზარ ბასილაიამ 2 მილიონ 40 ათას ლარად იმ პირობით შეისყიდა, რომ რკინიგზის სადგურის დარბაზს 48 თვეში მოაწყობდა. პირობა ვერ შესრულდა. მშენებლობა ცოტა ხნის წინ კომპანია “GEORGIA INN”-მა ემზარ ბასილაიას გარეშე განაახლა. “ბათუმელები” გასულ კვირას არკვევდა, ვინ არის ახალი რკინიგზის სადგურისა და ბიზნესცენტრის რეალური მესაკუთრე.

 

რატომ არ შეასრულა ემზარ ბასილაიამ 2009 წელს აღებული პირობა? – “ბათუმელების” ამ კითხვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პასუხის გაცემა არ მოისურვეს. შესაბამისად, იმის გარკვევაც შეუძლებელი აღმოჩნდა, ემზარ ბასილაიამ მის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფონზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით ან მასთან შეთანხმებით დაუტოვა 22 566 კვ/მ მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპიროზე, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, კომპანია “GEORGIA INN”-ს თუ ეს ისე მოიმოქმედა, რომ სამინისტროს არაფერი შეუთანხმა. არც ის არის ცნობილი, სამინისტრომ ვადების დარღვევისთვის დააჯარიმა კომპანია, თუ შეღავათები გაუწია. ამ ეტაპზე, ისიც არაოფიციალურად, “ბათუმელებმა” მხოლოდ იმის დადგენა მოახერხა, რომ გასულ კვირას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას მშენებლობის ვადა 2014 წლის სექტემბრამდე გაუგრძელა.

 

როგორც უკვე ვთქვით, ემზარ ბასილაიამ ზემოთ აღნიშნული ქონება 2009 წლის ნოემბერში შეისყიდა. 2010 წელს ემზარ ბასილაია კომპანია “GEORGIA INN”-ის 50%-იანი წილის მფლობელი ხდება. 2010 წელს დაფუძნებული “GEORGIA INN”-ის დანარჩენი 50%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი კი გიორგი ჭყონიაა. 2010 წელს ემზარ ბასილაია ყიდის თავის წილებს, შესაბამისად, “GEORGIA INN”-ის ერთ-ერთ მფლობელად გიორგი ჭყონია რჩება. სავარაუდოდ, მასვე რჩება რკინიგზის სადგურის მშენებლობის ვალდებულებაც, თუმცა მშენებლობა ამ ცვლილების შემდეგაც არ იწყება.

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, 2010 წლის მაისში შპს “GEORGIA INN”-ის ერთპიროვნული დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონია, 2010 წლის ივნისში კომპანიის წილის ნახევარს 50 ლარად უთმობს ემზარ ბასილაიას.
თავის მხრივ, ემზარ ბასილაია 2013 წლის ნოემბერში საკუთარ 50%-იან წილს (ნომინალური ღირებულებით 1 020 100 ლარი) ნასყიდობის გზით უთმობს ლევ ნანიკაშვილს (1 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტად ლარში).

 

2013 წლის 1 ნოემბერს კი ჭყონია და ნანიკაშვილი, ასევე ნასყიდობის გზით, თითოეული 51 005 ლარად, 5-5%-იან წილებს აჰარონ ჯანაშვილის სასარგებლოდ თმობენ. შესაბამისად, შპს “GEORGIA INN”-ის პარტნიორები 2013 წლის ნოემბრიდან არიან: გიორგი ჭყონია, 45% (969 095 ლარი საწესდებო კაპიტალში), ლევ ნანიკაშვილი, ბელგია, 45 % (969 095 ლარი) და აჰარონ ჯანაშვილი, ავსტრია, 10% (102 010 ლარი).

 

მშენებლობა მხოლოდ გასულ წელს განაახლა შპს “GEORGIA INN”-მა, რა თქმა უნდა, ემზარ ბასილაიას გარეშე. თავის მხრივ, ბათუმის რკინიგზის სადგურისა და ბიზნესცენტრის მშენებლობა “GEORGIA INN”-მა შპს “გზას” დაუკვეთა. ამ უკანასკნელის ერთპიროვნული მფლობელი კი გიორგი ჭყონიაა.

 

რამდენად რეალურია, რომ 2014 წლის სექტემბრისთვის “GEORGIA INN”-ი დაასრულებს ახალი რკინიგზის სადგურისა და ბიზნესცენტრის მშენებლობას? – ამ კითხვის დასმა “ბათუმელებმა” გიორგი ჭყონიასთან სცადა. მის ტელეფონს თავდაპირველად კომპანიის თანამშრომელმა უპასუხა (როგორც თავად თქვა). “ბათუმელების” მიზნის დაზუსტების შემდეგ იყო პასუხი – “დეტალებს გავარკვევ და ხუთ წუთში დამირეკეთ”.

 

ამ ტელეფონზე ზარს მთელი დღის განმავლობაში აღარ უპასუხეს. “GEORGIA INN”-ი თავისი საქმიანობით ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ შპს “გზას” ბექგრაუნდით თუ ვიმსჯელებთ, მას დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლის ბოლოს დაფუძნებული “გზა” სახელმწიფო დაკვეთებს 2010 წლიდან აქტიურად იღებს – უფრო ზუსტად კი დაფუძნებიდან 2013 წლის აგვისტომდე ბათუმის მერისგან 26 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა აქვს მიღებული. ამას ემატება ის თანხაც, რაც იმავე პერიოდში კომპანიას გამარტივებული შესყიდვის ფორმით დაკვეთილი სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ გადაუხადეს – ამ თანხამ 5 548 875
ლარი შეადგინა. შესყიდვის საგანი ბათუმის სხვადასხვა ტერიტორიაზე გზის მოწყობის სამუშაოები და მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა იყო.

 

ამავე კომპანიას დაუკვეთეს ბათუმში ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის სავალი ბილიკების სამშენებლო სამუშაოებიც. პროექტის საერთო ღირებულება – 7 348 029 ლარი იყო. შპს “გზამ” გასულ წელს ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიიღო ბათუმის მერიისგან თითქმის 7 მილიონამდე ლარის ღირებულების დაკვეთა.

 

გარდა ამისა, სამეწარმეო ამონაწერით ირკვევა, რომ ამ კომპანიამ 2010 წელს შპს “ავტომობილისტი” და შპს “სტარი” მიიერთა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია “გზას” აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ძმა ირაკლი ვარშალომიძე აკონტროლებდა. მართალია, ამ ინფორმაციას კომპანიასთან დაკავშირებული ოფიციალური პირები ყოველთვის უარყოფდნენ, მაგრამ კომპანიის ოფისში ირაკლი ვარშალომიძის სისტემატური მისვლა “ბათუმელებს” მრავალგზის აქვს დაფიქსირებული. 2010 წელს კომპანია “გზამ” 50 ათასი ლარი შესწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” – თვითმმართველობის არჩევნებზე.

ბათუმის რკინიგზის ახალი სადგურისა და ბიზნესცენტრის მშენებლობა
ბათუმის რკინიგზის ახალი სადგურისა და ბიზნესცენტრის მშენებლობა

 

როგორი იქნება ახალი რკინიგზის სადგური და ბიზნესცენტრი

 

“ჩვენ მოგვმართა შპს “გზამ”, პროექტი იყო საინტერესო, გვაწყობდა და მივეცით ნებართვა, თავდაპირველად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნებართვის მიღების იმედი არ ჰქონდა კომპანიას და მათი წარმომადგენელი ძალიან დამფრთხალი იყო, მაგრამ ჩვენ მოვიწონეთ პროექტი. სხვა დეტალებზე მე ინფორმაცია არ მაქვს”, – ამბობს ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი. თამარის დასახლებაში რკინიგზის სადგურის მშენებლობის განახლებულ პროექტს მან მოაწერა ხელი.

 

მშენებლობის გაგრძელებაზე ნებართვას ასევე ხელი მოაწერა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა. “GEORGIA INN”-მა რვა მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტის მენეჯერის ინფორმაციით, კომპანია ახალ ბიზნესცენტრში ორას კაცს დაასაქმებს. კომპლექსის პირველ სართულზე რკინიგზის სადგურს 1000 მ2 ფართობი დაეთმობა, სადაც განთავსდება რკინიგზის მომსახურების სერვისცენტრი ოფისებითა და სალაროებით. კეთილმოეწყობა მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი 150 მგზავრზე. კომპლექსში გათვალისწინებულია ასევე 15 საოფისე ფართობი სატრანსპორტო-სამგზავრო კომპანიებისთვის. მათ დაეთმობა პარკინგის ადგილიც და შესაძლებელი იქნება ერთდროულად 22 ავტობუსის გასვლა სადგურიდან. დღე-ღამის განმავლობაში კი შესაძლებელი იქნება 600 ავტობუსის გატარება.

 

რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტები, ჰიპერმარკეტი სექციებით: სურსათი, ტანსაცმელი და სხვა. სავალუტო პუნქტები, ბანკის ფილიალი, ბანკომატები, სწრაფი გადახდის აპარატები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ლომბარდები, ალკოჰოლური, გამაგრილებელი სასმელებისა და სამომხმარებლო საქონლის საბითუმო, მობილური ტელეფონებისა და აქსესუარების მაღაზია-შეკეთება, სხვადასხვა აქსესუარებისა და ბიჟუტერიის მაღაზია, სუვენირები, კაფეტერია, ლუდის ბარი, აფთიაქი, ჟურნალ-გაზეთებისა და საკანცელარიო მაღაზია, უძრავი ქონების სააგენტო, ტურისტული სააგენტო – ავიაბილეთები, სამგზავრო-სატრანსპორტო კომპანიების სალაროები, ავტოგაქირავება, ტოტალიზატორი, კაზინოები (ბათუმის ტერიტორიაზე კაზინოს გასახსნელად ლიცენზიის აღება 250 ათასი ლარი ღირს), საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონელი, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები, ტვირთის გადატანის მომსახურება, სასაწყობო ფართობები, ტაქსის მომსახურება და ხუთასადგილიანი ავტოპარკინგი – ამ ყველაფერს ახალი რკინიგზის სადგური და ამავდროულად ბიზნესცენტრი გააერთიანებს. ახალი რკინიგზის სადგური, მახინჯაურში არსებული უკვე მოქმედი სადგურის მსგავსად, შემინული იქნება.

 

რაც შეეხება ვადებს – ეს საკითხი “ბათუმელებმა” პროექტის მენეჯერთან, საშა ბაღათურიასთან დააზუსტა. ის ამბობს, რომ ახალი რკინიგზის სადგური და ამავდროულად ბიზნესცენტრი დათქმულ ვადაში – 2014 წლის ივლისში უნდა დასრულდეს: “ჩვენი კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს. შენობის დასრულებას ხელს არაფერი უშლის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი