ეკონომიკა

საქართველო ეძებს ნავთობს

3 აპრილი, 2014 • • 4051
საქართველო ეძებს ნავთობს

ახალი საბადოების აღმოსაჩენად ძებნა-ძიების სამუშაოები ტარდება, თუმცა შედარებით ნელი ტემპით. ამასთან, შავი ზღვის შელფის საბადოები შესწავლილი არ არის.

 

საქართველოს ტერიტორია 25 სალიცენზიო ფართობადაა დაყოფილი, სადაც ნავთობის მოპოვებისა და ძებნა- ძიების სამუშაოებს ინვესტორი კომპანიები ასრულებენ. 1996 წლიდან დღემდე ნავთობის მოპოვების ლიცენზია 18 კომპანიაზეა გაცემული. ქვეყანაში სულ 15 ნავთობის საბადოა აღმოჩენილი, რომლებზეც სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა ან ახლა მიმდინარეობს კომერციული მოპოვება. ამჟამად ნავთობს 14 საბადოზე მოიპოვებენ.

 

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, დამუშავებაში მყოფ საბადოებზე ნავთობის მარაგები 7.3 მლნ. ტონას შეადგენს, ხოლო პირობითი რესურსები – 51.4 მლნ. ტონას. პირობით რესურსებში მოიაზრება ახლად აღმოჩენილი საბადოები, რომელთა კომერციულობა ჯერ შეფასებული არ არის. ასევე ქვეყანას აქვს პერსპექტიული რესურსები, რომელიც ოპტიმალური შეფასებით 677.3 მლნ. ტონაა. აქ საუბარია ქვეყნის იმ პერსპექტიულ რესურსებზე (ზღვის ჩათვლით), სადაც კვლევებით გამოვლინდა, რომ შესაძლოა საბადოები იყოს, მაგრამ ჯერ ბურღვა არ განხორციელებულა.

 

„წლიურად აზერბაიჯანი დაახლოებით 45 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებს. ჩვენ მარაგი 7.3 მლნ. ტონაა. თუმცა ჩვენს დღევანდელ წლიურ მოპოვებასთან შედარებით ეს ბევრია. იმედია, კიდევ გაიზრდება მოპოვება. სამწუხაროდ, საბადოები, რომელზეც ახლა მიდის მოპოვება, ყველა საბჭოთა პერიოდშია აღმოჩენილი. საბადოები დაბერებულია. იოლად მოსაპოვებელი ნავთობი უკვე მოპოვებულია. ახლა ძნელად მოსაპოვებელი ნავთობია დარჩენილი, რომელსაც უფრო დახვეწილი და ძვირადღირებული ტექნოლოგიების გამოყენება სჭირდება. მსგავსი ტექნოლოგიები ბოლო წლებში გამოიყენება საქართველოში, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ეს ტექნოლოგიები ამ საბადოებზე მკვეთრად შეცვლიან ვითარებას. მაგრამ ძველი საბადოებიდან მოპოვებული ნავთობის რაოდენობა წლიურად ვერ გადააჭარბებს რამდენიმე ასეულ ათას ტონას. ძველ საბადოებს მეტი პოტენციალი არ აქვთ, თავდაპირველად ძველი ჭაბურღილები დღეში იძლეოდა 300- 400 ტონა ნავთობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ნავთობის ხელშეკრულების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი სოსო ღუდუშაური.

 

იმისათვის, რომ ქვეყანაში ნავთობმოპოვება გაიზარდოს, საჭიროა ახალი საბადოები. ბოლო წლებში საქართველოში სულ ორი საბადოა აღმოჩენილი, ორივე თბილისთან ახლოს: ერთი ნორიო-მარტყოფის მონაკვეთზე და მეორე – მანავში. თუმცა მათი კომერციულობა ჯერჯერობით შეფასებული არ არის. დამატებითი სამუშაოების ჩატარება უახლოეს 1-2 წელიწადში იგეგმება.

 

როგორც „ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ აცხადებენ, ახალი საბადოების ძებნა-ძიებითი სამუშაოები ამჟამად მთელ რიგ სალიცენზიო ბლოკებზე მიმდინარეობს. ზოგ ტერიტორიაზე დასრულებულია საველე სეისმო-საძიებო სამუშაოები და მიღებულ პირველად მასალას ამუშავებენ. მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარება ზოგიერთ სალიცენზიო ბლოკზე წელსაა დაგეგმილი.

 

„ორ მოდიფიკაციაში – ორგანზომილებიანსა და სამგანზომილებიანში ტარდება სეისმოძიება. ორგანზომილებიანი ძიების დროს ერთ ხაზზე გაივლის კვლევები და ვარკვევთ ამ ხაზის გასწვრივ, სიღრმეში რა გეოლოგიური ვითარება გვაქვს; სამგანზომილებიანი გვაძლევს მოცულობით სურათს. ორგანზომილებიანი სეისმოძიების ერთი გრძივი კილომეტრი დაახლოებით 20-25 ათასი დოლარი ჯდება, ხოლო სამგანზომილებიანი სეისმოძიება იზომება კვადრატული კილომეტრებით და 1 კვ. კმ ფართობის ღირებულება 30-დან 50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. ანუ სეისმოძიება მილიონობით დოლართან არის დაკავშირებული“, – ამბობს სოსო ღუდუშაური.

 

შავი ზღვის ხუთი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო ნავთობს აღარ ეძებს შავ ზღვაში. მიზეზი ისევ სათანადო თანხის უქონლობაა.

 

„სამხრეთ, სამეგრელოს და აჭარის ტერიტორიაზე 2000-2008 წლებში ძებნა-ძიებითი სამუშაოები ჩაატარა ამერიკულმა ნავთობის კომპანია “ანა- დარკომ“. გამოვლენილია რამდენიმე პერსპექტიული სტრუქტურა, რომელთა ფარგლებში შეფასებული იქნა ასევე ნავთობის პერსპექტიული რესურსების რაოდენობა და მოინიშნა პირველი გასაბურღი ჭაბურღილების ადგილებიც. თუმცა ბურღვა ვერ განხორციელდა, ვინაიდან ასეთი სამუშაოების მაღალი ღირებულების და რისკების გამო “ანადარკომ” დამოუკიდებლად ეს ვერ გააკეთა, პარტნიორი კი იმ პერიოდში ვერ მონახა. ამასთან ლიცენზიის ვადაც დასრულდა და “ანადარკო” იძულებული შეიქმნა გასულიყო ქვეყნიდან. ამჟამად ეს სალიცენზიო ბლოკები სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ ტენდერზე გატანას ექვემდებარება. იმედი გვაქვს, ახლო მომავალში აქ შემოვა სათანადო გამოცდილებისა და შესაძლებლობის მქონე ნავთობკომპანია, რომელიც ბურღვით სამუშაოებს დაიწყებს საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ უბანზე,“ – აცხადებენ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“.

 

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მიმდებარე ნაწილი ნავთობის მოპოვების მხრივ პერსპექტიულია, ძებნა-ძიებითი სამუშაოები ვერ ხორციელდება კონფლიქტური ვითარების გამო.

 

კითხვაზე, რა მოგება რჩება საქართველოს მის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობიდან, ექსპერტი სოსო ღუდუშაური, პასუხობს:

 

„კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში, ქვეყანასთან დადებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება. შესაბამისად, მოპოვებული ნავთობი იყოფა. ერთი წილი მიდის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე, მეორე წილი იყოფა სახელმწიფოსა და ამ კომპანიას შორის სხვადასხვა პროპორციით. პროპორცია მუშაობს მანამ, სანამ კომპანია გაწეულ ხარჯებს მთლიანად არ ამოიღებს. როდესაც კომპანია მოპოვებული ნავთობით უკვე დახარჯულ თანხას აიღებს, პროპორცია სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ძალიან მკვეთრად იცვლება სახელმწიფოს სასარგებლოდ. დაახლოებით ასე, მოპოვებული ნავთობის 70-75% უკვე იქნება სახელმწიფოსი და 20-25% – კონტრაქტორი კომპანიის. ჩვენთან ეს კომპანიები არ არიან დიდი ხნის შემოსულები, ისინი იღებენ ნაწილ ნავთობს თავიანთი ხარჯების დასაფარავად. თუმცა სახელმწიფო აქედან მოგებას ნახულობს“.

 

ქართულ ნავთობს ადგილობრივ ბაზარზე წილი არ უკავია, რადგან ქვეყანა ნავთობპროდუქტებს (ბენზინი, დიზელი და სხვა) არ აწარმოებს, ანუ საქართველოში მოპოვებული ნედლი ნავთობი მთლიანად გადის ექსპორტზე.

 

„გადამუშავება მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ ეს ბიზნესი მცირე მოცულობის გადამამუშავებელ ქარხნებში მომგებიანი არ არის. ჩვენთან უკვე გადაიდგა ნაბიჯები საიმისოდ, რომ აშენდეს მცირე მოცულობის ქარხანა საქართველოში მოპოვებული ნავთობის მთლიანად გადამუშავებისთვის, იმ კონსტრუქციით, რომ თუ მოპოვება გაიზრდება, ამ ქარხნის სიმძლავრეების გაზრდა შესაძლებელი იყოს. ნავთობის მოპოვების გაზრდით ქვეყანაში სახელმწიფოს წილი ამ მოპოვებული ნავთობიდან ძალიან სწრაფად გაიზრდება. დღეის მონაცემებით ერთი ტონა ნავთობის ფასი 700 დოლარი გამოდის. 1 მილიონი ტონა ნავთობი რომ მოიპოვოს კომპანიამ და იქიდან სახელმწიფოს წილი იყოს 500 ათასი ტონა, უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მოგვცემს,“ – აცხადებს სოსო ღუდუშაური.

 

საქართველოში ნავთობის მოპოვება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და გასული საუკუნის 70-იან წლებამდე მიმდინარეობდა. წლიური მოპოვება, საშუალოდ, 20- 55 ათას ტონა იყო. მოგვიანებით მაღალდებიტიანი საბადოები აღმოაჩინეს თბილისისპირა რაიონებში (სამგორი-პატარძეული-ნინოწ- მინდა, სამგორის სამხრეთ თაღი, თელეთი) და წლიურმა მოპოვებამ – 3 მლნ. ტონას გადააჭარბა. დღეისათვის წლიური მოპოვება 50 ათას ტონას არ აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი