“გარდა იმისა, რომ სასამართლოს მიმართეს და ითხოვენ ოჯახების სიას, ჩვენთან კომპანიაში მუდმივად იმყოფება საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელი, ისინი არაფერს არ ამოწმებენ, უბრალოდ, კომპანიაში არიან. ღამე, როცა მივდივართ და სიგნალიზაციას ვრთავთ, კიბის უჯრედზე გადაინაცვლებენ და მთელი ღამე ოფისთან არიან”, – აცხადებს TV MR Georgia-ს დირექტორი ნინო გოგოლაძე.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი კი ამბობს, რომ სასამართლოში არსებული საქმე მხოლოდ საბუღალტრო დოკუმენტაციას ეხება:
“სასამართლოს მივმართეთ იმის გამო, რომ გადმოგვცენ საგადასახადო აუდიტის ფარგლებში მოთხოვნილი საბუღალტრო დოკუმენტაცია, კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ამის გამო ჩვენ საჯარიმო სანქციაც გამოვწერეთ კომპანიის ფინანსური დირექტორის სახელზე და სწორედ ეს დოკუმენტაცია წარვადგინეთ სასამართლოში. სიები მოთხოვნილი იყო ინვენტარიზაციის ფარგლებში, ზოგადად ამ სიას იმიტომ ვითხოვთ, ინვენტარიზაცია რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ, მაგრამ ეკონომიკურ დოკუმენტაციაში ეს სია არ შედის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხატია მოისწრაფიშვილმა. სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 1 აპრილს გამოაცხადებს.
ნინო გოგოლაძის თქმით, ბოლო შეთავაზება, რაც კომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიაწოდა, იყო ის, რომ გადასცემდნენ იმ ოჯახების სიის 10%–ს, სადაც ფიფლმეტრებია დამონტაჟებული, თუმცა შემოსავლების სამსახურმა ამაზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ისინი ყველანაირად შეეცდებიან მიაღწიონ იმას, რომ სიის გადაცემა დაუყოვნებლივ არ გახდეს საჭირო:
“ჩვენ შევეცდებით დრო ვითხოვოთ, 5–6 თვე მაინც მოგვცენ, რომ ეტაპობრივად, სიის გადაცემასთან ერთად ეს ოჯახები ჩავანაცვლოთ”, – ამბობს ნინო გოგოლაძე. ის არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, იგეგმება თუ არა ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა, რომელიც ასევე ტელევიზიების რეიტინგებს გაზომავს:
“ჯანსაღი კონკურენციის ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ თუ სახელმწიფო შექმნის რაიმე კომპანიას, რომელსაც ექნება გაზომვაში რაღაც უპირატესობა, ჩვენ ვერ ვიქნებით თანაბარ პირობებში”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი.
TV MR Georgia–სთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის თაობაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ორგანიზებით დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ როგორც სარეკლამო კომპანიები, ასევე ტელევიზიების დირექტორები, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპქტორი.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპქტორის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მოსულან, ტელევიზიებიდან კი შეხვედრას “იმედის” წარმომადგენელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესწრებოდნენ.
ნიკა გვარამია ტელევიზიების რეიტინგების დამთვლელ კომპანიაში მიმდინარე შემოწმებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს:
“ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული პროცესი, რომლის ამოცანაც სიების ხელში ჩაგდება და შემდეგ რეიტინგების მანიპულაციისთვის გამოყენებაა. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქმედებებს “რუსთავი 2”–ის წინააღმდეგაა მიმართული, ადგილი აქვს, ერთი მხრივ, ბიზნესის დატერორებას და, მეორე მხრივ, სახელისუფლებო მედიების მხრიდან შეთქმულებას, რაც, საბოლოო ჯამში, “რუსთავი 2”–ის და TV MR GE–ს განადგურებას ისახავს მიზნად, შემდეგი ნაბიჯი კი სარეკლამო კომპანიებზე ზეწოლა იქნება”, – აცხადებს გვარამია. მისი თქმით, თუკი სასამარლომ შემოსავლების სამსახურის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს ნიშნავს იმას, რომ პოტენციურად მოისპობა იმის შანსი, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია არსებობდეს.
TV MR GE–ს მხარდაჭერა გამოუცხადეს შეხვედრაზე მოსულმა სარეკლამო კომპანიებმაც:
“როცა ხდება უხეში ჩარევა და არამართებული პროცესები, ეს მოქმედებს ჩვენზეც, ამიტომ მხარდაჭერას ვუცხადებთ კომპანიას”, – განაცხადეს შეხვედრაზე სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი განაცხადეს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებენ 4 აპრილს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
TV MR GE–ს დირექტორი, მათ ვისაც ეჭვი ეპარება კომპანიის კეთილსინდისიერ მუშაობაში, ნდობის ჯგუფების შექმნას სთავაზობს:
“მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ფიფლმეტრები რეალურად არ არის დაყენებული ოჯახებში, ან არ მუშაობს, მე გთავაზობთ შევქმნათ ნდობის ჯგუფები, რომელშიც შევლენ მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჩვენ შეგვიძლია ოჯახების 5%–ში მიგიყვანოთ, რათა განახორციელოთ შემოწმების ალტერნატიული პროცედურა”, – განაცხადა ნინო გოგოლაძემ. მისივე თქმით, ამ დროისთვის კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და დამკვეთებისთვის რეიტინგების მიწოდებას.