წლევანდელი ბიზნესფორუმის ძირითადი მიმართულება კომუნიკაციები და კომუნიკაციების სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას შეეხება. ფორუმში მონაწილეობენ კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ისეთი ცნობილი ისრაელური კომპანიები, როგორებიც არიან: Ness Technologies Ltd; Mobile Tornado Group; Plasan SasA Ltd; Audio Codes Ltd; Pine App Ltd; Top Image Systems Ltd; A.R.I. Flow Control ACCESSORIES Ltd; Top Impants Ltd; Solcon Industries Ltd.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა მისასალმებელი სიტყვით.
“სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ორ ერს შორის ისტორიული ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ამის დასტურია საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების ხელმოწერა.
“მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა საქართველო-ისრაელის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივაღწევთ შედეგს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ქართული პროდუქცია შეძლებს ისრაელში მომხმარებლების დაინტერესებას.
ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ არგუმენტებზე, თუ რატომ უნდა ჩადონ უცხოეულმა ბიზნესმენებმა ინვესტიციები საქართველოში:
“ინვესტორებს საქართველოში ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შესანიშნავი ადგილმდებარეობა და 900 მილიონიანი ბაზარი. ამის გარანტიაა შეღავათების ზოგადი სისტემა რვა ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა 2014 წლის სექტემბრიდან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და თურქეთთთან”.
ღარიბაშვილმა ისრაელელ ბიზნესმენებს განუცხადა, რომ ის იქნება საქართველოში სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს გარანტორი.
ფორუმში ასევე მონაწილეობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ფორუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც ისრაელურ კომპანიებს საშუალება ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელებისგან კითხვა-პასუხის ფორმატში მიიღონ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოზე, ხოლო ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ ისრაელის ტელესაკომუნიკაციო ინდუსტრიის შესახებ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნესჯგუფების წარმომადგენელთა პირისპირ შეხვედრები.
ისრაელ-საქართველოს მეორე ბიზნესფორუმი „GEORGIA GATWAY“ ორ დღეს გაგრძელდება.
დღესვე ფორუმის ფარგლებში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით დიალოგი გაიმართება თემაზე – ისრაელის ინვესტიციები ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, 2014 წელს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის საქმიანობა ძირითადად ორიენტირებული იქნება ტურიზმის ინდუსტრიაში ისრაელის ინვესტიციების მოზიდვაზე.
ბიზნესფორუმზე, რომლის სლოგანია „მოიძიე შენი პარტნიორი“, დაგეგმილია ისრაელიდან, იტალიიდან და თურქეთიდან მოწვეული დარგის სპეციალისტების მოხსენებები.
ბიზნესფორუმზე დაგეგმილია, აგრეთვე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია. ამიერიდან საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სავაჭრო პალატა ქართულ მხარესთან თანამშრომლობაზე ბიზნესწინადადებებს ვებგვერდის მეშვეობით ერთობლივად გამოაქვეყნებენ.