ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სააგენტოს ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწარმეობის და ექსპორტის განვითარებას როგორც ფინანსური, ასევე, სამეწარმეო უნარების განვითარების კუთხით.
“სააგენტო უზრუნველყოფს მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და ტექნიკური დახმარების გაწევას, მოამზადებს სამეწარმეო და საექსპორტო სფეროსთან დაკავშირებულ კვლევებს, განახორციელებს ექსპორტზე ორიენტირებული იურიდიული და ფიზიკური პირების და საწარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფას, ითანამშრომლებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახალ ბაზრებზე შეღწევის სტრატეგიას შეიმუშავებს. ბიზნესის განვითარების და ექსპორტის წახალისების, ასევე, ქართული საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყანაში სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
სამინისტროს ცნობით, სააგენტო ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.




