იურისტი დავით კლდიაშვილი განმარტავს, რომ კომერციული ბანკების ზოგიერთი პროდუქტი მიბმულია ე.წ. საჯარო ინდექსზე.
“საჯარო ინდექსი არის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული საპროცენტო განაკვეთი. კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კონკრეტული კრედიტის, გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია ამ განაკვეთს. იქვე არის მითითებული, რომ თუკი მოხდება ამ საჯარო ინდექსის ზრდა- ან შემცირება, ან გაზრდა- ეს ავტომატურად გამოიწვევს კლიენტის საპროცენტო განაკვეთის შეცვლას, შესაბამისად”, – აცხადებს დავით კლდიაშვილი.
მისივე განმარტებით, თუკი კონკრეტულ კლიენტს ასეთი ხელშეკრულებით აღებული ჰქონდა სესხი 8.75%-იანი საპროცენტო განაკვეთით, ამიერიდან მისი სესხის საპროცენტო განაკვეთი იქნება 9%.
როგორც იურისტი დავით კლდიაშვილი აცხადებს, ძირითადად, ასეთი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო იპოთეკურ სესხებზე ლარში.
“თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ნებისმიერი ლარში აღებული სესხი შეიძლება ყოფილიყო მიბმული ამ საჯარო ინდექსს. ბანკს უფლება აქვს გაზარდოს 0.25%-ით მხოლოდ ის სესხები, რომელთა ხელშეკრულებებშიც ცალსახად იყო მითითებული, რომ ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებული იყო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ საჯარო ინდექსზე.
ბანკს არა აქვს ვალდებულება შეატყობინოს კლიენტს, რომ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი და იგი უკვე გრაფიკის მიხედვით გაზრდილი განაკვეთით გადაიხდის”, – აცხადებს დავით კლდიაშვილი.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შემდეგი არგუმენტით ახსნა:
“ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის გამოცოცხლება შეინიშნება და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენცია 2014 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება. იანვრის თვის წინასწარი ინდიკატორები აღნიშნული ტენდეციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მნიშვნელოვნად შერბილებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობს და გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი იმ დაშვებით, რომ ზემოთ აღნიშნული ტენდეციები შენარჩუნდება შემდეგ პერიოდში. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.”
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2014 წლის 26 მარტს გაიმართება.







