ეკონომიკა

თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტები და ნაკლი

29 იანვარი, 2014 •
თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტები და ნაკლი

იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო სექტორი თბილსის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს იწუნებს, ქალაქის მთავრობას და საკრებულოს კონსესუსისაკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის ბიუჯეტზე მსჯელობა საკრებულომ უნდა დაიწყოს, რადგან დაფინანსების გარეშე რიგი სოციალური პროექტების განხორციელება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს.   

 

თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი ამბობს, რომ 2004 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ბიუჯეტის პორექტი ჩავარდა. 2001 და 2004 წლებში პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტი დაიწუნა, 2004 წელს კი თბილისის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო არ ამტკიცებს. 

 

თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ თუ ბიუჯეტის პროექტი არ დამტკიცდა, 1/12–ის ხარჯვის პირობებში, შეიძლება სოციალური პროექტების დაფინანსებას საფრთხე შეექმნას:

 

“შეიძლება ვერ განხორციელდეს შეღავათანი მგზავრობის დაფინანსება, რომლითაც დღეში 600 000 ადამიანი სარგებლობს. ასევე საფრთხის ქვეშაა ჯანდაცვის პროექტი. ამ დაფინანსების პირობებში დღეში 60–70 ადამინს ვეხმარებით, როცა სრული დაფინანასებით შესაძლებელია 100 ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენა. ასევე საფრთხის ქვეშ დადგება საბავშვო ბაღების დაფინანსების საკითხიც.”

 

პაპუნა პეტრიაშვილი ამბობს, რომ თბილსის 2014 წლის ბიუჯეტი სოცილურია და მას პოლიტიკურ ხედვებთან საერთო არაფერი აქვს.  

2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტები:


თბილისი 2014 წლის ბიუჯეტის ასიგნინებები 785 მლნ ლარია.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–აღდგენა 132 400 000 ლარი;

ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება 134 084 300 ლარი;

ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება 66 500 000 ლარი;

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 5 401 300 ლარი; 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარება 35 000 000 ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 172 522 200 ლარი;

განათლება 80 350 000 ლარი;

კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 52 433 500 ლარი;

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 23 189 000 ლარი;

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად სულ პრიორიტეტულ დაფინანსებაზე 701 880 300 ლარი დაიხარჯება. 

 

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის ნაკლი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სულხან სალაძე: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისების განვითარებზე 2014 წლის ბიუჯეტში 35 000 000 ლარია გათვალისწინებული. პროგრამის განმახორციელებელია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური, თუმცა ხელმძღვანელობა და განხორციელება თბილისის განვითარების ფონდს ევალება. როცა ვსაუბრობთ ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე, ეს ძალიან საინტერესო ტესტია, ვინაიდან  თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობა, ბოლო  წლების მაგალითს თუ ავიღებთ, 680 მილიონს აჭარბებს უკვე. დღემდე ვერ გავიგეთ, თითოეულ განხორციელებულ პროექტზე რამდენი ლარია დახარჯული. როგორ შეირჩა კომპანიები ფონდის მიერ. არასოდეს არ ყოფილა წარმოდგენილი ფონდის ანგარიშები. ეს რეალურად საკმაოდ ცუდი მაგალითია იმისთვის, თუ რამდენად გამჭვირვალე შეიძლება იყოს ბიუჯეტი.”

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო”, მიხეილ კუკავა: “თბილისის ბიუჯეტის მთავარ პრობლემად ისევ რჩება ის, რომ არ არის პროგრამული. თბილისის მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ 2013 წლიდან პროგრამულ ბიუჯეტზე გადავიდეს. უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ შედეგის ინდიკატორები არ იძლევა არაფრის გაზომვის საშუალებას. გაზომვა არ უნდა იყოს თვითმიზანი. 141 ქვეპროგრამიდან არის არაერთი ქვეპროგრამა, რომლის შუალედურ შედეგებსაც ვერ გავზომავთ. პროგრამული ბიუჯეტი რომ ჰქონოდა თბილისის მთავრობას, ფინანსთა სამინისტრო დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას თბილისის ტრანსფერის შეჩერების შესახებ ვერ მიიღებდა.”

 

ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კაკაურიძე:”პროგრამულ ბიუჯეტზე პასუხისმგებელი არის ფინანსთა სამინისტრო. ჩვენ ამ მიმრთულებით ვმუშაობთ და 2012 წელს პირველად დამტკიცდა ბიუჯეტი პროგრამული ფორმატით. ხარისხის გაუმჯობესება გვინდა და ვცდილობთ. ამ მიმრთულებით დიდი მოცემულობის სამუშაოებია განხორციელებული. 2013 წელს ევროკავშირის დახმარებით მოვიწვიეთ ექსპერტები. ვცდილობთ თითოეული პროგრამის ნაკლი და შედეგები განვიხილოთ. ინდიკატორები უნდა იყოს ისეთი, რომლითაც შუალედური შედეგის განსაზღვრაც იქნება შესაძლებელი. თუმცა ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება.ვერავინ ვერ დაასახელებს ისეთ ქვეყანას, სადაც ინდიკატორებს და შედეგებს დახვეწა არ სჭირდება. შესაძლებელია ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა დასახელდეს, ამ ქვეყნებს აქვთ ისეთი პროგრამული ბიუჯეტი, სადაც 90–95% შეესაბამება იმას, რაც უნდა იყოს პროგრამული ბიუჯეტი. დანარჩენ არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც არ საჭიროებს სრულყოფას. საქართველოში ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, დაგვჭირდება 5–6 წელი, რომ შედეგი მიღწეული იყოს.”

 

“ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია”, გიორგი ციმინტია:”მთავარი ადრესატი არის ფინანსთა სამინისტრო. ეს შენიშვნა ეხება ყველას, ცენტრალურს, თბილისის და თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტებს. თუ ჩვენ არ ვართ დღევანდელი პროგრამული ბიუჯეტებით კმაყოფილები, ამაზე არის სამუშაო. თუ გვაქვს კითხვები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, შეიძლება ბიუჯეტი შეესაბამება იმ ინსტრუქციებს, რაც გაცემულია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მაგრამ რამდენად ეფექტიანია? მოვითხოვთ, რომ ჩავერთოთ ბიუჯეტის დამუშავების პროცესში. გაგვაგებინეთ, რას აკეთებთ. ასეთ მოკლე დროში გვინდა ბიუჯეტის მიღება, მეთოდოლოგის ცვლილება და ყველაფრის გაწერა შეუძლებელია. პოლიტიკური  კონსულტაცია უნდა დასრულდეს ბიუჯეტზე და შემდეგ გაგრძელდეს ამაზე მუშაობა.”    

 

თბილისის ბიუჯეტი საკრებულოში 2013 წლის 15 ნოემბერს შევიდა. 25 ნოემბერს საკრებულომ ფინანსურ დოკუმენტს 14 შენიშვნა დაურთო და ქალაქის მთავრობას დაუბრუნა. 2013 წლის 10 დეკემბერს თბილსის ბიუჯეტი საკრებულოში მეორედ შევიდა. 24 დეკემბერს საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი არ დაამტკიცა. ბიუჯეტის დასამტკიცებლად 24 ხმაა საჭირო. მესამედ ბიუჯეტი საკრებულოში 2014 წლის 20 იანვარს შევიდა. ფინანსური დოკუმენტის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.


2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ შენიშვნებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებს 30 იანვარს გააცნობენ. სავარაუდოდ, ამის შემდეგ საკრებულო თბილისის ბიუჯეტის განხილვას დაიწყებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი