ეკონომიკა

კონკურსი 2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად

22 იანვარი, 2014 • • 814
კონკურსი 2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად

კონკურსი „2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“.

 

კონკურსის მიზანია იმ სასურსათო საწარმოების წახალისება, რომლებიც ასრულებენ სურსათის უვნებლობის, სტანდარტიზაციისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს.


კონკურსის ამოცანაა „2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ გამოვლენა. ეს წოდება მიენიჭება კონკურსში მონაწილე იმ საწარმოს, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სურსათის უვნებლობის, სტანდარტიზაციისა და ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.


განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებს,რომლებიც აწარმოებენ სურსათს, ან ვაჭრობენ სურსათით.


კონკურსის მონაწილეთა საწარმოო პროცესი და წარმოებული, ან რეალიზებული პროდუქცია უნდა პასუხობდეს საქართველოში მოქმედ უვნებლობის, სტანდარტიზაციისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსში მონაწილე საწარმოთა ინსპექტირებისა და მათი პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად.

 

ფონდი შეარჩევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, რომლებიც საწარმოთა ინსპექტირებას ჩაატარებენ (3 გაუფრთხილებელი ინსპექტირება წელიწადში), ხოლო აკრედიტებულ ლაბორატორიებში მოხდება ამ საწარმოთა მიერ გამოშვებული სურსათის შემოწმება (3 სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი წელიწადში).

 

ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგების მიხედვით ფონდი საუკეთესო საწარმოს გამოავლენს იმ საწარმოთა შორის, რომლებიც სურსათის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მუშაობენ.


კონკურსის გამარჯვებულს მიენიჭება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო „2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“. გამარჯვებულის შესახებ ინფორმაციას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საჯაროდ გაავრცელებს.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს ოფიციალური წერილით უნდა მიმართონ, რომელსაც ხელს მოაწერს წარმოების ხელმძღვანელი. წერილის წარდგენა შესაძლებელია ფონდის ოფისში, ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: lberdzuli@epfound.ge. ელექტრონული გზავნილის საგნის ველში მეწარმეებმა უნდა მიუთითონ კონკურსი „2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წ. 14 მარტი, 16:00 საათი. კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადება 2015 წ. მარტში იგეგმება.



მასალების გადაბეჭდვის წესი