ეკონომიკა

რატომ ვერ თანხმდება თბილისის ბიუჯეტზე მერია და საკრებულო

21 იანვარი, 2014 • • 1186
რატომ ვერ თანხმდება თბილისის ბიუჯეტზე მერია და საკრებულო

დედაქალაქის ბიუჯეტი ქალაქის მთავრობამ საკრებულოში განსახილველად 2014 წლის 20 იანვარს, 15:00 საათზე მეორედ შეიტანა, რადგან 2013 წლის 30 დეკემბერს პროექტი საკრებულომ ჩააგდო.

 

20 იანვარს, 16:30 საათზე თბილისის ანძის გარე განათება მერის მოვალეობის შემსრულებლის, სევდია უგრეხელიძის ბრძანების საფუძველზე გაითიშა. 18:00 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ თბილისის ანძის გათიშვის მიზეზი 2014 წლის ბიუჯეტი გახდა:

 

“ეს გამოწვეული არის ბიუჯეტის საკითხის გასააქტიურებლად. ეს იყო აქცია. თუ არ მოხდება ანძის რეაბილიტაცია, ის ნელ-ნელა ქრება. საკრებულოს რეაბილიტაციის თანხაზე აქვს პრეტენზია. თუ არ დამტკიცდა ბიუჯეტი, მერიის სხვა მომსახურებებიც ასე ჩაქრება.” 

 

იმავე საღამოს თბილისის ანძა საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ჩარევის და საქართველოს მთავრობის სპეციალური განცხადების შემდეგ ისევ განათდა. 

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, თბილისის გარე განათებაზე ბიუჯეტიდან ერთი თვის განმავლობაში 1,5 მლნ ლარი იხარჯება. ანძის განათებისთვის კი მხოლოდ 2 ათასი ლარია საჭირო. 

 

21 იანვარს “სინათლის ქალაქის” ხელმძღვანელი ნიკა ტოგონიძე ანძის გარე განათების გათიშვის გამო პროკურატურამ დაკითხა. თბილისის მთავრობა საკრებულოს ექვსმა ფრაქციამ საბოტაჟში დაადანაშაულა, უნდობლობა გამოუცხადა და მერიის მაღალჩინოსნების გადადგომა მოითხოვა.


გაჭრა თუ არა თბილისის ანძის გათიშვამ  და რა პერსპექტივა აქვს თბილისის ბიუჯეტის პროექტს დედაქალაქის საკრებულოში? 


“თუ ბიუჯეტი იქნება თბილისის ინტერესებზე მორგებული და სწორად შედგენილი, დავამტკიცებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტი ჩავარდება”, – ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, თუმცა, რა პრინციპულ საკითხზე ვერ თანხმდება საკრებულო თბილისის მერიასთან, ვერ აკონკრეტებს.  


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ვერ ისაუბრებს, რადგან ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში 20 იანვარს შევიდა:


“ის ბიუჯეტი, რაც არის დღეს წარმოდგენილი, თბილისის მთავრობამ 20 იანვარს შემოიტანა. განხილვა მიმდინარეობს. დააწერენ შესაბამის კომისიებს, დაიწყებენ მუშაობას, კომისიებმა უნდა დადონ დასკვნები და შემდეგ გადაწყდება, დამტკიცდება თუ არა ბიუჯეტი”. 


საკრებულოს ფრაქცია “დედაქალაქის” თავმჯდომარე კოკი იონათამაშვილი აცხადებს, რომ ქალაქის მთავრობამ პრაქტიკულად იგივე დოკუმენტი შემოიტანა, თუმცა, რას არ ეთანხმება პროექტში, ვერ აკონკრეტებს:


“785 მილიონიანია ბიუჯეტი. პირველ ვარიანტში იყო საეჭვო ციფრები, საერთოდ არ იყო 5 მილიონი ლარი არც ერთ დოკუმენტში გაწერილი, ხოლო 50 მილიონი ლარი იყო გაწერილი ნახევარ გვერდზე. ასეთ ბიუჯეტს არ მიიღებდა ქალაქის საკრებულო. ბიუჯეტი არის საფუძველი, თუ როგორ უნდა იმუშაოს ქალაქმა და მასში დეტალიზაცია მეტი უნდა იყოს.”

 

საკრებულოს ფრაქცია “დედაქალაქის” წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, მან თბილისის ბიუჯეტის პროექტი უკვე წაიკითხა:

 

“გავეცანი პროექტს, ეს არის დაახლოებით 200-გვერდიანი დოკუმენტი და გვაქვს შენიშვნები, რომელსაც გავუგზავნი მერიას. საკრებულომ უნდა დაიკავოს პრინციპული პოზიცია. მერიის გუნდთან ერთად დაჯდეს, გაიაროს 785-მილიონიანი ბიუჯეტი. საჭიროა ხედვები ჩამოაყალიბონ, თუ გვინდა, რომ ბიუჯეტი იქნას მიღებული და ფინანსური დოკუმენტი დასტაბილდეს. ნათურების ჩართვა-გამორთვის გამო ქალაქის მთავრობის გადაყენების მოთხოვნა არასერიოზულია.”


კაციტაძის განცხადებით, ის თბილისის მერიას ბიუჯეტის პროექტის შესახებ მომზადებულ შენიშვნებს ოპერატიულად მიაწვდის.  

 

ფრაქცია “ქართული ოცნება–თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ამბობს, რომ ანძის გათიშვით თბილისის მთავრობამ შეცდომა დაუშვა:


“თბილისის ბიუჯეტის განხილვის საკითხში მერიამ დაუშვა სერიოზული შეცდომა ანძის გათიშვასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ  მერია კვლავ დაუშვებს ანალოგიურ შეცდომებს, რაც საფრთხეს შეუქმნის დედაქალაქს და სრულიად საქართველოს. ვუერთდებით მოსაზრებას, რომ მოხდეს დედაქალაქის მთავრობის დათხოვნა. რაც შეეხება ბიუჯეტის განხილვას, ვფიქრობ, განხილვის პროცესში უნდა ჩერთოს ფართო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი. განხილვა უნდა იყოს ძალიან საჯარო, გამჭვირვალე”.


თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე 2014 წლის ბიუჯეტის განხილვაში ჩართვას აქტიურად გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკრებულომ ბიუჯეტი ისევ ჩააგდოს: 


“სამი თვის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტის დამტკიცებიდან თუ არ მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცება, ასეთ შემთხვევაში ფედერალურ ხელისუფლებას უფლება აქვს დაითხოვოს საკრებულო და ფედერალური მმართველობა შემოიღოს მერიაში. თბილისის მოსახლეობა ამ საფრთხის წინაშე რეალურად დგას. თუ ეს სცენარი განვითარდა და ბიუჯეტის ერთი მეთორმეტედით ხარჯვა გაგრძელდა, ახალი პროქტების დაფინანსება ვერ მოხდება და ქალაქის მთავრობა მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს.”

 

უგრეხელიძე მერიასა და საკრებულოს შორის არსებულ დაპირისპირებას ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს:

 

“ეს დაპირისპირება ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება. საკრებულოს წევრებს სურთ ჩაიგდონ ქალაქი ხელში არჩევნებამდე, რათა გააკონტროლონ ფინანსები. მათ ზურგს უმაგრებს პროკურატურა, შსს და ის მთავრობა, რომელიც  უსმენს შიხიაშვილს.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი